შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 05.06.2009
საქმის ნომერი
33საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹33საზ-09 ქ. თბილისი

5 ივნისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ყ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 ივნისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 ივნისის განაჩენით ზ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მიესაჯა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით გ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,გ» და მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

გ. რ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ი. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2003 წლის 12 სექტემბრიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-მ ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ ჯგუფურად და სადგომში უკანონო შეღწევით ქურდობა;

ზ. ყ-მა და ზ. ყ-მ ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა, ხოლო გ. რ-მა და ი. კ-მ _ ქურდობის მცდელობა ჯგუფურად.

მსჯავრდებული ზ. ყ. თავის საჩივარში მიუთითებს, რომ მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც აუმჯობესებს მის მდგომარეობას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების კუთხით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ყ. ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

სამოტივაციო ნაწილი:

სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ზ. ყ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული _ ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად.

2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ეს ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. დღეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელად ადგენს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე და წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით ამ ქმედებისათვის შემსუბუქდა სასჯელი, კერძოდ, მისი ზედა ზღვარი და შეიცვალა დანაშაულის კატეგორიაც. ამდენად, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ახალ სისხლის სამართლის კანონს აქვს უკუძალა და გ. ჯ-ს, ზ. ყ-ს და ზ. ყ-ს ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.

აღნიშნული მოტივით, გ. ჯ-ს ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებზე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდესთან შესაბამისობაში მოყვანის ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლით, სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ზ. ყ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 21 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების სასიკეთოდ: გ. ჯ-ს, ზ. ყ-ს და ზ. ყ-ს ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე;

გ. ჯ-ის ქმედება ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტიდან და მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს მოქმედი რედაქციის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებზე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.