დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.11.2008
საქმის ნომერი
2კ-664აპ.-08
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

664აპ ქ. თბილისი

27 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ა. ჯ., _ დაბადებული .... წლის .....-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, და თ. ს., _ დაბადებული ..... წლის ....-ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» და „გ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის იანვარში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ა. ჯ. და მისი მეუღლე თ. ს. წინასწარ შეთანხმდნენ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობის ბოროტად გამოყენების გზით, თავიანთი ნაცნობები მოტყუებით დაერწმუნებინათ, რომ მათ გააჩნდათ ახლო კავშირები აშშ-ში მყოფ პირებთან და შეეძლოთ ავტომანქანების იაფად შეძენა და ჩამოყვანა, შემდგომში კი შეპირებულ ავტომანქანებს არ ჩამოუყვანდნენ და ამ მიზნით მიღებულ თანხებს მიითვისებდნენ.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის 31 იანვარს ა. ჯ. დაუკავშირდა თბილისში, გ-ს ქ. ¹8-ში მცხოვრებ ძველ ნაცნობ გ. ქ-ს, რომელსაც შესთავაზა 6 ათასი აშშ დოლარის საფასურად აშშ-დან 2003 წელს გამოშვებული ავტომანქანა „გრანდ-ჩეროკის» ჯიპის ჩამოყვანა. მანვე სიტყვებისათვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად თავის ე.წ. „ლეპტოპის» მონიტორზე გ. ქ-ს აჩვენა ავტომანქანის სურათი, რომელსაც ჩამოიყვანდა აშშ-დან თავისი ნაცნობის მეშვეობით. აღნიშნულზე იგი დასთანხმდა, ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასა და შეთავაზებულ ფასს შორის აშკარა სხვაობიდან გამომდინარე. იმავე დღეს გ. ქ-მ ხსენებული ავტომანქანის შესაძენად მოთხოვნილი თანხა პირადად ა. ჯ-სა და მისი მეშვეობით გაცნობილ თ. ს-ს თბილისში, ყ-ს ქ. ¹9-ში მდებარე მათივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ა. ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა „გრანდ-ჩეროკის» ჯიპის სალონში გადასცა. პირობის თანახმად, მათ აღნიშნული ავტომანქანა 3 თვის განმავლობაში უნდა ჩამოეყვანათ.

2006 წლის 17 მაისს თბილისში, საბჭოს მოედანზე შეხვედრისას ა. ჯ-მ გ. ქ-ს უთხრა, რომ მისთვის ჩამოყვანილ მანქანას დაზიანებული ჰქონდა სიჩქარის გადამცემი კოლოფი და, რადგანაც ასეთ მანქანას „ვერ აკადრებდა», ამიტომ კიდევ ორი თვის ვადით სთხოვა დაცდა, სამაგიეროდ იმავე თანხად 2004 წელს გამოშვებული „გრანდ-ჩეროკის» ჯიპის ჩამოყვანას შეჰპირდა. იმავდროულად ა. ჯ-მ გ. ქ-ს კიდევ 2003 წელს გამოშვებული „ML-ის» ჯიპის ჩამოყვანა შესთავაზა, რაშიც 10500 აშშ დოლარი მოითხოვა. იქვე თავისი სიტყვებისათვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ნდობის მოპოვებისა და დროის გაყვანის მიზნით, დაპატიჟა თავისი და თ. ს-ს ქორწილში, რომელიც უნდა გამართულიყო 2006 წლის 18 ივნისს.

2006 წლის 26 ივნისს გ. ქ-მ ავტომანქანა „ML-ის» ჯიპის ჩამოსაყვანად მოთხოვნილი თანხა _ 10500 აშშ დოლარი თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანით მისულ ა. ჯ-სა და თ. ს-ს ავტომანქანაშივე პირადად გადასცა, მაგრამ ავტომანქანები მათ არ ჩამოუყვანიათ და არც აღებული თანხა – 16500 აშშ დოლარი დაუბრუნებიათ.

