შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 05.11.2008
საქმის ნომერი
70საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

70საზ ქ. თბილისი

5 ნოემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. წ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედმხედველო პალატის 2000 წლის 23 თებერვლის დადგენილების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენით ზ. წ-ი, _ დაბადებული ...... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 7 წლით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 3 წლით, მე-2 ნაწილით _ 5 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, ზ. წ-ს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, გადასახლებით 3 წლის ვადით, ქონების კონფისკაციით. იგი ცნობილ იქნა განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად და სასჯელის ათვლა დაეწყო 1994 წლის 7 ივნისიდან.

ამავე განაჩენით ნ ს-ს ასული. მ., _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 4 წლით, 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 წლით, 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 5 წლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე, ნ. მ-ს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით საბოლოოდ მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, რომლის ათვლა დაეწყო 1994 წლის 4 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1995 წლის 23 მაისის განჩინებით შესწორდა და ნ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 10 ოქტომბრიდან; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 23 თებერვლის დადგენილებით გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ არაერთხელ ნასამართლევმა ზ. წ-მ ბინაში შეღწევით ჩაიდინა ქურდობა; ასევე _ მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ დაზიანება; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა, შეძენა და ტარება; ასევე _ ყაჩაღობა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთახმებით, ბინაში შეღწევით, ხოლო ნ. მ-მ _ დანაშაულის დაფარვა; ასევე _ ყაჩაღობა ჯგუფურად, განმეორებით, ბინაში შეღწევით; ასევე _ მოქალაქის პირადი ქონების განზრახ დაზიანება საყოველთაოდ საშიში საშუალებით _ ხელყუმბარის აფეთქებით; ასევე _ ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

1993 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 3 საათზე, მთვრალმა ზ. წ-მ კარის გაღების გზით შეაღწია დაბა ზაჰესში, ..........-ში მცხ. ნ. კ-ის საცხოვრებელ ბინაში და იქიდან ფარულად გაიტაცა სხვადასხვა დასახელების ნივთები, სანადირო თოფის 120 ცალი ვაზნა და ფული; სულ _ 1015000 რუბლის ნივთები და ფული _ 230000 რუბლის ოდენობით, რითიც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. ნაქურდალი ნივთები ზ. წ-მ გაიტანა ეზოს გარეთ, ქუჩაში და დამალა ნ. კ-ის სახლიდან 50 მეტრის მოშორებით, რის შემდეგაც მივიდა თავის სახლში, სადაც ეძინა მის ამხანაგს, ასევე მთვრალ ნ. მ-ს, გააღვიძა იგი და უთხრა, რომ გაქურდა ნ. კ-ის ბინა და სთხოვა დახმარება ნაქურდალი ნივთების თავის სახლში გადასატანად. ნ. მ. გაჰყვა მას და ორივემ ერთად წამოიღო მოპარული ნივთები.

ზ. წ-მ 1993 წლის აგვისტოში ქ. თბილისში, ე.წ. „მუხიანის ბაზრობაზე», დაუდგენელი პირისაგან 5000 რუბლად უკანონოდ შეიძინა ფეთქებადი ნივთიერება _ „ფ-1» სისტემის ხელყუმბარა, რომელსაც ასევე უკანონოდ ატარებდა და სათანადო ნებართვის გარეშე ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.

