შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1306აპ . 21 იანვარი, 2009 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-შვილის დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენით ა. კ-ი _ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
ა. კ-ს ბრალი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 7 ივლისს ყვარლის რაიონის სოფელ ........ მცხოვრებმა არასრულწლოვანმა ლ. ყ-მა და გ. კ-მა იჩხუბეს, რა დროსაც გ. კ-მა სცემა ლ. ყ-ს და მიაყენა მას სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ჩხუბის დამთავრებისთანავე სახლში მიმავალი, ნაცემი ლ. ყ-ი გზაზე შეხვდა თავის მამას, მ. ყ-ს, რომელსაც უთხრა, რომ სცემა გ. კ-მა. ნასვამი მ. ყ-ი გაბრაზდა და შვილთან ერთად გაემართა გ. კ-ის საცხოვრებელი ბინისკენ მისი და მისი ოჯახის წევრების სანახავად და საქმის გასარკვევად. მათ სახლამდე მ. ყ-მა გზაზე დაინახა გ. კ-ი, რომელსაც თავისთან მოუხმო, მაგრამ შეეშინდა და გაიქცა სახლში, სადაც მივიდა მ. ყ-ი. ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ გ. კ-ის ძმა ა. კ-ი და ბებია ც. K-ი. მ. ყ-ის ძახილზე კართან მივიდნენ ა. ც. და გ. კ-ები, რომლებთანაც მ. ყ-ლს მოუხდა კამათი გ. კ-ის მიერ თავისი ვაჟიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. კამათი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მ. ყ-ლს ა. კ-მა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, დანა დაარტყა გულმკერდის მიდამოში. მ. ყ-ი იმავე დღეს გადაიყვანეს ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ხ-მა. თავისი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ა. კ-ის მიმართ და მის ნაცვლად ახალი, გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მ. ყ-ს სიცოცხლისათვის საშიში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა არა ა. კ-მა, არამედ მისმა ძმამ, აწ გარდაცვლილმა გ. კ-მა. გარდა ამისა, აპელანტის განმარტებით, წინასწარი გამოძიებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საგამოძიებო ვადები, რის გამოც ბათილია ყოველგვარი საპროცესო მოქმედება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ა. კ-ის დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ყვარლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება: ა. კ-ს შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით _ შეუმცირდა 1 (ერთი) წლით და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში მის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ა. კ-ის დამცველმა კ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმავე მოტივებით, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ა. კ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ ა. კ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებული ა. კ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლსსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ა. კ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე მისი შეწყალების გამო ა. კ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.