ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1296აპ ქ. თბილისი
28 ნოემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),მ. ოშხარელი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივნისის განაჩენით ს. ბ-ი, _ დაბადებული .... წლის ......-ს, საქართველოს მოქალაქე _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ს. ბ-ი 2007 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და სასჯელად განუსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.
მიუხედავად აღნიშნულისა, ს. ბ-მ გამოსაცდელი ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, კერძოდ: 2008 წლის 23 აპრილს თბილისში, მე-2 ნავთლუღის დასახლების მე-4 ქუჩის ¹78ბ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მუშაკმა დააკავა ს. ბ-ი, ვინაიდან ვიზუალურად აღენიშნებოდა ნარკოტიკული საშუალებით თრობა, ხოლო შემოწმებისას კლინიკურად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
აღნიშნული ქმედებისათვის ს. ბ-ს მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 23 აპრილიდან; მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ს. მ-მ. მათ ითხოვეს ს. ბ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის განაჩენის გაუქმება, სასჯელის შემსუბუქება და თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ჯარიმის გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, მსჯავრდებულს სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, ასევე _ იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები ჩამოერთვა 5 წლით.
კასატორები _ მსჯავრდებული ს. ბ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი მეტისმეტად მკაცრია, რადგან სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ: ს. ბ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, აქტიურად შეუწყო ხელი გამოძიების სრულად და ობიექტურად ჩატარებას, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, თანახმად საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლისა, სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მუხლით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალური ზომის სამ მეოთხედს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ განაჩენის გაუქმებას, ს. ბ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად ჯარიმის დანიშვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დადგენილია სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, იგი ეყრდნობა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც უდავოდ ადასტურებს ს. ბ-ს მიერ სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
უსაფუძვლოა კასატორების მითითება სსკ-ის 54-ე მუხლზე, რადგან ეს მუხლი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავის გამოცხადებას ბრალის აღიარებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ სათანადოდ იმსჯელა ს. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, გაითვალისწინა მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემებიც და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რომელიც ვერ ჩაითვლება მეტისმეტად მკაცრად და აშკარად უსამართლოდ.
ამასთან, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ს. ბ-ს სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, ასევე _ იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება უნდა ჩამოერთვას 3 წლით, ნაცვლად გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული 5 წლისა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნული მოტივებით სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ს. ბ-ს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ს. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ს. ბ-ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ასევე _ იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
«ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ს. ბ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2008 წლის 23 აპრილიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.