დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.01.2010
საქმის ნომერი
2კ-610აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.01.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

610აპ-09 12 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ქ-შვილის დამცველი ადვოკატების _ ა. ბ-ძისა და კ. წ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბრალდებო დასკვნით ო. ქ-შვილს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

მასვე ბრალი დაედო არაერთგზის ყალბი საანგარიშსწორებო ბარათისა და საგადასახადო დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, კერძოდ: საბრალდებო დასკვნით 2000 წლის 7 აპრილს ო. ქ-შვილმა სხვა პირებთან ერთად დააფუძნა შპს „ჯ-ი“, რომელიც აღრიცხვაზე აყვანილ იქნა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგადასახადო ინსპექციაში. საზოგადოება 1 აგვისტოდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციაში. 2006 წლის 6 სექტემბრიდან საზოგადოება რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად და მიღებული აქვს სერტიფიკატი. საზოგადოების დირექტორია ო. ქ-შვილი. „ჯ-ის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საინჟინრო კვლევა-ძიება და მშენებლობა.

2006 წლის 3 ნოემბერს შპს „ჯ-ისა“ და სსიპ „ფ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, შპს „ჯ-იმ“ მოიპოვა უფლება, შეესრულებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ჩრდილო-სამხრეთის ნავთობისა და გაზის მილსადენის გ-ას გადამკვეთი და დაზიანებული, კოროზიული ნაწილის 193-ე კმ-ზე. ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 444 917 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც უშუალოდ გ-ას გადამკვეთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1 006 306 აშშ დოლარს, რაც დაფინანსდა „ფ-ის“ მიერ და საქართველოსა და აშშ-ს მთავრობებს შორის შეთანხმების „ფ-ის“ მე-2 მუხლის 2.2გ ნაწილის შესაბამისად, აისახა საქართველოს ბიუჯეტში.

2006 წლის 4 ნოემბერს, შპს „ჯ-იმ“ ზემოხსენებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების მიზნით, ქვეკონტრაქტი გააფორმა შპს „დ-თან“, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ჩრდილო-სამხრეთის ნავთობსადენისა და გაზსადენის გ-ას გადაკვეთაზე ჩაეტარებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორის მიერ გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციის, მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის და გარემოს დაცვის მოთხოვნებისა და წესების გათვალისწინებით. ხელშეკრულებით განისაზღვრა ჩასატარებელი სამუშაოები და ღირებულება, რამაც შეადგინა 697 380 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქვეკონტრაქტის საფუძველზე შპს „დ-მა“ 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის მაისამდე ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები: მილების დაფარვა ბეტონის იზოლაციით და მათი ტრანსპორტირება სამუშაო მოედანზე, მიწის სამუშაოები და თხრილის გათხრა, მილების თხრილში ჩაწყობა, მოსამზადებელი სამუშაოები ახალი მილის არსებულ მილთან მისაერთებლად, თხრილების გრუნტით შევსება, დამცავი კონსტრუქციით თხრილის მომზადება, მიწის ნაყარის ჩარეცხვის საწინააღმდეგო რკინა-ბეტონის ფილების ადგილზე ჩამოსხმა და დალაგება.

შპს „ჯ-ის“ დირექტორმა ო. ქ-შვილმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ჩრდილო-სამხრეთის ნავთობსადენისა და გაზსადენის გ-ას გადაკვეთაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას განიზრახა, მიეთვისებინა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხები და ამ მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს „დ-ის“ დირექტორს მ. რ-შვილს, შპს „ჯ-ის“Eმშენებლობის მენეჯერს ა. ბ-შვილსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მშენებლობის მენეჯერს ა. მ-ვს, რომლებსაც შეუთანხმდა, რომ გენერალური დამკვეთისათვის ეტაპობრივად წარდგენილ ინვოისებში, ინვოისის დანართებსა და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ხელოვნურად გაეზარდათ შესრულებული სამუშაოების პროცენტული მაჩვენებლები და შესაბამისად _ თანხები, ხოლო დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების შემდეგ დიდი ოდენობით მიეთვისებინათ სახელმწიფო თანხები.

