დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.03.2011
საქმის ნომერი
2კ-5-I-11
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

5I-11 ქ. თბილისი

10 მარტი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ გ. შ-ს

პროკურორ _ ი. დ-ს

ადვოკატ _ ბ. ქ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. კ-ს

თარჯიმან _ ა. მ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ... სამმართველოს მე... განყოფილების თანამშრომლებმა ... სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოდან გასვლისას დააკავეს ... რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის არხებით წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ... რესპუბლიკის მოქალაქე ვ. კ-ი, დაბადებული ... წლის ... ... რესპუბლიკაში, ქ. ქ-ში, ... რესპუბლიკის მოქალაქე, რეგისტრირებული: ... რესპუბლიკა, ..., ...-ში.

2010 წლის 4 ოქტომბერს ... მუნიციპალიტეტში, ... რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ვ. კ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹... დაწესებულებაში.

2010 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებით ვ. კ-ს საექსტრადიცო პატიმრობა გაუგრძელდა 3 თვის ვადით, 2011 წლის 2 აპრილამდე.

2010 წლის 10 ნოემბერს თავდაპირველად ელექტრონული ფოსტით, ხოლო 2010 წლის 18 ნოემბერს ფოსტის საშუალებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში ... რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროდან შევიდა შუამდგომლობა, თანდართული საექსტრადიციო მასალებით, ვ. კ-ს ... რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ. შუამდგომლობისა და მოწოდებული მასალების თანახმად, ვ. კ-ს ბრალად ედება ... რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლითა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

აღნიშნული ქმედებისათვის ... რესპუბლიკის ქ. ... სამხარეო კრიმინალური დეპარტამენტის სამეწარმეო დანაშაულების საგამოძიებო სამსახურში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ვ. და ს. კ-ების მიმართ, ... რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლითა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობა, რამაც გამოიწვია 50 000 ევროზე მეტი ზიანი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2010 წლის 9 აგვისტოს, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ... რესპუბლიკის ქ. ... პროკურატურამ გამოიტანა დაპატიმრების ბრძანება ... რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლითა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ვ. კ-ს მიმართ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ.ს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილებით დაკმაყოფილდა ... რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს შუამდგომლობა ვ. კ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, მის მიერ ... რესპუბლიკის სსკ-ის 146-ე მუხლითა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობა, რამაც გამოიწვია 50 000 ევროზე მეტი ზიანი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

2011 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა ვ. კ-მა და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება ვ. კ-ს ... რესპუბლიკისთვის გადაცემის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩა უცვლელად.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი _ ვ. კ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას შემდეგ გარემოებათა გამო:

განჩინება დაუსაბუთებელი და უსამართლოა, სწორად და მართებულად არ არის დანახული, გათავისებული და შეფასებული ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ეფუძნება უმთავრესს _ დარღვეული და იგნორირებულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის 13 დეკემბრის პარიზის ევროპული კონვენციის რიგი კონკრეტული მუხლების მოთხოვნები, კერძოდ:

ვ. კ-ს განმარტებით, იგი ... მოქალაქეა, წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, ეწევა ბიზნეს-საქმიანობას, რის გამოც უწევს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული დროით ცხოვრება; საქართველოში მისი ჩამოსვლა განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით _ ჰყავს ქართველი რძალი, ახლად შეუღლებული შვილის მეუღლე. იგი ოჯახის წევრებთან ერთად 2010 წლის ზაფხულში ეწვია საქართველოს რძლის ოჯახის გასაცნობად, ამასთან, გადაწყვიტა ზღვისპირეთში დასვენება დაგეგმილ სამედიცინო ოპერაციამდე, რომელიც უნდა ჩატარებოდა მარცხენა თეძოზე არსებულ სიმსივნურ წარმონაქმნზე; პარალელურად, თავის ისტორიულ სამშობლოში, სომხეთში, დაგეგმილი ჰქონდა საქმიანი ვიზიტები და საქართველოდან ამის განხორციელებას მარტივად შეძლებდა. საქართველოში ყოფნისას მოუწია გამგზავრება ... და უკან რამდენჯერმე დაბრუნება, რასაც ადასტურებს მის პასპორტში გაკეთებული ჩანაწერები.

ვ. კ-სთვის მოულოდნელი და გაუგებარია ის ფაქტი, რომ არის ძებნილი, ვინაიდან არავისგან დამალვას არ ცდილობს, თავისი ქმედებით არავისთვის ზიანი და ზარალი არ მიუყენებია და კანონდასჯადი ქმედება არ ჩაუდენია, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ... რესპუბლიკაში დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, რომელიც ეხება ორ ფირმას შორის წარმოებულ საქმიანობას, სადაც მას შეხება ჰქონდა როგორც მენეჯერს. დავის საგანია საკონტრაქტო პირობების არაჯეროვნად შესრულება, რის თაობაზეც ერთ-ერთი ფირმა დაობს, რაც საერთაშორისო არბიტრაჟის განსახილველია.