გ. ქ-ს ქორწილში მიწვევითა და დასწრებით ა. ჯ-მ და თ. ს-მ განამტკიცეს მისი ნდობა და სხვა მანქანების კვლავ შეღავათიან ფასში ჩამოყვანის პირობით მისგან თანხის გამორთმევა და მითვისება გადაწყვიტეს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2006 წლის აგვისტოში ა. ჯ-მ გაიგო რა გ. ქ-ს მიერ ავტომანქანა „ბმვ-ს» გაყიდვის ფაქტი, შეხვედრისას აუხსნა, რომ დაპირებული ავტომანქანები გემზე იყო, იტალიის ერთ-ერთ პორტში იდგა და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჩამოვიდოდა საქართველოში. ამით მან გ. ქ. დაარწმუნა შეპირებული ავტომანქანების ჩამოყვანის რეალობაში და უთხრა, რომ შეღავათიან ფასებში კიდევ იყო ავტომანქანების ჩამოყვანის საშუალება, კერძოდ, 1998 და 2004 წლებში გამოშვებული 2 „ML-ის» ჯიპისა, რომლებშიც 16000 აშშ დოლარი მოითხოვა. პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე, აღნიშნულზე გ. ქ. კვლავ დასთანხმდა და თბილისში, სანზონის ტერიტორიაზე მანქანით მისულ ა. ჯ-სა და თ. ს-ს გადასცა 16000 აშშ დოლარი, რაც, სიტყვიერი დაპირებების მიუხედავად, ცოლ-ქმარს არ დაუბრუნებია და არც ავტომანქანები ჩამოუყვანია.

ა. ჯ. და თ. ს. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, არაერთგზის დაეუფლნენ გ. ქ-ს კუთვნილ 32500 აშშ დოლარს, რითიც მას მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

ა. ჯ. და თ. ს. 2006 წლის ივლის-აგვისტოში, წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობის გამოყენებით, არაერთგზის დაეუფლნენ თბილისში, კ-ს ქ. ¹8, ბინა ¹58-ში მცხოვრები გ. ლ-ს კუთვნილ 85000 დოლარს, რითიც მას მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2006 წლის მარტში ა. ჯ. შეხვდა თავის ნაცნობ გ. ლ-ს, რომელსაც ქალაქში მოძრაობისას დაანახვა ავტომანქანები და უთხრა, რომ ისინი მას ჰყავდა ჩამოყვანილი ამერიკიდან იქ მყოფი მეგობრის დახმარებით. თავისი სიტყვებისათვის მეტი დამაჯერებლობის მიცემისა და გ. ლ-ს ნდობის მოპოვების მიზნით ა. ჯ-მ ორთაჭალაში, ბაგრატიონის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ რამდენიმე ავტომანქანაზე მიუთითა, როგორც თავის ჩამოყვანილზე.

2006 წლის 19 აგვისტოს ა. ჯ-მ გ. ლ-ს შეხვედრისას შესთავაზა „ლექსუსის» ჯიპის ჩამოყვანა 19000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა გ. ლ-მ დაბა წყნეთში აუტანა და გადასცა ა. ჯ-სა და მის მეუღლეს, რომლებმაც გადათვალეს თანხა და დააიმედეს იგი ავტომანქანის დათქმულ დროში _ თვე-ნახევრიდან სამ თვემდე ვადაში ჩამოყვანაში.

2006 წლის 26 აგვისტოს გ. ლ. დაუკავშირდა ა. ჯ-ს და სთხოვა მეუღლისათვის ავტომანქანა „რავ-4-ის» ჩამოყვანა, რაზეც ა. ჯ-მ თანხმობა განუცხადა და მოსთხოვა 6500 აშშ დოლარი. რადგანაც გ. ლ-ს ხელზე საჭირო თანხა არ ჰქონდა, მან ა. ჯ-სა და მის მიერ მოყვანილ სამ პირს 5000 აშშ დოლარის საფასურად გადასცა და გადაუფორმა ორი „გლოკისა» და ერთი „სტეჩკინის» პისტოლეტი, ხოლო დარჩენილი 1500 აშშ დოლარი მას უნდა გადაეხადა მანქანის თბილისში ჩამოყვანის შემდეგ.

