შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 23.04.2009
საქმის ნომერი
25საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.04.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

25/საზ-09 ქ. თბილისი

23 აპრილი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. ჩ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ცაგერის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის განაჩენით:

ფ. ჩ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ძვ რედაქცია), სსკ-ის 238-ე მუხლის III-IV-V ნაწილები, სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილი და ამ ნაწილებში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I-II-IV-VI პუნქტებით _ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 25 აპრილიდან.

დ. ნ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ძვ რედაქცია) და ამ ნაწილში ბრალდების დაუდასტურებლობის გამო გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 11 ივლისიდან.

ჯ. ხ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ძვ რედაქცია) და ამ ნაწილში ბრალდების დაუდასტურებლობის გამო გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 12 ივლისიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ ფ. ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება; ბოროტი ხულიგნობა ე.ი მოქმედება, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩევა უაღრესად დიდი ცინიზმით და დაკავშირებულია წინააღმდეგობის გაწევასთან ხულიგნური მოქმედების აღმკვეთი სხვა მოქალაქეებისათვის; ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ყაჩაღობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი, ბინაში უკანონო შეღწევით, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით.

მსჯავრდებული ფ. ჩ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით ფ. ჩ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით, სსკ-ის 238-ე მუხლის I-II ნაწილებით, სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I-II-IV-VI პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. ჩ-ს მიერ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება ყაჩაღობის ეპიზოდში, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), ვინაიდან ფ. ჩ-ეE და მისი თანამზრახველები მოქმედებდნენ ერთი დანაშაულის ჩასადენად, კერძოდ, ისინი თავს დაესხნენ ავტობუსს მგზავრთა ქონების დაუფლების მიზნით.

საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძვ.რედაქცია) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ფ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან იგი სანქციის ფარგლებშია.

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ფ. ჩ-ს, ი. ბ-სა და სხვათა მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ყაჩაღობის ეპიზოდებში (საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის I პუნქტი (ძვ.რედ), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც ითვალისწინებს თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რადგან, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ფ. ჩირგაძე და მისი თანამზრახველები წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, რაც მიუთითებს მათ მიერ წინასწარ შექმნილ პირთა მყარ ჯგუფზე.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის I პუნქტი (ძვ.რედ.) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ არ იცვლება და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.

საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II პუნქტით (ძვ.რედაქცია), (ყაჩაღობა, ჩადენილი სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ფ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის II პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.

განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ფ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის IV-VI პუნქტებით, სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის I-II ნაწილებით (ძვ.რედ.), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ დ. ნ-სა და ჯ. ხ-ს მიმართაც და მიიჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

განაჩენით დ. ნ-სა და ჯ. ხ-ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის (ძვ.რედ.) 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ დ. ნ-სა და ჯ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულთა სასიკეთოდ იცვლება, ხოლო დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ისინი სანქციის ფარგლებშია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ფ. ჩ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ფ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის II პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის I ნაწილთან.

მსჯავრდებულების _ ფ. ჩ-ს, დ. ნ-სა და ჯ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ დავით ნემსაძის, ჯ. ხ-სა და ფ. ჩ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.