აღნიშნული ხელყუმბარა ზ. წ-ს თან ჰქონდა და ატარებდა 1993 წლის 1 სექტემბერს, როდესაც, ნასვამი, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის მეგობარ ნ. მ-ს. მათ ჩამოაყალიბეს პირთა ჯგუფი და გადაწყვიტეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ დაბა ზაჰესში, .....-ში მცხ. გ. მ-ის ოჯახს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით გაეტაცებინათ მისი კუთვნილი ქონება. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაახლოებით 21.30 საათზე, მათ შეაღწიეს აღნიშნულ ბინაში, სადაც დახვდათ გ. მ-ის არასრულწლოვანი გოგონა თ. ც. და ნათესავი, ასევე არასრულწლოვანი გ. გ-ი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, როდესაც თავდამსხმელებმა მოსთხოვეს მათთვის ძვირფასეულობის, ფულისა და ცეცხლსასროლი იარაღის გადაცემა, თუ ასეთი ჰქონდათ ბინაში. უარის მიღების შემდეგ მათ თ. ც-ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდნენ ხელყუმბარით, ამ დროს გ. გ-მ შეძლო ყაჩაღებისაგან თავის დაღწევა და გ. მ-თვის მომხდარის შეტყობინება, რის გამოც ზ. წ-ი და ნ. მ. იძულებულები გახდნენ, ბინიდან გაქცეულიყვნენ. მათ არ იკმარეს ჩადენილი და, სახლიდან გასულებმა, გ. მ-ის ქონების განზრახ განადგურების მიზნით, მისი სახლის სახურავზე ისროლეს ხელყუმბარა „ფ-1», რომელიც აფეთქდა და დააზიანა სახლის სახურავი, ხოლო დაზიანებით გამოწვეულმა ზარალმა შეადგინა 1275000 კუპონი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის განაჩენით პროკურორსა და მსჯავრდებულ ზ. წ-ს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ზ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 11 თვე, 19 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით, 5 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 20 ივნისიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით ზ. წ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე დამატებული, მცხეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 9 თვისა და 14 დღის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 თვითა და 22 დღით; ზ. წ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი და მისი ათვლის დაწყების თარიღი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ზ. წ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულია მცხეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 3 თებერვლის განაჩენით; 2006 წლის 31 მაისიდან სისხლის სამართლის კოდექსში ამოქმედდა ცვლილებები, ამიტომ მისი ქმედება საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 152-ე მუხლიდან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს 179-ე მუხლთან და შეუმსუბუქდეს სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ზ. წ-ი ცნობილია დამნაშავედ ადრე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებითაც (ყაჩაღობა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ბინაში შეღწევით), რისთვისაც დანიშნული აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულ ქმედებას მოიცავს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი და სასჯელად ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი, რის გამოც, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზ. წ-ის ქმედება 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

ამასთან, სსკ-ის 152-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-5 პუნქტებით ნ. მ-ს მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ამ მუხლით ნ. მ-ის დანიშნული სასჯელი მოქმედი სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და არც ამ ქმედების სიმძიმის კატეგორია შეცვლილა.

გარდა ამისა, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში ნ. მ-ის მიმართ საქმე შეწყდეს, რადგან ეს უკანასკნელი მსჯავრდებულია იმ დანაშაულის დაფარვისათვის, რისთვისაც კანონით შეიძლებოდა დანიშნულიყო თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სსკ-ის 375-ე მუხლი ითვალისწინებდა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, ნ. მ-მ კი დაფარა მძიმე დანაშაული _ ქურდობა, ბინაში შეღწევით.

ზ. წ-ისა და ნ. მ-ის ქმედებები ადრე მოქმედი სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (რაც სასჯელად ითვალისწინებდა 1-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას) უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის სანქცია ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი. ამასთან, შეიცვალა დანაშაულის კატეგორია და სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ახალ კანონს აქვს უკუძალა. ამასთან, მსჯავრდებულებისათვის სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ისინი მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ფარგლებშია.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

პალატა არ მსჯელობს გასაჩივრებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა მუხლების (150-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები) მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანაზე, რადგან არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

იმის გათვალისწინებით, რომ ზ. წ-ს მნიშვნელოვნად უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. წ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 23 თებერვლის დადგენილება გაუქმდეს ნ. მ-ის სსკ-ის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში ნ. მ-ის მიმართ შეწყდეს საქმე;

ზ. წ-ისა და ნ. მ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;

ზ. წ-ის ქმედება სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი და მე-5 პუნქტებიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. წ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან;

გასაჩივრებული დადგენილება სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულ ნ. მ-თვის დანიშნული საბოლოო სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ი. ტყეშელაშვილი