2007 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით პერიოდში ქვეკონტრაქტის 213-ე პუნქტით გათვალისწინებული ტრანშეის ამოთხრის შედეგად, შპს «დ-ს» უნდა ამოეღო 3300 კუბური მეტრი გრუნტი. აღნიშნული სამუშაოს ეტაპობრივად ჩატარების დროს დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედი მ. რ-შვილი, შპს „ჯ-ის“ მხრიდან მშენებლობის მენეჯერი ა. ბ-შვილი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელსა და მშენებლობის მენეჯერ ა. მ-ვს აბარებდნენ რა ქვეკონტრაქტის 213-ე პუნქტით გათვალისწინებულ ტრანშეის ამოთხრის სამუშაოებს, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ხელოვნურად გაზარდეს სამუშაოების პროცენტული მაჩვენებლები და ნაცვლად ფაქტობრივად ამოთხრილი 2832 კუბური მეტრი გრუნტისა, შესრულებულად დააფიქსირეს: 2007 წლის 31 იანვრის მდგომარეობით _ სამუშაოს 30%, იმავე წლის 28 თებერვლის მდგომარეობით _ 70%, ხოლო 31 მარტის მდგომარეობით _ 100%. შესაბამისად 3300 კუბური მეტრი და ფაქტობრივად ამოთხრილი გრუნტის ოდენობა მათ ხელოვნურად გაზარდეს 478 კუბური მეტრით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს შპს „დ-ის“ მხრიდან ხელი მოაწერეს მ. რ-შვილმა, შპს „ჯ-ის“ მხრიდან _ ა. ბ-შვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან _ ა. მ-ვმა. მიიღო რა აღნიშნული შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, ო. ქ-შვილმა დაამზადა და „ფ-ს“წარუდგინა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ინვოისები, რომლებსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაურთო ზემოხსენებული შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები და ტრანშეის ამოთხრის შედეგად ფაქტიურად გამომუშავებული 29 036 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა 33 835 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაც ჩაირიცხა შპს „ჯ-ის“ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც მიითვისეს ზედმეტად ჩარიცხული თანხა.

2007 წლის მარტსა და აპრილში ქვეკონტრაქტის 223-ე პუნქტით გათვალისწინებულ გრუნტის სამუშაოების ჩატარების შედეგად შპს „დ-ს“ უნდა ჩაეყარა ტრანშეიში 6500 კუბური მეტრი გრუნტი. აღნიშნული სამუშაოს ეტაპობრივად ჩაბარების დროს დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედი მ. რ-შვილი და შპს „ჯ-ის“ მხრიდან მშენებლობის მენეჯერი ა. ბ-შვილი, მათთან ერთად დანაშაულებრივ კავშირში მყოფ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მშენებლობის მენეჯერ ა. მ-ვს, აბარებდნენ რა ქვეკონტრაქტის 223-ე პუნქტით გათვალისწინებულ გრუნტის უკუჩაყრის სამუშაოებს, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ხელოვნურად გაზარდეს სამუშაოების პროცენტული მაჩვენებლები და ფაქტობრივად ჩაყრილი 2832 კუბური მეტრი გრუნტისა, შესრულებულად დააფიქსირეს 2007 წლის მარტში _ სამუშაოს 70%, ხოლო 11 მაისის მდგომარეობით _ 100%, ანუ 6500 კუბური მეტრი და ფაქტობრივად უკუჩაყრილი გრუნტის ოდენობა გაზარდეს 3668 კუბური მეტრით. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს შპს „დ-ის“ მხრიდან ხელი მოაწერეს მ. რ-შვილმა, შპს „ჯ-ის“ მხრიდან _ ა. ბ-შვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან კი _ ა. მ-ვმა. მიიღო რა აღნიშნული შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, ო. ქ-შვილმა დაამზადა და „ფ-ს“ გაუგზავნა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ინვოისები, რომლებსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად დაურთო ზემოხსენებული შესრულებულ სამუშაოთა აქტები და გრუნტის უკუჩაყრით ფაქტიურად გამომუშავებული 29 037 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა 66 646 აშშ დოლარი, რაც ჩაირიცხა შპს „ჯ-ის“ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც ზედმეტად ჩარიცხული თანხა მიითვისეს.

2007 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით ქვეკონტრაქტის 312-ე პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაყარის ჩარეცხვის საწინააღმდეგოდ რკინა-ბეტონის ფილების სამუშაოების ჩატარების შედეგად, შპს „დ-ს“ უნდა მოეწყო ათასი კუბური მეტრი რკინა-ბეტონის ფილა. აღნიშნულ სამუშაოთა ეტაპობრივად ჩატარების დროს დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედი მ. რ-შვილი, შპს „ჯ-ის“ მშენებლობის მენეჯერი ა. ბ-შვილი, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელსა და მშენებლობის მენეჯერ ა. მ-ვს აბარებდნენ რა ქვეკონტრაქტის 312-ე პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაყარის ჩარეცხვის საწინააღმდეგო რკინა-ბეტონის ფილების სამუშაოებს, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ხელოვნურად გაზარდეს მათი პროცენტული მაჩვენებლები და ფაქტობრივად შესრულებული 366 კუბური მეტრი რკინა-ბეტონის ფილისა, შესრულებულად დააფიქსირეს: 2007 წლის 31 იანვრის მდგომარეობით _ სამუშაოს 50%, იმავე წლის 28 თებერვლის მდგომარეობთ _ სამუშაოს 80%, 31 მარტის მდგომარეობით _ 90%, ხოლო 11 მაისის მდგომარეობით _ 100%, ანუ ათასი კუბური მეტრი და ფაქტობრივად მოწყობილი რკინაბეტონის ფილების ოდენობა ხელოვნურად გაზარდეს 634 კუბური მეტრით.

შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს „დ-ის“ მხრიდან ხელი მოაწერეს მ. რ-შვილმა, შპს „ჯ-ის“ მხრიდან _ ა. ბ-შვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან _ ა. მ-ვმა. მიიღო რა აღნიშნული შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, ო. ქ-შვილმა დაამზადა და „ფ-ს“ გაუგზავნა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ინვოისები, რომლებსაც სხვა დოკუმენტაციასთან ერთად დაურთო ზემოთ აღნიშნული შესრულებულ სამუშაოთა აქტები და მიწის ნაყარის ჩარეცხვის საწინააღმდეგო რკინა-ბეტონის ფილების სამუშაოების ჩატარების ფაქტობრივად გამომუშავებული 79 744 აშშ დოლარის ნაცვლად მოითხოვა 217 881 აშშ დოლარი, რაც ჩაირიცხა შპს „ჯ-ის“ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც ზედმეტად გადახდილი თანხა მიითვისეს.

2007 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდში ქვეკონტრაქტის 402-ე პუნქტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის ბლოკებისა და ფილების ტრანსპორტირების შედეგად, შპს „დ-ს“ უნდა გადაეზიდა 2000 ტონა რკინა-ბეტონის ფილები. აღნიშნული სამუშაოს ეტაპობრივად ჩაბარების დროს დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედი მ. რ-შვილი და შპს „ჯ-ის“ მშენებლობის მენეჯერი ა. ბ-შვილი, მათთან ერთად დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელსა და მშენებლობის მენეჯერ ა. მ-ვს აბარებდნენ რა ქვეკონტრაქტის 402-ე პუნქტით გათვალისწინებულ რკინა-ბეტონის ბლოკებისა და ფილების ტრანსპორტირების სამუშაოებს, მიუხედავად იმისა, რომ რკინა-ბეტონის ფილების ტრანსპორტირება არ მომხდარა, გადაზიდულად აჩვენეს 2007 წლის 31 იანვრის მდგომარეობით _ სამუშაოს 50%, 28 თებერვლის მდგომარეობით _ 80%, 31 მარტის მდგომარეობით _ 90%, ხოლო 11 მაისის მდგომარეობით _ 100%, ანუ 2000 კუბური მეტრი. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს შპს „დ-ის“ მხრიდან ხელი მოაწერა მ. რ-შვილმა, შპს „ჯ-ის“ მხრიდან კი _ ა. მ-ვმა. მიიღო რა აღნიშნული შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, ო. ქ-შვილმა დაამზადა და „ფ-ს“ წარუდგინა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ინვოისები, რომლებსაც სხვა დოკუმენტაციასთან ერთად დაურთო ზემოაღნიშნული, შესრულებულ სამუშაოთა აქტები და, ვითომდა გადაზიდული 2000 ტონა რკინა-ბეტონის ფილების ტრანსპორტირებისათვის, მოითხოვა 115 348 აშშ დოლარი, რაც ჩაირიცხა შპს „ჯ-ის“ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნული თანხა მიითვისეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით ო. ქ-შვილს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები და ამ ნაწილში გამართლდა.

ო. ქ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 4 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ო. ქ-შვილის ადვოკატებმა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით აპელანტები ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ო. ქ-შვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ო. ქ-შვილის ადვოკატებმა ა. ბ-ძემ და კ. წ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

