განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 15.02.2010
საქმის ნომერი
2კ-830აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.02.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

830აპ-09 15 თებერვალი, 2010 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის დამცველის, ადვოკატ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ი, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ” ქვეპუნქტებისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და გ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით. მასვე სსიპ მეურნეობის სასარგებლოდ დაეკისრა 840 (რვაას ორმოცი) ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, გ. გ-ს მსჯავრი დაედო საცავში შეღწევით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 5 მაისს გ. გ-ი გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 3 (სამი) წელი. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში: 2008 წლის 25 ოქტომბერს გ. გ-მა განიზრახა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა გარდაბნის რაიონის სოფელ - ტერიტორიაზე მდებარე სსიპ მეურნეობის კუთვნილ მავთულბადის ღობეებს. იმავე ღამეს მან უკანონოდ შეაღწია აღნიშნულ ტერიტორიაზე, ახსნა ტერიტორიის შიგნით მდებარე, 840 (რვაას ორმოცი) ლარად ღირებული, 12 (თორმეტი) ცალი ფოლადის კუთხოვნებში ჩასმული მავთულის ბადეები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ, არაერთგზის დაეუფლა მათ. ამის შემდეგ გ. გ-მა მონახა გარდაბნის რაიონის სოფელ ს-ში მცხოვრებნი ო. კ-ი და რ. ც-ი, რომლებსაც დაუმალა რეალური ვითარება და უთხრა, რომ მას ნაყიდი ჰქონდა რკინის კუთხოვნებში ჩასმული მავთულბადეები და სთხოვა, რომ ჩამოეტანათ სოფელ ს-ში, რაზედაც დაითანხმა ისინი. იმავე დილით, დაახლოებით 07.30 საათზე, ო. კ-ს კუთვნილი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომერი, გ. გ-მა მითითებული პირების დახმარებით სსიპ მეურნეობის ტერიტორიიდან მავთულბადეები ჩამოიტანა სოფელ --ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე და გადამალა, რითაც დაზარალებულ _ გ. შ-ს მიაყენა 840 (რვაას ორმოცი) ლარის მატერიალური ზიანი.

Gგარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ-ს ადვოკატმა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ გ. გ-ს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. ფოლადის კუთხოვნებში ჩასმული მავთულის ბადეები მან შეიძინა უცნობი პირისაგან, ვინმე ,,თ-გან».Aაპელანტის განმარტებით, მას კიდევაც რომ სდომებოდა მავთულბადეების მოპარვა, ერთი პირი მაინც ვერ შეძლებდა ერთ ღამეში 32 მავთულბადის გადმოზიდვას სანერგე მეურნეობიდან 300 მეტრის მანძილზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ის დამცველის, ადვოკატ კ. მ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. გ-ის დამცველმა, ადვოკატმა კ. მ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი კ. მ-ე საჩივრით ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია სამოქალაქო სარჩელის ნაწილშიც, ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დადგენილება დაზარლებულის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. გ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა მეურნეობის კუთვნილი მავთულბადეების ფარული დაუფლება. ეს დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა გ. გ-ს მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება და არ არსებობს საფუძველი მისი შეცვლისათვის.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არც მეურნეობის წარმომადგენელი უცვნიათ სამოქალაქო მოსარჩელედ და არც გ. გ-ი _ სამოქალაქო მოპასუხედ, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის მეურნეობის სასარგებლოდ დაეკისრებინათ 840 (რვაას ორმოცი) ლარის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება დადგენილება მეურნეობის წარმომადგენლის სამოქალაქო მოსარჩელედ და გ. გ-ის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება დაზარალებული ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, დაზარალებულ ორგანიზაციას რჩება უფლება, აღნიშნული თანხის თაობაზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ის დამცველის, ადვოკატ კ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულ გ. გ-ის მეურნეობის სასარგებლოდ 840 (რვაას ორმოცი) ლარის დაკისრების თაობაზე, ხოლო სსიპ მეურნეობას დარჩეს უფლება, აღნიშნულ თანხაზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.