შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹50-საზ-08 6 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 1998 წლის 25 მაისს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილი გარემოების წესით გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 25 მაისის განაჩენით გ. ბ-ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით): 78-ე მუხლით, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებითა და 240-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) 78-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; 238-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. აღნიშნული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე გ. ბ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით მსჯავრდებულ იქნენ: მ. მ-ი, ა. შ-ე, გ. გ-ი და ჯ. ბ-ი, რომლებსაც განაჩენით დანიშნული სასჯელები ამჟამად მოხდილი აქვთ.
მსჯავრდებულმა გ. ბ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ 1998 წლის 25 მაისს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ბ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა და ტარება ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) იგივე ქმედებები ისჯებოდა შესაბამისად _ თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და ვადით ხუთ წლამდე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე უფრო მსუბუქ კანონს მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიერ ჩადენილი ამ ქმედების მიმართ.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, წარმოადგენს ასეთი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, ხოლო საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
განხილული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) პირველ და მე-2 ნაწილებზე, ხოლო ამ ნაწილში მას სასჯელად უნდა განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რომლებიც საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე შთანთქმულ უნდა იქნეს გასაჩივრებული განაჩენით მის მიმართ დანიშნული ყველაზე მკაცრი სასჯელით, რის გამოც მსჯავრდებულ გ. ბ-ს საბოლოო სასჯელად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
რაც შეეხება გ. ბ-ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის სხვა მუხლებით, ამ ნაწილში განაჩენის მიმართ არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოებები, რის გამოც განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. საბოლოოდ საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 25 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ბ-ს ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) და ამ ქმედებისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს: 236-ე მუხლის პირველი ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) მე-40 მუხლის საფუძველზე აღნიშნული სასჯელები შთანთქმულ იქნეს იმავე განაჩენით გ. ბ-ს მიმართ დანიშნული ყველაზე მკაცრი სასჯელით, რის გამოც მას მოსახდელად დარჩეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.