კასატორები ითხოვენ ო. ქ-შვილის გამართლებას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. ისინი აღნიშნავენ, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ინვოისები არ წარმოადგენს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტს, ამასთან, არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს განმატებას, რომ ო. ქ-შვილის ქმედება არაერთგზისი დანაშაულია და არა _ განგრძობადი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ო. ქ-შვილის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნების საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ ო. ქ-შვილის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენით მისთვის შერაცხული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები. მისი ბრალეულობა დადასტურებულია მოწმეების _ ბ. ტ-შვილის, მ. ბ-შვილის, ა. მ-ვის, ფ. ჯ-იას, გ. ლ-ისა და თვით მსჯავრდებულ ო. ქ-შვილის ჩვენებებით, ასევე _ საქმეზე მოპოვებული დოკუმენტებით, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და ინვოისებით, შპს «დ-ის» მიერ 2007 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში შედგენილი სასაქონლო ზედნადებებით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც ბათილდება, ანდა ეჭვქვეშ დადგება მსჯავრდებულის მიმართ განაჩენით შერაცხული დანაშაული. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მის მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ანგარიშ-ფაქტურებსა და ინვოისებთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ ისინი ცალსახად წარმოადგენენ საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტებს. რაც შეეხება მათი გაყალბების ხერხს, პალატა განმარტავს, რომ ასეთი დოკუმენტების დამზადება შესაძლებელია მასში ყალბი მონაცემების შეტანის გზითაც.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულ ო. ქ-შვილის ადვოკატების მოსაზრებას _ თითქოს მას, რომც ჩაედინა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ეს იქნებოდა განგრძობადი და არა არაერთგზისი, ვინაიდან ქმედებები განხორციელდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლი, განმარტავს რა განგრძობად დანაშაულს, აწესებს ორ პირობას, რომელთა ერთდროულად არსებობა აუცილებელია. იგი ასეთად რომ ჩაითვალოს, თავიდანვე უნდა არსებობდეს ერთიანი მიზანიც და განზრახვაც საერთო უნდა იყოს. განგრძობადობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დანაშაულის ყველა ეპიზოდზე თავიდანვე მიღებულია ერთიანი გადაწყვეტილება, ყოველი მათგანის ჩადენის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ანუ, ამ შემთხვევაში, მიზნამდე მისასვლელი გზა წინასწარვეა განსაზღვრული და დაგეგმილი. მიზანი დაკავშირებულია შედეგთან (გარკვეული შედეგის მიღწევის სურვილთან), ხოლო განზრახვა, ობიექტური მხრივ _ ქმედებასთან. არა აქვს მნიშვნელობა, დასახული მიზანი (ანუ მისაღწევი შედეგი) არის თუ არა დანაშაულებრივი. მთავარია, რომ თვით ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული.

მსჯავრდებულმა ო. ქ-შვილმა, რომელსაც, თავისავე განცხადების თანახმად, მიზნად ჰქონდა თავდაპირველი პროექტის შეცვლის შემდეგ სატენდერო წინადადების გადარჩენა და ხელშეკრულების გაუქმების თავიდან აცილება, მიზნის მისაღწევად განახორციელა დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ: 2007 წლის 7 თებერვალს შევსებულ იქნა ანგარიშ-ფაქტურა (5 თებერვალს შევსებული ინვოისისა და 31 იანვარს შევსებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე), რომელშიც განზრახ შეიტანა ყალბი მონაცემები და წარუდგინა დამკვეთს. მაგრამ იმის გამო, რომ ეს არ გახდა საკმარისი მიზნის მისაღწევად, მოგვიანებით მან კვლავ განიზრახა განეხორციელებინა მსგავსი ქმედება, რის გამოც, იმავე წლის 11 მაისს შედგენილი ანგარიშ-ფაქტურითა და იმავე დღეს შედგენილი და ხელმოწერილი ინვოისით, ასევე მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის გზით, დამკვეთს მიაწოდა ყალბი ცნობა, რომ ზემოხსენებული სამუშაოები მთლიანად შესრულებულია.

საქმის მასალებით ცხადი ხდება, რომ ო. ქ-შვილს ყალბი ინფორმაციის შეტანა _ სამეურნეო ოპერაციის მოცულობისა და მისაღები თანხის განსაზღვრა ერთდროულად არ განუზრახავს და ამას ვერც შეძლებდა, რამდენადაც, მისი განცხადებით, იგი თავად ეცნობოდა მიმდინარე სამუშაოების შესრულებას და არკვევდა რეალურ მდგომარეობას. ო. ქ-შვილს ფაქტობრივად განზრახვა იმდენჯერ წარმოეშვა, რამდენი დოკუმენტიც მან გააყალბა და გამოიყენა სხვადასხვა დროს. ამის გამო მისი ქმედებები ვერ ჩაითვლება განგრძობად დანაშაულად. როდესაც ერთი ქმედება არ აღმოჩნდა საკმარისი მიზნის მისაღწევად, მან განმეორებით მიმართა მსგავს ქმედებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ო. ქ-შვილის მიმართ კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ო. ქ-შვილის მიმართ სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი განსაზღვრულია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და, ამდენად, არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ადვოკატების _ ა. ბ-ძისა და კ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივნისის განაჩენი ო. ქ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.