საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-38-I-09 16 მარტი, 2010 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ვასილ როინიშვილი
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დ. დ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე.
ქ. ჭიათურის სასამართლოს 1997 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 213-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 214-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენაში და სასჯელთა ერთობლიობის წესით მიესაჯა 1 წლით გამასწორებელი მუშაობა, ხელფასიდან 20 პროცენტის დაკავებით ბიუჯეტის სასარგებლოდ. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 2 ივნისის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით გაუქმდა ქ. ჭიათურის სასამართლოს 1997 წლის 8 დეკემბრის განაჩენი და დ. დ-ის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით დ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 25 თებერვლის განჩინება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის დადგენილებით დ. დ-ის განცხადება - ზიანის ანაზღაურებისა და უფლებების აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დ. დ-ის კერძო სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის დადგენილება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. დ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.