დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.03.2008
საქმის ნომერი
320საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

320საზ ქ. თბილისი

18 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. პ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თელავის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თელავის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ა. პ-ი ცნობილია დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) 110-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ხოლო სსკ-ის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით – გამასწორებელი სამუშაოები 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. პ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

ა. პ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია, ასევე, სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

მსჯავრდებული ა. პ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 აგვისტოს განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. პ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დადგენილია, რომ 1994 წლის 14 თებერვალს ა. პ-მა ტ. პ-ს დანის დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება – გულმკერდის უკანა ზედაპირზე და მარცხენა მტევნის პირველი თითის მიდამოში.

მანვე 1998 წლის 8 აპრილს, მთვრალმა ჩაქუჩით ვ. გ-ს მიაყენა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება თავის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ამრიგად, ა. პ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება არაერთგზის. რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და რაც ამჟამად გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რომლის სამქციით სასჯელის ზომად განასაზღვეულია თავისუფლების აღკევთა ვადით ათიდან ცამეტ წლამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა. პ-ის ქმედების ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს, რის გამოც თელავის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ა. პ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 აგვისტოს განაჩენში მსჯავრდებულ ა. პ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.