შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყალების გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1460აპ. 23 იანვარი, 2009 წელი თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ძის დამცველის, ადვოკატ თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის განაჩენით გ. გ-ძე _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
გ. გ-ძეს მსჯავრი დაედო სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მუშაკებმა ჩაატარეს აუქციონი და ქ. თბილისში, .......... ქუჩის ¹3-ში მდებარე, მოქალაქე თ. მ-ძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მიეკუთვნა გ. გ-ძეს. 2004 წლის 4 მარტს თ. მ-ძე თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა დაუსწრებლად გამოასახლეს ხსენებული ბინიდან, ხოლო ბინაში არსებული, მისი კუთვნილი ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი აღიწერა, დაილუქა და აღმასრულებელმა შესანახად გადასცა გ. გ-ძეს.
2004 წლის ივლისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ. გ-ძე იმყოფებოდა რა ქ. თბილისში, ..... ქუჩის ¹3-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლების მიერ აღწერილი და მისთვის შესანახად მიბარებული თ. მ-ძის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც იმ დროისათვის იმყოფებოდა მის მართლზომიერ გამგებლობაში. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. გ-ძემ იქირავა მუშები, რომლებმაც, მისი დავალებით, თ. მ-ძის საყოფაცხოვრებო ნივთები მოათავსეს მის მიერვე მოყვანილ სატვირთო ავტომანქანაზე, რის შემდეგაც გ. გ-ძემ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მიითვისა რა თ. მ-ძის საყოფაცხოვრებო ნივთები, გადაზიდა გამოძიებით დაუდგენელ ადგილას. ამ ქმედებით თ. მ-ძეს მიადგა 6051 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. გ-ძემ და მისმა დამცველმა თ. ბ-შვილმა, აგრეთვე დაზარალებულმა თ. მ-ძემ.
აპელანტი _ დაზარალებული თ. მ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 ივნისის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას _ გ. გ-ძისათვის შეფარდებული სასჯელის, როგორც აშკარად ლმობიერის, გამკაცრებასა და მისთვის სასჯელის ზომად 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, აგრეთვე სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებას და ქონებრივი და მატერიალური ზიანის სრულ ანაზღაურებას.
აპელანტი _ მსჯავრდებული გ. გ-ძე და მისი დამცველი, ადვოკატი თ. ბ-შვილი, თავიანთი საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის განაჩენის, როგორც აშკარად უკანონო და დაუსაბუთებლის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ თუ თ. მ-ძეს საკუთარი ნივთების წაღება უნდოდა, მას ამისათვის საკმარისი დრო ჰქონდა მათ წასაღებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ძისა და მისი დამცველის, ადვოკატ თ. ბ-შვილის, აგრეთვე დაზარალებულ თ. მ-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. გ-ძის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. გ-ძის დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ გ. გ-ძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. გ-ძის მიმართ და შეამოწმა მისი დამცველის, ადვოკატ თ. გ-ძის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ გ. გ-ძის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე მსჯავრდებული გ. გ-ძე შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გ. გ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ჟ" ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ¹841-ე განკარგულების საფუძველზე გ. გ-ძის მიმართ, მისი შეწყალების გამო, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.