2006 წლის სექტემბრის დასაწყისში გ. ლ-ს საცხოვრებელ ბინაში ესტუმრნენ ა. ჯ. და თ. ს., რომლებმაც უთხრეს, რომ ამერიკაში იყო 2003 წელს გამოშვებული „ML-ის» ჯიპი, რომლის ჩამოყვანასა და განბაჟებას 10000 აშშ დოლარი სჭირდებოდა. მათ აუხსნეს გ. ლ-ს, რომ საქმეში თვითონ 5000 აშშ დოლარს ჩადებდნენ, ხოლო დანარჩენი თანხა შესთავაზეს, მას მიეცა; თან უთხრეს, რომ მანქანის საქართველოში ჩამოყვანისა და მისი რეალიზაციის შემდეგ საქმეში ჩადებულ თანხას დაუბრუნებდნენ და მოგების ნაწილსაც გაუყოფდნენ. გ. ლ., შეთავაზებული წინადადების აშკარა მომგებიანი და სარფიანი პირობებიდან გამომდინარე, დაეთანხმა და მოთხოვნილი თანხა _ 5000 აშშ დოლარი მაშინვე გადასცა. ისინი ავტომანქანის ჩამოყვანასა და რეალიზაციას მაქსიმუმ 3 თვის ვადაში დაჰპირდნენ, მაგრამ მათ მანქანა არ ჩამოუყვანიათ და არც თანხა დაუბრუნებიათ.

ა. ჯ-მ და თ. ს-მ 2006 წლის ოქტომბერში, მორიგი შეხვედრისას, გ. ლ-ს შესთავაზეს, მოეძებნა ვინმე მყიდველი, რომელიც „შ» კლასის „მერსედესის» მარკის ავტომანქანაში გადაიხდიდა 33000 აშშ დოლარს, სამაგიეროდ მეორე, ანალოგიურ მანქანას 23000 აშშ დოლარად მისცემდნენ, რომელსაც ის დაიტოვებდა ან მომგებიან ფასში გაყიდდა. აღნიშნული პირობა მან გააცნო თავის ბიძაშვილ ა. შ-ს, რომელიც დაეთანხმა შეთავაზებულ წინადადებას და გ. ლ-ს თანდასწრებით იმავე დღეებში 33000 აშშ დოლარი გადასცა ა. ჯ-სა და თ. ს-ს. აღნიშნულის შემდეგ გ. ლ-მ ა. ჯ-სა და თ. ს-ს გადასცა უკვე თავისთვის ჩამოსაყვანი მეორე ავტომანქანის თანხა _ 23000 აშშ დოლარი, მაგრამ შეპირებული ავტომანქანები მათ არ ჩამოუყვანიათ. აღნიშნულის გამო გ. ლ. იძულებული გახდა, გაეყიდა თბილისში, დოლიძის ქუჩის დასაწყისში მდებარე მშენებარე ბინა და მიღებული თანხა _ 33000 დოლარი დაებრუნებინა ა. შ-სათვის, ვინაიდან იგი მან გააცნო ცოლ-ქმარს და მის წინაშე დავალებულად გრძნობდა თავს.

ა. ჯ. და თ. სიხარულიძე 2006 წლის ივლის-აგვისტოში წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, არაერთგზის დაეუფლნენ ბ. კ-ს კუთვნილ 20500 აშშ დოლარს, რითიც მას მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2006 წლის მარტში ა. ჯ. დაუკავშირდა თავის ნაცნობ ბ. კ-ს და უთხრა, რომ აშშ-ში ჰყავდა ნაცნობი, რომლის დახმარებით შეეძლო ავტომანქანების თბილისში ჩამოყვანა ხელსაყრელ ფასად. მან ბ. კ-სთან მომდევნო შეხვედრებისას, თავისი სიტყვებისათვის მეტი დამაჯერებლობის მიცემისა და ნდობის მოპოვების მიზნით, ქალაქში მოძრაობისას მიუთითა რამდენიმე მანქანაზე, როგორც თავის ჩამოყვანილზე. აღნიშნულის შემდეგ მან ბ. კ-ს შესთავაზა, თუ მას სურვილი ექნებოდა, შეეძლო მისთვის ავტომანქანების იაფად ჩამოყვანა. აშკარად ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ბ. კ. დასთანხმდა მას და 2003 წლის გამოშვება „ML-ის» ჯიპის ჩამოსაყვანად 2006 წლის ივლისში ა. ჯ-სა და თ. ს-ს თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე, გადასცა 12500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, მათ ავტომანქანა უნდა ჩამოეყვანათ 3 თვის განმავლობაში.

