შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1098აპ. 30 იანვარი, 2009 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენით თ. მ-შვილი _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
განაჩენით თ. მ-შვილს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
წარსულში ნასამართლევი თ. მ-შვილი 2005 წლის ივნისში, რიცხვი დაუდგენელია, დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. ქუთაისში, ................ მცხოვრებ შ. მ-ძეს, რა დროსაც მათ განიზრახეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ........... ფარულად გაეტაცებინათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შ. მ-ძე და თ. მ-შვილი 2005 წლის 21 ივნისს, 8 საათზე, ქუთაისის რიკინიგზის სადგურიდან გაემგზავრნენ ძევრი-ტყიბულის მიმართულებით მოძრავი ავტობუსით და მივიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ........., ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და ფეხით გააგრძელეს მოძრაობა. მივიდნენ რა სოფელ ......... მთაზე, იქ არსებული საძოვრიდან ფარულად გაიტაცეს ამავე სოფელში მცხოვრები ი. ქ-შვილის კუთვნილი ხარი, ღირებული 1000 ლარად, ასევე ამავე სოფელში მცხოვრები ვ. ა-ძის კუთვნილი ხარი, ღირებული 1000 ლარად, რაც 22 ივნისს მიჰყიდეს გორის რაიონის სოფელ ............. მცხოვრებ ა. ც-ძეს, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
2005 წლის 22 ივნისს თ. მ-შვილი შ. მ-ძესთან ერთად იმყოფებოდა თერჯოლის რაიონის სოფელ ............... ტერიტორიაზე, სადაც მათ განიზრახეს, ამავე სოფელში არსებული ჩაის პლანტაციიდან ფარულად გაეტაცებინათ მსხვილფეხა პირუტყვი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შ. მ-ძე და თ. მ-შვილი იმავე დღეს, დილის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ერთად მივიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ........ არსებულ ჩაის პლანტაციაში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს ამავე სოფელში მცხოვრები ნ. ბ-შვილის კუთვნილი ძროხა, ღირებული 800 ლარად, რომელიც იმავე დღეს მიჰყიდეს გორის რაიონის სოფელ ....... მცხოვრებ ა. ც-ძეს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულ ნ. ბ-შვილს.
2005 წლის 10 ივლისს თ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა შ. მ-ძეს, რა დროსაც განიზრახეს ტყიბულის რაიონის ტერიტორიიდან ფარულად გაეტაცებინათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ამ მიზნით შ. მ-ძე და თ. მ-შვილი 2005 წლის 10 ივლისს, დილის საათებში, ქ. ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან გაემგზავრნენ ტყიბულის მიმართულებით მოძრავი ავტობუსით და მივიდნენ ტყიბულის რაიონის სოფელ ............ იქიდან საიდანაც ფეხით ავიდნენ სოფელ ........... არსებულ მთაზე, საიდანაც ფარულად გაიტაცეს ტყიბულის რაიონის სოფელ ........... მცხოვრები შ. ჟ-ძის კუთვნილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი _ ხარი, ღირებული 1000 ლარად, და ამავე სოფელში მცხოვრები ფ. გ-ძის ხარი, ღირებული 1000 ლარად, რომლებიც გაყიდეს სამტრედიის საკოლმეურნეო ბაზარში, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
2005 წლის 16 ივლისს თ. მ-შვილი დანაშაულებრივად დაუკავშირდა შ. მ-ძეს და თერჯოლის რაიონის სოფელ ............... მცხოვრებ ა. ჭ-ძეს. მათ განიზრახეს თერჯოლის რაიონის სოფელ .............. ფარულად გაეტაცებინათ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რისთვისაც ა. ჭ-ძე, თ. მ-შვილი და შ. მ-ძე 2005 წლის 16 ივლისს, 8 საათზე, ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან გაემგზავრნენ ქუთაისი-ძევრი-ტყიბულის მიმართულებით მოძრავი ავტობუსით. ისინი მივიდნენ რა თერჯოლის რაიონის სოფელ ................. გადასახვევთან, ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და ფეხით წავიდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ........ მდებარე ტყის მასივის სიღრმეში. მათ მიაღწიეს ამავე სოფელში მდებარე ე.წ. «გვიმრალის» საძოვრებს, საიდანაც ფარულად გაიტაცეს სოფელ .......... მცხოვრები გ. მ-ძის კუთვნილი, მოწითალო-წაბლისფერი ხარი, ღირებული 800 ლარად, და ტყიბულის რაიონის სოფელ ......... მცხოვრები ი. კ-შვილის კუთვნილი ერთი სული ნაცრისფერი ხარი, ღირებული 1000 ლარად, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს დაზარალებულებს. მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული პირუტყვი წაიყვანეს ტყის ბილიკებით და 2005 წლის 17 ივლისს, 8 საათზე, ჩაიყვანეს თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში მდებარე ე.წ. «დაჩების» ტერიტორიაზე, რომლებიც გადამალეს ტყის მასივში და დაელოდნენ სამტრედიიდან იმ პირებს, ვისთვისაც უნდა მიეყიდათ მოპარული პირუტყვი. იმავე დღეს, 15.25 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ........... თ. მ-შვილისა და ა. ჭ-ძისაგან ამოღებულ იქნა გ. მ-ძისა და ი. კ-.შვილის კუთვნილი პირუტყვი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. მ-შვილმა. აპელანტი საჩივრით გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განაჩენით Y მსჯავრდებულ თ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. მ-შვილს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადითY _ შეუმცირდა 1 (ერთი) წლით და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა თ. მ-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენით მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ თ. მ-შვილის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას, საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიაჩნია მსჯავრდებულ თ. მ-შვილის მიმართ სასამართლოს განაჩენით შერაცხული ბრალდება, რასაც არც თვითონ მსჯავრდებული უარყოფს. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ თ. მ-შვილის მოთხოვნას სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რადგან სასჯელის ზომა განსაზღვრულია მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, შედეგებისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება უსამართლო და ზედმეტად მკაცრ ღონისძიებად.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სასაჯელის ნაწილში განაჩენის შეცვლისათვის.
ამავე დროს საკასაციო პალატა თვლის, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომელიც გამომდინარეობს 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან: ვინაიდან ახალი კანონით ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი, თანახმად საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. მ-შვილის ქმედება, იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე ( 2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ამასთან, თ. მ-შვილისათვის განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი განსაზღვრულია ახალი კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ თ. მ-შვილის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.