დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
66-საზ ქ. თბილისი
14 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ა-ს საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქ. რუსთავის სასამართლოს 1993 წლის 8 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 19 მარტის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. რუსთავის სასამართლოს 1993 წლის 8 აპრილის განაჩენით ზ. ა-ი, _ დაბადებული ……..წლის …, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევის მცდელობა პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, რისთვისაც მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წელი, 5 თვე და 1 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის, 5 თვისა და 1 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 1992 წლის 17 ნოემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 19 მარტის განაჩენით ზ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ იმავე კოდექსის მე-17,104-ე მუხლის მე-6, მე-9 პუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკითა და იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მას მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან 4 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1998 წლის 4 დეკემბრიდან.
მსჯავრდებული ზ. ა-ი საჩივრებში აღნიშნავს, რომ ქ. რუსთავის სასამართლოს განაჩენით იგი გასამართლებულია 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ამჟამად გაუქმებულია; ცვლილებებია შესული სისხლის სამართლის კოდექსში და შემსუბუქებულია სასჯელები იმავე კოდექსის მე-17,104-ე მუხლის მე-6 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე _ სსკ-ის მე-17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხსნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ზ. ა-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობა, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა 10-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” და „ე” ქვეპუნქტები ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის გამკაცრდა სასჯელის ქვედა ზღვარი. ხოლო სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 203-ე მუხლის მე-2 ნაწილი თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან ჯგუფურად გაქცევისათვის ითვალისწინებდა 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. როგორც საჩივრების ავტორი მიუთითებს, ეს მუხლი გაუქმებულია, მაგრამ ამ დანაშაულს ითვალისწინებდა 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული და ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი და მისი ჩადენისათვის დადგენილია 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, შემცირდა სანქციის მინიმუმი, მაგრამ დანაშაულის კატეგორია არ შეცვლილა და ზ. ა-სათვის ამ მუხლით დანიშნული სასჯელიც მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, ამიტომ ქ. რუსთავის სასამართლოს 1993 წლის 8 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლისათვის კანონით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება, გასაჩივრებული განაჩენები ზ. ა-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ. ა-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქ. რუსთავის სასამართლოს 1993 წლის 8 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 19 მარტის განაჩენები ზ. ა-ის მიმართ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.