2006 წლის ოქტომბერში ა. ჯ-მ და თ. ს-მ ბ. კ. წაიყვანეს ზაჰესის საბაჟო ტერმინალზე და აჩვენეს „ML-ის» ჯიპი; უთხრეს, რომ მანქანა ჩამოყვანილი იყო ამერიკიდან, მაგრამ მისი განბაჟება ვერ მოახერხეს ავტომანქანის საბუთის, ე.წ. „ტაიტლის» დაკარგვის გამო. აღნიშნული ავტომანქანის ჩვენებით ა. ჯ-მ და თ. ს-მ მიაღწიეს ბ. კ-ს სრული ნდობის მოპოვებას და კვლავ გადაწყვიტეს მისი მოტყუება. ამ მიზნით მას უთხრეს, რომ შეეძლოთ „შ» კლასის „მერსედესის» ჩამოყვანა 8000 აშშ დოლარად. აღნიშნულზე, ა. ჯ-სა და თ. ს-სთან ახლობლობისა და შემოთავაზებული აშკარად ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, ბ. კ. კვლავ დაეთანხმა და მომდევნო ორ დღეში მოთხოვნილი თანხიდან 7000 დოლარი გადასცა მათ სახელმწიფო ტელევიზიის შენობის წინ, ხოლო დარჩენილი 1000 აშშ დოლარი, მათივე მოთხოვნით, გადარიცხა ბანკ „რესპუბლიკაში», ა. ჯ-ს პირად საბანკო ანგარიშზე. მიუხედავად ამისა, დაპირებული ავტომანქანები მისთვის არ ჩამოუყვანიათ და არც თანხა დაუბრუნებიათ.

2006 წლის თებერვალში ა. ჯ. დაუკავშირდა თავის ნაცნობ ლ. ო-ს, რომელიც აპირებდა თავის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა „მერსედესის» გაყიდვას. მათი ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, ა. ჯ-მ მას შესთავაზა აღნიშნული მანქანის გაყიდვა. შეთანხმებისამებრ, მან გაყიდა ლ. ო-ს ავტომანქანა 4000 აშშ დოლარად, ხოლო უმანქანოდ დარჩენილ ლ. ო-ს შესთავაზა აშშ-დან იაფად, ხელსაყრელ ფასად _ 9500 აშშ დოლარად „მერსედესის» მარკის „ML-ის» ჯიპის ჩამოყვანა, რაზეც იგი დასთანხმდა და ა. ჯ-ს დამატებით გადასცა 5500 აშშ დოლარი. შეთანხმებისამებრ, ა. ჯ-მ ლ. ო-ს 2006 წლის მაისის შუა რიცხვებში გადასცა „ML-ის» ჯიპი. 2006 წლის მაისის ბოლოს ლ. ო-მ, რომელიც ენდობოდა ა. ჯ-ს, ახალი „ML-ის» ჯიპის ჩამოსაყვანად გადასცა 11000 აშშ დოლარი, ხოლო 2006 წლის ივნისის დასაწყისში გადაწყვიტა თავის საკუთრებაში მყოფი „ML-ის» ჯიპის გაყიდვა, რაშიც მას დახმარება ისევ შესთავაზა ა. ჯ-მ. შეთანხმების მიხედვით, ა. ჯ-მ აღნიშნული მანქანა გაყიდა 22000 აშშ დოლარად, რაც ტელეფონით შეატყობინა ლ. ო-ს და უთხრა, რომ მანქანის მყიდველმა გადაუხადა 11000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 11000 აშშ დოლარს უახლოეს დღეებში მიიღებდა. 2006 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ზღვაზე დასასვენებლად მიმავალ ლ. ო-ს ა. ჯ-მ გადასცა 10000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 23000 აშშ დოლარის საფასურად შეჰპირდა აშშ-დან 2 ავტომანქანის _ „ML-ის» ჯიპის ჩამოყვანას, მაგრამ დაპირებული ავტომანქანები მისთვის არ ჩამოუყვანია და არც თანხა დაუბრუნებია.

