შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹705აპ ქ. თბილისი
8 ოქტომბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ბ. შ-სა და თ. შ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. ჯ-სა და მ. ქ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:
1. ბ. შ. , _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად;
2. თ. შ. , _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად.
ბ. შ-სა და თ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2007 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 12.30 საათზე, ბ. შ. იმყოფებოდა თბილისში, .. .. , ¹30ა კორპუსთან, რა დროსაც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია აღნიშნული კორპუსის მე-40, ნ. შ-ის კუთვნილ ბინაში და ფარულად დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა ნივთს, სულ ღირებულს 120 ლარად, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
იმავე დღეს ბ. შ. დაუკავშირდა თ. შ-სა და დაუდგენელ პირს. მათ მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ბინაში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გაინაწილეს როლები და 2007 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 15 საათზე, თ. შ-ს კუთვნილი ავტომანქანა „ოპელ-ვექტრით» მივიდნენ თბილისში, .. .. ¹29\22 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. საფრთხის შემთხვევაში თანამზრახველების გასაფრთხილებლად ბ. შ. დარჩა ავტომანქანაში, ხოლო თ. შ. დაუდგენელ პირთან ერთად ავიდა ზემოხსენებული კორპუსის მე-7 სართულზე მდებარე მ. ბ-ის ¹73 ბინასთან. მათ გატეხეს შესასვლელი კარის საკეტი, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს ბინაში და ფარულად დაეუფლნენ იქ არსებულ ნივთებს, მათ შორის _ „მაკაროვის» სისტემის პისტოლეტსა და საბრძოლო მასალას _ 7 ვაზნას, რის შემდეგაც მათ მოპარული ნივთები მოათავსეს მანქანაში და მიიმალნენ. ბოროტმოქმედებმა მ. ბ-ს მიაყენეს 4000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული ქმედებისათვის ბ. შ-სა და თ. შ-ს საბოლოოდ მიესაჯათ თითოეულს _ 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 5 აპრილიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. ქ-მ და ზ. ჯ-მ.
ადვოკატმა მ. ქ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, ბ. შ-სათვის საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების მოხსნა და ამ ეპიზოდში მისი გამართლება, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და მე-3 ნაწილის „ა», „ბ» და „გ» ქვეპუნქტებით _ მინიმალური სასჯელის შეფარდება.
ადვოკატმა ზ. ჯ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და თ. შ-ს გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ თ. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ჯ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. შ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მან თავის ბიძაშვილ ბ. შ-ს ჩანთები მანქანით წააღებინა რკინიგზის სადგურზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ორივე დააკავა პოლიციამ, რის შემდეგაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ შეხვედრის დღეს ბ. შ-ს გაუქურდავს ბინა და წამოუღია ნივთები, მათ შორის _ ცეცხლსასროლი იარაღი; განაჩენი დაეყრდნო მოწმე ა. ო-ის ჩვენებებს, მაშინ, როდესაც მან ვერც ერთი მსჯავრდებული ვერ აღწერა გარეგნობის მიხედვით, მას შეეძლო დაენახა მხოლოდ მანქანაში საჭესთან მჯდარი თ. შ. , რადგან ბ. შ-მ მანქანის ტარება არ იცის და არც მართვის მოწმობა აქვს; ბ. შ-მ აღიარა მ. ბ-ის ბინის დამოუკიდებლად ქურდობის ფაქტი.
ადვოკატ ზ. ჯ-ს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დაათვალიერეს ნივთმტკიცება _ ჩD დისკი, რომელშიც თ. შ. მანქანიდან გადმოსული არ ჩანს, მაგრამ ამაზე სხდომის ოქმში არაფერია აღნიშნული, რადგან ეს ფაქტი სასამართლოსათვის მიუღებელი იყო; ბ. შ-ს არ ჰქონია ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების პირდაპირი განზრახვა, იარაღი მან სხვა ნივთებთან ერთად წაიღო, რის შესახებაც საერთოდ არაფერი იცოდა თ. შ-მ; ბ. შ-ს მიერ იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების შემთხვევაშიც მისი ქმედების კვალიფიკაცია ჯგუფურ დანაშაულად არასწორია; ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლებაზე წინასწარი შეთანხმება თ. და ბ. შ-ებს არ ჰქონიათ; სახეზეა ბ. შ-ს _ ამსრულებლის ექსცესი და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; გარდა აღნიშნულისა, საქმეში არ არის სასამართლო სხდომის სათანადოდ გაფორმებული ოქმი, რაც, სსსკ-ის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენის გაუქმების საფუძველია.
