შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 03.07.2009
საქმის ნომერი
30საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
03.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

30საზ-09 ქ. თბილისი

3 ივლისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. Bბ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ო. ვ-ს ძე ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო. ბ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით გ. თ-ის ძე ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 7 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. თ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2004 წლის 9 ოქტომბრიდან.

განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ო. ბ-ემ და გ. ტ-ემ ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა; ო. ბ-ემ ასევე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება, ხოლო გ. ტ-ემ _ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.

მსჯავრდებული ო. ბ-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 31 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, რადგან ახალი კანონით მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს არა განსაკუთრებით მძიმე, არამედ მძიმე დანაშაულს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, შეისწავლა პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულების _ ო. ბ-სა და გ. ტ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, ვინაიდან ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონით შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი. ამასთან, შეიცვალა დანაშაულის კატეგორია და ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ახალ სისხლის სამართლის კანონს აქვს უკუძალა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან არ არსებობს მისი გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ო. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს: ო. ბ-სა და გ. ტ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულებისათვის სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.