საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2I-11 14 მარტი, 2011 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ვ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1I-ლი ნაწილის თანახმად, ვ. ს-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 (ოცდასამი) წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ძირითადი სასჯელის მოხდის დღიდან 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო საქმიანობის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2010 წლის 24 ნოემბერს მსჯავრდებულმა ვ. ს-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად ვ. ს-მ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი ერთი თვის განმავლობაში ელოდებოდა ადვოკატის გამოხმაურებას და მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა ადვოკატის დახმარების იმედი გადაეწურა, თვითონ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ს-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულმა ვ. ს-მ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში, რის შესახებაც ცნობილი იყო კასატორ ვ. ს-ს. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმ მიზეზით, რომ ადვოკატის გამოხმაურებას ელოდებოდა, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი და, აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. ს-ს დასაბუთებულად ეთქვა უარი მის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. ს-ს უარი ეთქვა მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. სა-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. ს-ს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.