ამრიგად, ადვოკატ ზ. ჯ-ს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თ. შ-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლო დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან; არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობები მტკიცებულებათა შორის; განაჩენი ემყარება მხოლოდ ეჭვს; სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად არ განმარტა კანონი და მსჯავრი დასდო უდანაშაულო ადამიანს, რის გამოც კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და თ. შ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
მსჯავრდებულ ბ. შ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
ბ. შ-ს განმარტებით, მან მ. ბ-ის ბინის ქურდობა ჩაიდინა მარტომ, დამოუკიდებლად, რის შემდეგაც ბიძაშვილს _ თ. შ-ს დაურეკა და სთხოვა რკინიგზის სადგურზე გაყვანა; მას თ. შ-სათვის არ უთქვამს, რომ მიჰქონდა ნაქურდალი ნივთები; რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, მისი გატაცების განზრახვა ბ. შ-ს არ ჰქონია; იარაღი გამოჰყვა სხვა ნაქურდალ ნივთებს, რის შესახებ თ. შ-მ საერთოდ არაფერი იცოდა; ბ. შ-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების განზრახვის შემთხვევაშიც კი მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რადგან სახეზეა ამსრულებლის ექსცესი; თუ ა. ო-ის ჩვენებას დავეყრდნობით, საერთოდ გაუგებარია, რა კავშირი აქვს ბ. შ-ს მ. ბ-ის ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღის გატაცებასთან; სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 538-ე და 539-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან; არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობები მტკიცებულებებს შორის; სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, რამაც ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას და კანონიერი, საფუძვლიანი და სამართლიანი განაჩენის დადგენას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ადვოკატი მ. ქ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. შ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით _ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულ ბ. შ-ს სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის მოტივს, თითქოს მოწმე ა. ო-ის ჩვენებები ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
ა. ო-მა საქმის წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში განმარტა, რომ ავტომანქანის გაჩერების შემდეგ მასში ჩაჯდა ახალგაზრდა მამაკაცი. იგი რამდენიმე წუთში შევიდა სადარბაზოში და დაახლოებით 20 წუთში სხვა პირთან ერთად გამოვიდა. მათ თან ჰქონდათ პოლიეთილენის პარკები და კომპიუტერის პროცესორი, რაც მოათავსეს ავტომანქანაში და წავიდნენ. ამ ხნის განმავლობაში მძღოლი მანქანიდან არ გადმოსულა. მოწმის ეს ჩვენება დეტალებში ემთხვევა შპს ,, .. .. .."-ს ოფისიდან ამოღებულ ,,ჩD"-ზე არსებულიEვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს. გარდა ამისა, წინასწარი გამოძიებისას ა. ო. აღწერს ორ პირს, რომელთა ამოცნობაც შეუძლია და უთითებს მათ სავარაუდო ასაკს, რაც ემთხვევა ბ. და თ. შ-ების დაბადების თარიღს (ს.ფ. 28-29; 112-113; 248).
პირის ამოსაცნობად წარდგენისას ა. ო-მ კატეგორიულად მიუთითა, რომ ბ. შ. ავტომანქანიდან არ გადასულა, იგი იჯდა საჭესთან. რაც შეეხება თ. შ-ს, იგი კომპიუტერის პროცესორით ხელში, სხვა პირთან ერთად გამოვიდა სადარბაზოდან (ს.ფ. 129-131; 135-136). მოწმემ სასამართლოშიც დაადასტურა, რომ საჭესთან ბ. შ. იჯდა.
ამრიგად, მოწმე ა. ო-ის ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია და მათ ობიექტურობაში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს.
საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, მათ შორის _ ჩხრეკისა და საგნის ამოსაცნობად წარდგენის, ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმები და დაზარალებულთა ჩვენებები უტყუარად ადასტურებს, რომ ბ. შ-მ ჯგუფურად, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ეჭვს არ იწვევს, რომ თ. შ-მ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, თ. შ. ჯგუფურად და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
რაც შეეხება ბ. შ-სათვის სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, ამ ეპიზოდში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, რადგან საქმის მასალებიდან, მათ შორის _ საბრალდებო დასკვნიდანაც არ გამომდინარეობს, რომ ბ. შ-მ იცოდა ბინაში ცეცხლსასროლი იარაღის არსებობის შესახებ. რამდენადაც ეს უკანასკნელი თანამზრახველებს ავტომანქანაში ელოდებოდა, სახეზეა სსკ-ის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ამსრულებლის ექსცესი და ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის ბ. შ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
სააპელაციო პალატის განაჩენიდან თ. შ-ს მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი, რადგან მას არაერთგზის ქურდობაში ბრალი არ ედებოდა.
გარდა აღნიშნულისა, საქმეზე მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა. რაც შეეხება ბ. შ-სათვის სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს, იგი ზომიერი და სამართლიანია და მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2007 წლის 25 აპრილის დადგენილებით თ. და ბ. შ-ების ბრალდების საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი საქმე დაუდგენელი პირის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად დაუფლების ფაქტზე). ამის გამო ნივთმტკიცებად ცნობილი ,,მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის საკითხი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ბ. შ-ს ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მარტის განაჩენიდან თ. შ-ს მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი;
გასაჩივრებული განაჩენიდან ბ. შ-ს მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში ბ. შ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
ბ. შ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 9 (ცხრა) თვით;
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.