გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი

სისხლის სამართლის 24.03.2011
საქმის ნომერი
2კ-105აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

105აპ-11 ქ. თბილისი

24 მარტი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ის დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ზ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. კ-ი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. სამხედრო ნაწილი ¹ მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 23 მარტის ბრძანებით იგი ჩაირიცხა პირად შემადგენლობაში და მიენიჭა სამხედრო წოდება „რიგითი”, ხოლო 2010 წლის 1 აპრილის ბრძანებით შემდგომი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასაგრძელებლად გადაიყვანეს ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში და დაინიშნა მე-2 ასეულის მსროლელად.

2010 წლის 23 ივნისს ზ. კ-ი იმყოფებოდა ¹ სამხედრო ნაწილის სადღეღამისო განაწესში ¹7-ე საგუშაგოზე, გამოიჩინა დაუდევრობა, კერძოდ, გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება ევალებოდა და შეეძლო კიდეც _ ცვლის უფროსების ბრძანებაზე განემუხტა დამუხტული იარაღი, მჭიდის გაუხსნელად განმუხტა მასზე გაპიროვნებული „აკ-74” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და განახორციელა საკონტროლო გასროლა, რის შედეგადაც გასროლილი ჭურვი მოხვდა გუშაგ ბ. კ-ის ავტომატს, იქიდან ასხლეტილი ფრაგმენტები კი _ თვითონ ბ. კ-ს, რამაც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია.

აღნიშნული ქმედებისათვის ზ. კ-ს განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 ლარი. გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას ყადაღა ბაღდათის რაიონის სოფელ --- მდებარე მიწის ნაკვეთებს.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა გ. ჯ-მა და ითხოვა ზ. კ-ისათვის სასჯელის ზომად ჯარიმის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი _ ადვოკატი გ. ჯ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა ზ. კ-მა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას; იგი არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საშიშ პირს, სამხედრო ნაწილიდან გაცემული ცნობით ხასიათდება დადებითად; სასამართლომ არ გაითვალისწინა კ-ების ოჯახის სოციალური მდგომარეობა _ ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლი, რაც საქმის მასალებითაც დასტურდება; გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზ. კ-მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული და საქმეშია დაზარალებულ ბ. კ-ის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომ მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არა აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს განაჩენის შეცვლას მსჯავრდებულ ზ. კ-ის სასიკეთოდ მისი სოციალური სტატუსის მხედველობაში მიღებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. კ-ის მიმართ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივრის განხილვისას დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-52 ნაწილის მოთხოვნა, კერძოდ: ,,სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარება განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება ისეთ დანაშაულზე, რომლის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ან მუხლის ნაწილი სასჯელად არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებული ითხოვს გამართლებას ან პროკურორი გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას”. ვინაიდან ზ. კ-ის მიმართ დადგენილია გამამტყუნებელი განაჩენი, მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის კანონი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და მსჯავრდებული არ ითხოვდა გამართლებას, საკასაციო პალატას აღნიშნავს, რომ ზ. კ-ის სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არ ექვემდებარებოდა სააპელაციო წესით გასაჩივრებას, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა განეხილა მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. კ-ის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 29 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო აღნიშნული განაჩენის თაობაზე ადვოკატ გ. ჯ-ის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენი ზ. კ-ის მიმართ გაუქმდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.