საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.01.2011
საქმის ნომერი
2კ-1055აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹1055აპ-10 31 იანვარი, 2011 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. ფ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენით ბ. მ-ე და ჯ. ს-ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის I ნაწილით _ 2-2 (ორ-ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ” 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ისინი გათავისუფლდნენ ძირითადი სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; 332-ე მუხლის I ნაწილისა და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 6-6 (ექვს-ექვსი) წლით, ხოლო 353-ე მუხლის I, II ნაწილებით _ 4-4 (ოთხ-ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ბ. მ-ესა და ჯ. ს-ს სასჯელად განესაზღვრათ 10-10 (ათ-ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი სიგარეტი _ 2450 კოლოფი ,,ტროიკა” და 3000 კოლოფი ,,ნოვოსტი” განადგურდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ბ. მ-ემ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როგორც ფსიქიკურმა ავადმყოფმა, დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში _ გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გაუგრძელდეს საერთო წესით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის I ნაწილით, სსკ-ის 332-ე მუხლის I ნაწილის, იმავე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 353-ე მუხლის I, II ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ დ. ფ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.