ვ. კ-ს განმარტებით, იგი არის უკანონო პატიმარი, ირღვევა მისი უფლებები, კერძოდ:

თუკი საქართველოს მხარემ 2010 წლის 13 დეკემბრამდე ... მხარისგან მიიღო ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც მას დაარწმუნებდა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა იყო კანონშესაბამისი, რატომ გრძელდება საექსტრადიციო პატიმრობა და ასევე შემდგომი დროითაც _ ვიდრე 2011 წლის 7 თებერვალს, არ მიიღეს დადგენილება. უდავოა, რომ საქართველოს მხარე ... მხარის მოთხოვნას და დოკუმენტაციას რევიზიას არ ჩაუტარებდა, შესაბამისად, გაუგებარია რატომ დასჭირდა 150 დღეზე მეტი პატიმრობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ექსტრადიციაზე. იგი იმყოფება მკაცრი რეჟიმის ¹... დაწესებულებაში, ექვსკაციან საკანში, სადაც ყოველდღიურად უარესდება მისი შელახული ჯანმრთელობა; აქვს მცოცავი არითმია, არტერიული ცვალებადი წნევა, რამდენჯერმე ჰქონდა გულის შეტევა, გონების დაკარგვა, აწუხებს თიაქარი და მარცხენა მხარეს, თეძოზე, სიმსივნური წამონაზარდი, რომლის ქირურგიული ოპერაცია იყო დაგეგმილი გასული წლის ოქტომბერში და რაც მისი დაკავების გამო არ გაკეთებულა; სხეული განიცდის სიპტომიზაციას, ღრძილებზე გაუჩნდა სისხლნაჟღენთები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინპლანტანტების დაზიანება და ინფექციის მძლავრი კერის გაჩენა. შესაბამისად, თუ ყოველივე ამაზე უსწრაფესად არ ჩატარდა კვალიფიციური, მრავალპროფილიანი დიაგნოსტიკური გამოკვლევა და მკურნალობა, არ არის გამორიცხული დადგეს ფატალური შედეგი.

ვ. კ-ს განმარტებით, ... პროკურორს ჰქონდა ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, რასაც პირადად აწვდიდა მას ადვოკატის მეშვეობით. მან არაერთხელ დატოვა ... მისი ბიზნეს-საქმიანობიდან გამომდინარე და ყოველი დაბრუნების შემდეგ პროკურორი ინფორმირებული იყო აღნიშნულზეც და შემდგომ დაგეგმილ ვიზიტებზეც, მათ შორის _ საქართველოში გამომგზავრებაზეც.

დაკავების შემდეგ, 2010 წლის 4 ოქტომბერს, ... მაგისტრმა მოსამართლემ შეუფარდა წინა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით, რაც ... რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ სამინისტროს ეცნობა 2010 წლის 6 ოქტომბერს. ... მხარემ 19 ოქტომბერს ფედერალური მინისტრის სახელითა და შ. ბ-ს ხელმოწერილი გზავნილით დააფიქსირა, რომ იუსტიციის ფედერალური სამინისტრო უმოკლეს ვადაში მიაწვდიდა საქართველოს მთავარ პროკურატურას პირველად საბუთებს გამოყენებული საკანონმდებლო ასლების დართვით. ... მხარეს საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, კონკრეტული არც პასუხი და, შესაბამისად, არც დოკუმენტაცია ვადის დაცვით არ გამოუგზავნია. მხოლოდ 2010 წლის 10 ნოემბერს ელექტრონული ფოსტით, ხოლო 18 ნოემბერს ფოსტის საშუალებით მთავარ პროკურატურაში შევიდა ... რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს შუამდგომლობა ვ. კ-ს ექსტრადიციის შესახებ. მასალები იყო არასრული, არსებობდა ცდომილება, გარკვეული უზუსტობა, რის გამოც ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს საერთაშორისო სისხლის სამართლის განყოფილების ხელმძღვანელს _ ქ-ნ გ. ფ-ს გაეგზავნა წერილი, რომელსაც ხელს აწერდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი ი. დ-ე. გზავნილში, რიგი საკითხების წარმოჩენასთან ერთად, მოთხოვნილი იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, შეეფარდა თუ არა ვ. კ-ს ... წინასწარი პატიმრობა ჩადენილი დასრულებული თაღლითობის გამო და ასევე დაფიქსირდა თხოვნა _ ... მხარეს გადმოეცა საქმის დაწვრილებითი შინაარსი აღწერილ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით. ყოველივე ამის წარმოსაჩენად საქართველომ ... მხარეს განუსაზღვრა ვადა _ 2010 წლის 13 დეკემბერი. დაფიქსირებული ცალსახად ცხადყოფს, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ მხარეს დარღვეული და იგნორირებული აქვს „ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ“ XVI მუხლის მე-4 პუნქტი.

ვ. კ-ს განმარტებით, არსად დამალვას არ აპირებს, მის ინტერესშია სიმართლის დადგენა. თხოვნის მიმღები მხარე თხოვნის გამომგზავნი მხარისაგან მიიღებს წერილობით დასტურს, სადაც ... მხარე უარს ამბობს მის ექსტრადიციაზე, რიგი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გამო.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ბ. ქ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმება და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. კ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც დაეთანხმა თავად ვ. კ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ ვ. კ-ი არის ... რესპუბლიკის მოქალაქე. მას ბრალად ედება ... რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლითა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობა, რამაც გამოიწვია 50 000 ევროზე მეტი ზიანი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2010 წლის 9 აგვისტოს, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ... რესპუბლიკის ქ. ... პროკურატურამ გამოიტანა დაპატიმრების ბრძანება, ... რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლითა და 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ვ. კ-ს მიმართ.

საკასაციო პალატა ეთანხმება დადგენილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება ვ. კ-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და საერთააშორისო კონვენციებს.

ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას ... რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებს და პრინციპს ,,ნონ ბის ინ იდემ”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 7 თებერვლის დადგენილება ვ. კ-ს ... რესპუბლიკისათვის გადაცემის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.