შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 24.06.2009
საქმის ნომერი
180საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹180საზ-07 24 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე)

პ. სილაგაძე, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 აპრილის განაჩენით თ. გ-ს ძე ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ», «დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2000 წლის 29 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 ნოემბრის ¹---განკარგულებით თ. ს. შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

მსჯავრდებული თ. ს. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 აპრილის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის სამჯერ ნასამართლევმა თ. ს-მა საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტები სასჯელად ითვალისწინებს, შესაბამისად, 3-დან 5 წლამდე და 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი. ამასთან, შეიცვალა დანაშაულის კატეგორია. ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ახალ სისხლის სამართლის კანონს აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ს-ს ქმედება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტებზე.

რაც შეეხება სასჯელს, იგი მოქმედი კანონის სანქციის ფარგლებშია, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და საჩივრის ავტორის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უსაფუძვლოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ს-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 აპრილის განაჩენი შეიცვალოს: თ. ს-ს ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ», «დ» ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და მე-4 ნაწილის «გ» ქვეპუნქტებზე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ თ. ს-ს დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.