დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.11.2008
საქმის ნომერი
2კ-393აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

393აპ 10 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ც. ქ-სა და ლ. გ-ის დამცველის, ადვოკატ ი. ღ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ც. ქ., _ დაბადებული ....... წელს, საქართველოს მოქალაქე, ....... განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. სამტრედიაში, ...ქ.¹24-ში, და ლ. გ, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები სამტრედიის რაიონის სოფელ წ-ში, _ მსჯავრდებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მათ სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა _ თითოეულს 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, მათვე დამატებით სასჯელად შეეფარდათ ჯარიმა _ თითოეულს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 5 დეკემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ისინი გათავისუფლდნენ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

იმავე განაჩენით მსჯავრდებულნი არიან ასევე გ. პ-ი, ნ. თ. და ლ. ბ., რომლებსაც განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ.

განაჩენით ც. ქ-ს, ლ. გ-ს, ნ. პ-ლს, ნ. თ. და ლ. ბ-ს მსჯავრი დაედოთ ისეთ დანაშაულში, როგორიცაა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის (თამბაქოს ნაწარმის) აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2007 წლის 12 აპრილს, დილის საათებში, ხაშურის სადგურზე ყოფნისას, ნ. პ-ს დაუკავშირდნენ სამტრედიის რაიონიდან ჩამოსული ლ. გ., ნ. თ., ც. ქ. და ლ. ბ., რომლებმაც შესთავაზეს მას, რომ დახმარებოდა მათ სოფ. გომის მიმდებარე ტერიტორიიდან დაუდგენელი პირებისაგან რუსული წარმოების თამბაქოს ნაწარმის _ სიგარეტ „იავას“ შესყიდვაში, რომელიც არ იყო ქართული აქციზური მარკით ნიშანდებული და გადმოეზიდათ იგი ქ. ხაშურამდე მისი „ვაზ-2106“ მარკის, სახ. ¹....... ავტომანქანით.

ნ. პ-ი დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას და იმავე დღეს, დაახლოებით 6.30 საათზე, თავისი ავტომანქანით ოთხივე თანამზრახველი ჩაიყვანა ხაშურის რაიონის სოფელ გომის განაპირას, სადაც მათ დაუდგენელი პირებისაგან შეიძინეს 2190 კოლოფი რუსული წარმოების სიგარეტი „იავა“ ქართული აქციზური მარკის გარეშე. მათ სიგარეტები მოათავსეს ნ. პ-ს კუთვნილი ავტომანქანის სალონსა და საბარგულში და გადაზიდეს ხაშურის მიმართულებით, რა დროსაც სოფელ ოსიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ისინი დააკავეს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა. ჩხრეკის შედეგად ნ. პ-ს ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა მათ მიერ შესყიდული 2190 კოლოფი სიგარეტი „იავა“, ასევე ამოიღეს „ვაზ-2106“ მარკის ავტომანქანა, სახ. ¹........

2007 წლის 12 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის ¹24 დასკვნით, აღნიშნული სიგარეტების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2628 ლარი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის _ ლ. გ-სა და ც. ქ-ს დამცველმა, ადვოკატმა ი. ღ-მ, რომელიც თავისი საჩივრებით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები _ ც. ქ. და ლ. გ. იმყოფებიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არ გააჩნიათ არანაირი შემოსავლის წყარო, არიან უმუშევრები, აღიარეს დანაშაული და ხელი შეუწყვეს გამოძიებას ჭეშმარიტების დადგენაში, რითაც ფაქტობრივად მიღწეულ იქნა სასჯელის მიზანი და სხვ., მათ მოეხსნათ დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა.

ადვოკატ ი. ღ-ს სააპელაციო საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2008 წლის 17 იანვრის განაჩენით, არ დააკმაყოფილა რა აპელანტის მოთხოვნა, მსჯავრდებულების მიმართ უცვლელად დატოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების _ ც. ქ. და ლ. გო-ს დამცველმა, ადვოკატმა ი. ღ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლებითაც იმავე მოტივების საფუძველზე, რის თაობაზეც მას წინათ მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრებში, ითხოვს მსჯავრდებულების _ ც. ქ-სა და ლ. გ-ს განთავისუფლებას დამატებითი სასჯელის მოხდისაგან. საკასაციო საჩივრებთან ერთად კასატორმა წარმოადგინა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებითაც იგი ადასტურებს, რომ მსჯავრდებულების _ ც. ქ-სა და ლ. გ-ს ოჯახები იმყოფებიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რის გამოც მათ არა აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ ჯარიმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, რაც მათ ოჯახებს ჩააყენებს კიდევ უფრო მძიმე და გამოუვალ მდგომარეობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ც. ქ-სა და ლ. გ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულების _ ც. ქ-სა და ლ. გ-ს ბრალი მათთვის განაჩენით შერაცხული დანაშაულის ჩადენაში სავსებით არის დადასტურებული როგორც მათივე აღიარებითი ჩვენებებით, ისე ავტომანქანის ჩხრეკისა და მათი დაკავების ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებად ცნობის დადგენილებითა და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ შეფარდებულ ძირითად სასჯელებს, მიგვაჩნია, რომ მათი განსაზღვრის დროს სასამართლომ სათანადოდ შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ მათ მთლიანად ცნეს თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარეს და მოინანიეს ჩანადენი, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ისინი პირველად არიან სამართალში, ხასიათდებიან დადებითად და სხვ., აგრეთვე _ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გასათვალისწინებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მათ სასჯელები, რაც, მსჯავრდებულთა პიროვნებისა და ჩანადენის საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია სამართლიანად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულები _ ც. ქ. და ლ. გ. საერთოდ გადახდისუუნაროები არიან, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმით დადგენილია, რომ ისინი დაეთანხმნენ მათივე ადვოკატის მოთხოვნას დამატებითი სასჯელის _ ჯარიმის დანიშვნის თაობაზე მათთვის მისაღებ ფარგლებში, კერძოდ, 3000 (სამი) ათასი ლარის ოდენობით. მაგრამ ამავე დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მატერიალური თვალსაზრისით მსჯავრდებულების _ ც. ქ-სა და ლ. გ-ს რეალური შესაძლებლობები, რასაც აშკარად აღემატება სასამართლოს მიერ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით განსაზღვრული ჯარიმები, რის გამოც, მათი ოჯახების მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი უნდა შემცირდეს თითოეული მათგანისათვის 3000 (სამი ათასი) ლარამდე, რაც იქნება სამართლიანი.

საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება სარევიზიო წესით შეამოწმა აგრეთვე მსჯავრდებულების _ ნ. პ-ს, ნ. თ-სა და ლ. ბ-ს მიმართ და მიაჩნია, რომ მათი მოტხოვნისის ნაწილში აღნიშნული განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 567-ე მუხლითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ც. ქ-სა და ლ. გ-ს დამცველის, ადვოკატ ი. ღ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულებს _ ც. ქ-სა და ლ. გ-ეს განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელები _ ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით შეუმცირდეთ 7 000 (შვიდი ათასი) ლარით და მათ დამატებით სასჯელად განესაზღვროთ ჯარიმა - თითოეულს 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების: ც. ქ-ას, ლ. გ-ის, ნ. პ-ის, ნ. თ-ისა და ლ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.