შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 28.05.2008
საქმის ნომერი
168საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
28.05.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ 168საზ ქ. თბილისი

28 მაისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქალაქ ქუთაისის სასამართლოს 1994 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისის სასამართლოს 1994 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ა. მ-ი, _ დაბადებული ... წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა პატიმრობიდან გაქცევა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, განმეორებით; მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება; მანვე ჩაიდინა სატრანსპორტო საშუალების გატაცება პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება არა აქვს, ჩადენილი ძალადობისა და მუქარის გამოყენებით; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სახელმწიფო ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. მ-ს ქ. წყალტუბოს სასამართლოს 1994 წლის 31 მარტის განაჩენით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 8 თვისა და 28 დღის ვადით. 1994 წლის 20 აპრილს, ქუთაისის ¹2 იზოლატორიდან თბილისის ¹1 იზოლატორში ეტაპირების დროს, ხაშურში დგომისას, მატარებლის სადგურიდან მოახდინა ჯგუფურად გაქცევა და მიმალვა.

ა. მ-მა დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირისაგან შეიძინა გადაჭრილი, ორლულიანი, „ტოზის” მარკის 12-კალიბრიანი თოფი და უცხოური წარმოების, „ვესტონის” სისტემის რევოლვერი, რომელთაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა.

1994 წლის ივლისში ა. მ-ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ასევე მიმალვაში მყოფ ნ. ჭ-ს და წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გაიტაცეს ქუთაისის ტურისტული ბაზის „პაზ-655” მარკის ავტობუსი, რომელსაც მართავდა მძღოლი გ. შ-ძე. ბოროტმოქმედები მოტყუებით ჩაუსხდნენ მას ავტობუსში და იარაღის მუქარით აიძულეს, წასულიყო ხონის მიმართულებით. გზაში მოძრაობისას ნ. ჭ-მ გაისროლა იარაღიდან, მძღოლი გადმოსვეს, საჭესთან დაჯდა ა. მ-ი და წავიდნენ ხონის მიმართულებით. სოფელ მაღლაკის ტერიტორიაზე ავტობუსი გააჩერეს და ა. მ-ი და ნ. ჭ-ძე დანაშაულის ჩადენაში ამხილეს პოლიციელებმა. ნ. ჭ-მ მოახერხა გაქცევა, ხოლო ა. მ-ი წარადგინეს წყალტუბოს პოლიციაში.

ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ა. მ-ს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 7 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, ა. მეგრელიშვილს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 1994 წლის 15 ივლისიდან.

მსჯავრდებული ა. მ-ი საჩივრით ითხოვს მათ მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვასა და მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ა. მ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განაჩენით ა. მ-ი ცნობილია დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტითა და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ყაჩაღობა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ასევე _ მართვის უფლების გარეშე, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით, ჯგუფურად ავტომანქანის გატაცება). ხსენებული პირის მიერ ჩადენილ, სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას მოიცავს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი და სასჯელად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, ადრე მოქმედი სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტები და სასჯელად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი. ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ა. მ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან და 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებზე.

ა. მ-ს მიერ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის სხვა მუხლებით (203 მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით) გათვალისწინებული ქმედებების სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე პალატა არ მსჯელობს, რადგან ამ მუხლებით განსაზღვრული სასჯელები დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კანონის შესაბამისი მუხლების სანქციათა ფარგლებშია და ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სიმძიმის კატეგორია არ შეცვლილა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

იმის გათვალისწინებით, რომ ა. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 15 ივლისიდან, მას ამ განჩინებით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. მ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქალაქ ქუთაისის 1994 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ა. მ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

ა. მ-ს ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებზე და მიესაჯოს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, ა. მ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ა. მ-ს საბოლოოდ მიესაჯოს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. მ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.