შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
259 საზ. ქ. თბილისი
29 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ი. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა _ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით): 78-ე მუხლის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; მე-17 მუხლისა და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით; 209I მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით. იმავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. დ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით გ. ა-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 1999 წლის 22 იანვრიდან.
ი. დ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ბანდიტიზმი, ორგანიზება გაუკეთა შეიარაღებულ ბანდას და მონაწილეობა მიიღო ამ ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმებში. მანვე, ბანდის სხვა წევრებთან ერთად მოახდინა შეიარაღებული თავდასხმა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის მუშაკების მიმართ, რა დროსაც მოკლულ იქნა პოლიციელი; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
მსჯავრდებული ი. დ-ი საჩივრით ითხოვს მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ი. დ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ი. დ-ს მიერ დანაშაულის ჩადენისას საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტს (განზრახ მკვლელობა მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი. დ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ამასთან, ი. დ-ს სასჯელის ზომა უნდა განესაზღვროს ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, კერძოდ, მას საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლის მე-2 ნაწილით (მითითებული რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის შეფარდებული სასჯელი _ 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 6 (ექვსი) წლით და მას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის) სასჯელად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე, ასევე უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით იმავე ქმედებისათვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 14 წლამდე. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. დ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლიდან და 104-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მესამე ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) თანახმად, დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა ყოფილიყო ჩადენილი დამთავრებული დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის სამ მეოთხედზე მეტი, მსჯავრდებულ ზ. მ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 109-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა უნდა დაენიშნოს 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ი. დ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი გარემოების სახით სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (მითითებული რედაქცია) თანახმად, მსჯავრდებულ ი. დ-სათვის ზემომითითებული სასჯელები შთანთქმულ უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლით (მითითებული რედაქცია) განსაზღვრული სასჯელით, რის გამოც მსჯავრდებულ ი. დ-ს განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით უნდა შეუმცირდეს 5 (ხუთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი შეამოწმა სრული მოცულობით და მიაჩნია, რომ განაჩენი მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მისი მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის მიმართ ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 567-568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. დ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ი. დ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2091 მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, ხოლო მისივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში საართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გამოყენებით მსჯავრდებულ ივანე დობაძიშვილს სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რომლებიც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (მითითებული რედაქცია) თანახმად შთანთქმულ იქნეს იმავე განაჩენით მის მიმართ დანიშნული სხვა უფრო მკაცრი სასჯელით.
მსჯავრდებულ ი. დ-ს განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით შეუმცირდეს 5 (ხუთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.