ა. ჯ. და თ. ს. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, არაერთგზის დაეუფლნენ გ. ქ-ს, გ. ლ-ს, ბ. კ-სა და ლ. ო-ს კუთვნილ თანხებს, სულ _ 161000 აშშ დოლარის ოდენობით, რითიც მათ მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. ჯ-ს მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თ. ს-ს _ 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მათვე დამატებითი სასჯელის სახით თითოეულს დაეკისრა 5 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2007 წლის 1 მარტიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ პ. ხ-მ, მ. ხ-მ და ვ. თ-მ, ასევე _ მსჯავრდებულმა ა. ჯ-მ. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ა. ჯ-სა და თ. ს-ს გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულ ტ. ს-ს შორის, რომლის თანახმად, თ. ს-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თ. ს. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მას პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 1 მარტიდან 2008 წლის 13 მარტის ჩათვლით _ ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში. განაჩენი ა. ჯ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

კასატორები _ მსჯავრდებული ა. ჯ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ა. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო გამოძიების დროს ა. ჯ-მ კატეგორიულად უარყო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა და აღნიშნა, რომ დაზარალებულების დიდი ნაწილი პოლიციის თანამშრომელია, რაც გამოძიების მსვლელობისას ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი იყო; ა. ჯ-მ აღიარა, რომ აღნიშნული პირებისაგან ნამდვილად ჰქონდა თანხები აღებული, მაგრამ დიდი ნაწილი დაუბრუნა გ. ქ-სა და გ. ლ-ს საერთო მეგობრის _ გ. მ-ს მეშვეობით ჯერ კიდევ 2006 წლის შემოდგომაზე; მას ავტომანქანები ახლობლებისათვის ჩამოჰყავდა ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე, რასაც დაზარალებულებიც ადასტურებენ; ისინი არ ითხოვენ მსჯავრდებულების დასჯას, მათი მიზანი მხოლოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 მარტის განაჩენის გაუქმებას და ა. ჯ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოტივს მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სსსკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად _ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გასაჩივრებული განაჩენი დადგენილია სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და იგი დასაბუთებულია, რადგან ეყრდნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს, მათ შორის დაზარალებულების _ გ. ლ-ს, ლ. ო-ს, ბ. კ-ს, გ. ქ-ს, მოწმეების _ შ. მ-ს, დ. ქ-ს, დ. ვ-ს, შ. ჩ-ს, ა. ს-ს და სხვათა ჩვენებებს.

კასატორები მიუთითებენ, რომ თანხის დიდი ნაწილი დაზარალებულებს დაუბრუნეს საერთო ნაცნობის _ გ. მ-ს მეშვეობით, რაც სასამართლოში ამ უკანასკნელმა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ თვითონაც გადასცა ა. ჯ-ს 31 ათასი აშშ დოლარი, მაგრამ შეიტყო ,,რაც ხდებოდა" და თანხის დაბრუნება მოსთხოვა. ა. ჯ-მ მხოლოდ 10 ათასი აშშ დოლარი დაუბრუნა. გ. მ-მ მიუთითა, რომ ა. ჯ-ს შვილები შეეცოდა და მხოლოდ ამის გამო არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს (ტ. 3, ს.ფ. 91-92).

კასატორებს ნიშანდობლივად მიაჩნიათ, რომ დაზარალებულები მხოლოდ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ, თუმცა დაზარალებულთა ეს პოზიცია ბუნებრივია ამ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე.

პალატა აღნიშნავს, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე _ ა. ჯ-ს პიროვნების და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ამ უკანასკნელს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, არასწორად გადაწყდა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ ცეცხლსასროლ იარაღთა საკითხი, კერძოდ:

მიუხედავად იმისა, რომ ა. ჯ-სა და თ. ს-საგან ამოღებული ნივთები გასაჩივრებული განაჩენით უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, მათგანვე ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებსაც მსჯავრდებულები მართლზომიერად ფლობდნენ, გადაეცა შსს-ს შესაბამის სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ,,იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლევ პირებზე არ გაიცემა იარაღთან დაკავშირებული ნებართვა, რაც ცხადია იმას გულისხმობს, რომ ნასამართლევ პირებს არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება. ამის გამო, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღების კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა უნდა დაუბრუნდეს ა. -სა და თ. ს-ს და ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სააგენტოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მარტის განაჩენი შეიცვალოს: ნივთმტკიცებების _ გლუვლულიანი სანადირო თოფი ,,ლუიჯი ფრენჩი"-ს და პისტოლეტ ,,ჩძ-97"-ის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაუბრუნდეს ა. ჯ-სა და თ. ს-ს და ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სააგენტოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.