დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.02.2008
საქმის ნომერი
414საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

414/საზ 22 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენით გ. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 112-ე მუხლის II ნაწილით _ 1 წლით გამასწორებელი სამუშაოები, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 17, 104-ე მუხლის IV პუნქტით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა (1960 წლის რედაქცია).

გ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 26 ნოემბრიდან.

მსჯავრდებული გ. კ-ძე საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემცირებას, იმ მოტივით რომ დანაშაულის მცდელობისას მის მიმართ არ შეიძლებოდა დანიშნულიყო მაქსიმალური სასჯელის მაქსიმალური ზომის 3/4¾-ზე მეტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ გ. კ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 17, 104-ე მუხლის IV პუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, 1960 წლის რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19, 109-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის გაიზარდა სასჯელი და არც დანაშაულის სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ საჩივარში მითითებული მოთხოვნა არ წარმოადგენ სსსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც გ. კ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იქნებოდა და ამდენად, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 11 ივნისის განაჩენი გ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.