განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 07.07.2010
საქმის ნომერი
2კ-66აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

66აპ-10 7 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ლ. მ-ისა და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის _ გ. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განაჩენით ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით ი. ა-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 7 აგვისტოდან.

იმავე განაჩენით ჯ. ზ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 192-ე და 210-ე მუხლების I ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

ჯ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით ჯ. ზ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 7 აგვისტოდან.

განაჩენით ი. ა-ესა და ჯ. ზ-ეს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:

1995 წლის 18 დეკემბერს შპს „ა-ის» (შემდგომში შპს „ა-რის“) დამფუძნებელმა და დირექტორმა ი. ა-ემ, ქალაქ ბათუმის მერიასა და შპს „გ-დ-94-თან» ერთად, დააფუძნა შპს სავაჭრო ცენტრი ,,ბ-ი». ახალშექმნილი საწარმოს წილის 50%-ის მფლობელი გახდა შპს ,,ა-ი“, ქალაქ ბათუმის მერიას გადაეცა საერთო წილის 20%, ხოლო შპს „გ-დ-94-ს“ _ 30%.

შპს სავაჭრო ცენტრი „ბ-ი“ წარმოადგენს ბაზრობას და მისი საქმიანობიდან მიღებული დივიდენდები დამფუძნებლებს შორის ნაწილდებოდა პროცენტული მონაწილეობის მიხედვით. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 12 მაისის ¹...... განკარგულების თანახმად, იმავე წლის 21 ივნისს შპს სავაჭრო ცენტრ „ბ-ის“ წილის 20%, რომლის მფლობელიც იყო ქ. ბათუმის მერია, გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელიც, ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით, ფლობს საზოგადოების 20%-იან წილს და, შესაბამისად, შპს სავაჭრო ცენტრ „ბ-ი“ ამ დროიდან ერთ-ერთ მოწილედ მოიხსენიება.

შპს სავაჭრო ცენტრ „ბ-ის“ საქმიანობიდან მიღებული სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების მიზნით, ილია ანანიძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა შპს „გ-ი-94-ის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ნ. ა-ის მეუღლეს _ თ. კ-ეს, რომელიც იმავდროულად შპს „გ-დ-94-ის“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირია და ასევე, იმავე საწარმოს დირექტორს, 2005 წლიდან საზოგადოების 1, 5% წილის მფლობელ ჯ. ზ-ეს. ი. ა-ე მათ შეუთანხმდა, რომ მოეწვიათ ზემოხსენებულ საწარმოთა პარტნიორთა კრება, სადაც უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება კუთვნილი დივიდენდის ქ. ბათუმის მერიისათვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ, რის შემდეგ სხვის კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისებდნენ.

2005 წლის 21 ივნისს, შეთანხმებისამებრ, მოწვეულ იქნა შპს სავაჭრო ცენტრ „ბ-ის“ პარტნიორთა კრება, რომელსაც შპს „ა-ის“ მხრიდან ესწრებოდა ამ საზოგადოების გენერალური დირექტორი ი. ა-ე, ასევე, შპს „გ-დ-94-ის“ წარმომადგენელი თ. კ-ე და სხვა პირები. კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პარტნიორებისათვის შესაბამისი დივიდენდების ყოველთვიურად განაწილების შესახებ, სადაც თ. კ-ის წინადადებით ასევე გადაწყდა, რომ ქ. ბათუმის მერიის კუთვნილი დივიდენდი 2005 წლის იანვრიდან მთლიანად გადარიცხულიყო შპს „ა-სა“ (შემდგომში შპს „ა-რი“) და შპს „გ-დ-94-ის» ანგარიშებზე, შესაბამისად, დივიდენდის 60% და 40%-ის ოდენობით. ამ გადაწყვეტილების შესრულება დაევალა შპს სავაჭრო ცენტრ „ბ-ის“ ბუღალტერიას.

ზემოხსენებული დროიდან 2008 წლის 30 ივნისამდე ქ. ბათუმის მერიისა და შემდგომში მისი სამართალმემკვიდრის _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილ დივიდენდებს, საწარმოში არსებული წილობრივი მონაწილეობის მიხედვით, შპს სავაჭრო ცენტრ „ბ-ის“ ბუღალტერი ე. მ-ე იმავე საზოგადოების სალაროდან გადასცემდა პირადად ჯ. ზ-ეს, შპს „ა-ის“ (შპს „ა-რი“) და შპს „გ-დ-94-ის» სალაროებს, რასაც შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ ი. ა-ე და თ. კ-ე.

2005 წლის ივნისიდან 2008 წლის 30 ივნისამდე ი. ა-ემ, თ. კ-ემ და ჯ. ზ-ემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილი 304459 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ ი. ა-ისა და ჯ. ზ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ დ. ა-ემ და ლ. მ-ემ.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების _ ჯ. ზ-ისა და ი. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტებმა დააზუსტეს თავიანთი სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს: ჯ. ზ-ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, ხოლო ი. ა-ის მიმართ _ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. ამასთან, ალტერნატივის სახით ითხოვეს: ი. ა-ის მიმართ ჩატარებული კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის სასჯელის აღსრულების გადავადება.

სახელმწიფო ბრალმდებელმა გ. კ-მა ითხოვა ი. ა-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, ხოლო ჯ. ზ-ის მიმართ იშუამდგომლა მის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 4 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულ ჯ. ზ-ეს, მის ადვოკატ ლ. მ-ესა და პროკურორ გ. კ-ს შორის.

ჯ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი – 1 წელი, 4 თვე, 3 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი _ 3 წელი, 7 თვე და 27 დღე იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით _ 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ჯ. ზ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 45 000 ლარი.

ჯ. ზ-ე გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

ი. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე მას დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ი. ა-ეს განაჩენის აღსრულება გადაევადა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-ემ და აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსმა პროკურორმა გ. კ-მა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა _ მსჯავრდებულ ი. ა-ის ადვოკატმა, ლ. მ-ემ ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

კასატორმა – აჭარის ა/რ-ის პროკურორმა გ. კ-მა ითხოვა უკანონო განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად, მისი გამკაცრების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენი ი. ა-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, გაარკვიოს მტკიცების საგნის ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას.

საკასაციო პალატას საკმარისად არ მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რადგან, თვლის, რომ არც რაიონულმა და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის გარემოებები ი. ა-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით და ერთნაირი გულმოდგინებით გაარკვიოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის შემდეგაც სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენი ი. ა-ის მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.