საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 11.09.2009
საქმის ნომერი
2კ-350აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.09.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

350აპ-09 11 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დათო სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ.დ-ს, მსჯავრდებულ ე. ჯ-ს, მსჯავრდებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს, მსჯავრდებულ ე. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს, დაზარალებულ ქ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე .მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:

ე. ჯ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1961 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ჟ .თ-ს, ნ.გ-ს და თ.ფ-ს ეპიზოდები) და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

ე. ჯ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1999 წლის რედაქცია), გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

ე. ჯ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია, ქ. უ-ის ეპიზოდი) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42 მუხლების თანახმად დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2005 წლის 10 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) _ ჯარიმა 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ე.ჯ საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 1500 ლარი და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა ე.ჯ მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო და შესაბამისად, ყადაღა უნდა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებით გირაოს უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... მდებარე ლ. პ-ს უძრავ ქონებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

ე. ჯ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდა უნდა დაიწყოს მისი დაკავებიდან.

სამოქალაქო მოსარჩელე ქ. უ-ს სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი, ვინაიდან საქმეში არ არსებობს სამოქალაქო მოპასუხე.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ე. ჯ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2005 წლის 10 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში.

ე. ჯ ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე (2000 წლის 5 ივნისის კანონი).

ე. ჯ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42 მუხლების თანახმად დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 3500 ლარი.

ე. ჯ სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 8 დეკემბრიდან.

აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს გაუქმების გამო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებით დაყადაღებულ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ....... მდებარე ლ. პ უძრავ ქონებას.

დაზარალებულ ქ. უ სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველი, დაზარალებულმა სამოქალაქო სარჩელზე უნდა იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ.დ-ს, მსჯავრდებულ ე.ჯ-ს, მსჯავრდებულ ე.ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ.ჯ-ს, მსჯავრდებულ ე.ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა.ჭ-ს, დაზარალებულ ქ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე.მ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ.დ-ს, მსჯავრდებულ ე.ჯ-ს, მსჯავრდებულ ე.ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ.ჯ-ს, მსჯავრდებულ ე.ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა.ჭ-ს, დაზარალებულ ქ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე.მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.