დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.03.2008
საქმის ნომერი
36საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
15.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

36საზ 15 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ძე, _ დაბადებული ....... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II, IX ნაწილებით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის II ნაწილით _ უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1331-ე მუხლის I ნაწილით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 240-ე მუხლის II ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 228-ე მუხლის III ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238-ე მუხლის I ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის II ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, IV ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის II ნაწილით _ 6 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით 12 წლით, მე-100 მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 136-ე მუხლით _ გამასწორებელი სამუშაოები. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 1998 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით შეიცვალა უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი. გ. გ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილით, 243-ე მუხლის III ნაწილით, 238-ე მუხლის IV ნაწილით, შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან და გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტით შეეფარდა _ 20 წლით, 184-ე მუხლის III ნაწილით _ 10 წლით, 236-ე მუხლის II ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით ამავე სასამართლოს 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენი და საზედამხედველო პალატის დადგენილებები შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილით (ძვ. რედ.), შესაბამისობაში მოვიდა სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებთან (1999 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის II და IX პუნქტები – 109-ე მუხლის „კ“ და 19, 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტებთან, რისთვისაც განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

დანარჩენ ნაწილში განაჩენი და დადგენილებები დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით გ. ს-ძე, _ დაბადებული .... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 15 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 2 თვე და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ისინი სასჯელს იხდიან 2002 წლის 16 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ამავე სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: გ. გ-სა და გ. ს-ს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება და გ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ვ, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით, ხოლო დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 5 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ს-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. გ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ დადგენილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ გ. გ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის „ვ“, „თ“, „ო“ ქვეპუნქტებით (საქართველოს 2000 წლის 20 ივნისის კანონი) და რომელიც ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის მცდელობას, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 109-ე მუხლის III ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებს (რომლებიც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ამავე კოდექსის II ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს (13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) და უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის I ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართაც და მიაჩნია, რომ განჩინება მის მიმართაც უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება.

ამდენად, მსჯავრდებულების _ გ. გ-სა და გ. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელები მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის სანქციის ფარგლებშია, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა და საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სასჯელის სამართლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.