დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
380/საზ ქ. თბილისი
7 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 13 სექტემბრის განაჩენით:
ვ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 133-ე მუხლით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით _ სიკვდილით დასჯა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, ვ. ი-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა სიკვდილით დასჯა. ვ. ი-ნი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად;
ე. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 133-ე მუხლით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, ე. გ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹387 ბრძანებულებით ვ. ი-ს განაჩენით დანიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
განაჩენით ვ. ი-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი; ადამიანის მოტაცება ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით; გამოძალვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; სატრანსპორტო საშუალების გატაცება, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით.
მსჯავრდებულ ვ. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ი საჩივრით ითხოვს ვ. ი-ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით ვ. ი-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეოთხე პუნქტებით, 133-ე მუხლით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით (2006 წლის 5 ივლისის რედაქცია) წარმოადგენს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობას, რადგან ამავე კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
აღნიშნულ ცვლილებამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იყო ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულების _ ვ. ი-სა და ე. გ-ის წინასწარი შეთანხმება რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ 2006 წლის 5 ივლისის ცვლილებამდე, რომელიც ძალაშია ამავე წლის 23 აგვისტოდან, მოქმედი სისხლის სამართლის კანონი ორგანიზებული ჯგუფის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნის, დეფინიციის შესახებ, რომელიც ყველაზე მსუბუქია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტით (ძვ. რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ყაჩაღობისათვის, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს ყაჩაღობა სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, ე.ი. არ იცვლება დანაშაულის სიმძიმის კატეგორია და დანიშნული სასჯელიც _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა სანქციის ფარგლებშია, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტი (ძვ. რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან.
მსჯავრდებულ ვ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 133-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ადამიანის მოტაცების ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთისათვის, ჩადენილი ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებთან და სასჯელის ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ. ი-ი საჩივრით ითხოვს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის გამო მსჯავრდების ნაწილში მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. როგორც აღინიშნა, ვ. ი-ს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის, რაშიც ბრალი დაედო ვ. ი-ს, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე _ თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. იმავე ქმედებისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტების სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამრიგად, ვ. ი-ს მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, ვ. ი-ს მიერ ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, მითითებულ ნაწილში ვ. ი-ს ქმედების განაჩენით განსაზღვრული კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან. ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ი-ს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. ი-ს, რომელსაც წინათ განჩინებით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით _ მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 13 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მის სასიკეთოდ.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ე. გ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით ე. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, 133-ე მუხლით, 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.
მსჯავრდებულ ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტის სახით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული და მას ამ მუხლით უნდა მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 133-ე მუხლით შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებთან იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული და მას ამ მუხლით უნდა მიესაჯოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის (ძვ. რედაქცია) 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალების გატაცებისათვის, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე; ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის II ნაწილის თანახმად: “თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებთან და სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ე. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედაქცია) 154-ე მუხლის მეორე ნაწილით, 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ ე. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 13 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ ვ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე;
მსჯავრდებულ ვ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის მეოთხე პუნქტითა (ძვ. რედაქცია) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ვ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ვ. ი-ს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე და მეშვიდე პუნქტების (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ე. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ე. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებზე და სასჯელის ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ე. გ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.