საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
8საზ-11 თბილისი
9 მარტი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენით ნ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 108-ე მუხლის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2010 წლის 14 დეკემბერს მსჯავრდებულმა ნ. თ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის (2009 წლის 9 ოქტომბრის რედაქცია) 310-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ დანაშაულის ჩადენისას მას ჰქონდა თავის ტვინის ტრავმა, კერძოდ კი _ ტვინის შერყევა, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით. ნ. თ-ს განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც განაჩენის გადასინჯვისა და შეცვლის საფუძველს წარმოადგენს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით ნ. თ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ნ. თ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინების გაუქმებასა და გამართლებას საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენი ბრალდებაში, იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო ის გარემოება, რომელზედაც მიუთითებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, გავლენას ვერ იქონიებს მის ბრალეულობაზე და იგი ვერ გახდება მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს მსჯავრდებულ ნ. თ-ს მიერ წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმებისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ნ. თ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 3 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ნ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.