დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.02.2009
საქმის ნომერი
18საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

18საზ ქ. თბილისი

20 თებერვალი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. დ-ის საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებაში ბუნდოვანება-უზუსტობათა აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ჭიათურის სასამართლოს 1997 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დ. დ-ე, _ საქართველოს მოქალაქე, ცოლშვილიანი, უმაღლესი განათლებით, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 213-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 214-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის წესით მიესაჯა 1 წლით გამასწორებელი მუშაობა ხელფასიდან 20%-ის დაკავებით ბიუჯეტის სასარგებლოდ. „ამნისტიის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 ივნისის კანონის 1-ლი მუხლის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ქ. ჭიათურის სასამართლოს 1997 წლის 8 დეკემბრის განაჩენი და დ. დ-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

დ. დ-ე თავის განცხადებებში აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით გაუქმდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, თუმცა განჩინების ტექსტში არ ჩანს მისი უდანაშაულობა, სარეზოლუციო ნაწილის ფორმულირება არ შეიცავს დ. დ-ის უდანაშაულობის დამადასტურებელ რაიმე მინიშნებას და ცალსახად არ ადასტურებს მის უდანაშაულობას, რის გამოც შეუძლებელია ამ განჩინების აღსრულება. განჩინებაში განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის ნორმად მითითებულია საქართველოს სსსკ-ის 359-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (1997წ.), რომელიც ითვალისწინებდა მსჯავრდებულის უდანაშაულობას იმავე სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად.

განმცხადებლის აზრით, საკასაციო საჩივრის ზემოაღნიშნული მოტივაციისა და მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება გამორიცხავს განჩინებაში ისეთ ფორმულირებათა შეტანას, რომლებიც საეჭვოდ ხდიან პირის უდანაშაულობას, რაც დადგენილი იყო საკასაციო საჩივრის განხილვის დროს მოქმედი სსსკ-ის 569-ე მუხლით, თუმცა ზემოაღნიშნული განჩინების ფორმულირება საეჭვოს ხდის მის უდანაშაულობას, იმის გამო, რომ მასში არ არის აღნიშნული დ. დ-ის უდანაშაულობის შესახებ, რაც მიუთითებს მის ბუნდოვანება-უზუსტობაზე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას შესაბამისი განმარტებითა და დაზუსტებით.

ზემომითითებულის გათვალისწინებით, დ. დ-ე ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე განჩინებაში აღმოიფხვრას ბუნდოვანება-უზუსტობა, რათა ამ განჩინებით ცნობილ იქნეს მისი უფლება, მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით, როგორც გამართლებულის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქმეში არ მოიპოვება ყალბი დოკუმენტის გამოყენების რაიმე მტკიცებულება, რის გამოც დ. დ-ის სსკ-ის 214-ე მუხლით პასუხისგებაში მიცემაც უკანონოა. სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდა და დ. დ-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

პალატა აღნიშნავს, რომ ეს განჩინება არ შეიცავს სსსკ-ის 615-ე მუხლით გათვალისწინებულ ბუნდოვანებას ან უზუსტობას. რაც შეეხება ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განჩინების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების დაზუსტების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე, 615-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. დ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინება დ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.