განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 267-აპ 23 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. კვანტალიანი
მონაწილეობით განიხილა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზ. ტ-სა და მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განაჩენზე, რომლითაც თ. კ-ძე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. კ-ძე გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რის გამოც სასამართლომ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, მძღოლის საქმიანობის უფლების ჩამორთმევით _ 3 წლის ვადით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63--64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუნიშნა 3 წლის წელი.
განაჩენის მიხედვით, თ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
იგი 1998წ. 27 ოქტომბერს ლიცენზიის საფუძველზე მართავდა რა «ფოლკსვაგენის» მარკის მიკროავტობუსს, თბილისი-ახალციხის მარშრუტზე მოძრაობისას, დაახლოებით 11 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის --ე კილომეტრზე, გორის რაიონის სოფელ ---თან, გამოიჩინა დანაშაულებრივი თვითიმედოვნება, დაარღვია გზებზე მოძრაობის წესების 1.4, 1.5 და 10.1 პუნქტების მოთხოვნები, რის გამოც წინ ზიგზაგურად მიმავალი «მოსკვიჩის» მარკის ავტომანქანის მხრიდან საფრთხის წარმოქმნისას ვერ უზრუნველყო მანქანის შეჩერება იმ იმედით, რომ გადაასწრებდა საპირისპირო მხრიდან მოძრავ «მან»-ის მარკის სატვირთო ავტომანქანას, გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს და შეეჯახა შემხვედრ ზოლზე მოძრავ ზემოაღნიშნულ ავტომანქანას. შეჯახების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალნენ მიკროავტობუსის მგზავრები: კ. ზ-ძე და ა. ზ-ლი, ხოლო მ. წ-რი გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღეს მგზავრებმა: გ. კ-მა, გ. ა-მა და ლ. ფ-ამ, ხოლო ლ. თ-მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის --- გ. ტ-მა და მსჯავრდებულ თ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა შ. ფ-ამ. პროკურორი თავისი საჩივრით ითხოვდა განაჩენის მსჯავრდებულისათვის საუარესოდ შებრუნებას იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ღონისძიება, მისი მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, არის აშკარად უსამართლო, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი შედეგების გათვალისწინებით. დაცვის მხარე თავისი საჩივრით ითხოვდა თ. კ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს არ დაურღვევია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული შედეგები მას ვერ შეერაცხება.
სააპელაციო საჩივრები განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2005წ. 24 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, ამავე დროს, გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიტანა შემდეგი ცვლილება: თ. კ-ძე ბრალეულად ცნო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ავტომანქანის მართვის უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუნიშნა 5 (ხუთი) წელი, ამასთან, რაიონული სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ზ. ტ-მა და მსჯავრდებულ თ. კ-ის დამცველმა, ავდკაოტმა შ. ფ-ამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
პროკურორი იმავე მოტივით, რაც მითითებული იყო ბრალდების მხარის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარში, ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, თ. კ-ის ბრალდების საქმის დაბრუნებას იმავე სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისა და მსჯავრდებულის მიმართ რეალური სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის მიზნით.
დაცვის მხარე თავისი საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ თ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა თ. კ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა შ. ფ-ამ მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მათ მხარი არ დაუჭირეს პროკურორის საკასაციო საჩივარს, რადგან მიაჩნიათ უსაფუძვლოდ და ითხოვეს, კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ს-მა მხარი დაუჭირა პროკურორ ზ. ტ-ის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, კერძოდ, იშუამდგომლა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულ თ. კ-ის ბრალდების საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების თაობაზე. მან მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა, რომ აღნიშნულ საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები თ. კ-ის მსჯავრდების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დამცველის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემულ დასკვნებს მსჯავრდებულ თ. კ-ის ბრალეულობის თაობაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან მიმართებით, ვინაიდან საამისოდ საქმის მასალებში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები. აღნიშნული განაჩენი ეყრდნობა მოწმეების _ ა. ა-ის, ლ. თ-ის, დ. კ-ის, მ. გ-სა და მ. ა-ის მიერ წინასწარი გამოძიებისას და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, მხედველობაშია ხსენებული მოწმეების მიერ წინასწარი გამოძიებისას და გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოცემული ჩვენებები. აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები არათანმიმდევრულია იმ თვალსაზრისით, რომ წინასწარი გამოძიებისას მათ მიერ მითითებული გარემოებები დეტალებში განსხვავდება სასამართლოში იმავე გარემოებების თაობაზე მიცემულ ჩვენებებში განვითარებული ვერსიებისაგან, რაც ეჭვს ბადებს მათი სარწმუნოების თვალსაზრისით, ხოლო ამ ჩვენებების უტყუარობის სააპელაციო სასამართლოში გადამოწმება მათი ხელახალი დაკითხვის გზით, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ მომხდარა.
საფუძველს მოკლებულია, აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ჭეშმარიტების დასადგენად საჭირო არ იყო ავტოტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება და საამისოდ საკმარისია მხოლოდ იურიდიული მსჯელობა იმის განსაზღვრისათვის, რომ მძღოლმა თ. კ-ემ დაარღვია თუ არა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, ვინაიდან ავტომობილების მოძრაობის სიჩქარის, მათ შორის მანძილების, საფრთხის წარმოშობის მომენტის, საფრთხის წყაროს, დაჯახების თავიდან აცილების ობიექტური შესაძლებლობის, დამუხრუჭების კვალისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ვითარების ამსახველი სხვა ტექნიკური მონაცემების დადგენის გარეშე მომხდარის თაობაზე ობიექტური წარმოდგენის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა. ამ არსებითი ხასიათის გარემოებების დადგენა კი მოითხოვდა სპეციალური ცოდნის გამოყენებას, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 358-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოს ხდის ექსპერტიზის ჩატარებას.
თ. კ-ის ბრალდების საქმეზე ოთხჯერ ჩატარდა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, მათ შორის _ კომისიური ექსპერტიზებიც, მაგრამ ამ ექსპერტიზების დასკვნები თ. კ-ის ბრალეულობის თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგოა. ანალოგიური შედეგი იქნა მიღებული აღნიშნული ექსპერტიზების ჩამტარებელი ექსპერტების სასამართლოში დაკითხვებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მაშინ ეჭვი უნდა გადაწყდეს იმ პირის სასარგებლოდ, ვისაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში.
პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებაზეც: როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საბრალდებო დასკვნითა და ორი სასამართლო ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენებით უდავოდ არის დადგენილი, რომ თ. კ-ის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის ტრასაზე დაშვებული სიჩქარით მოძრაობისას ტრასაზე მარცხენა მხრიდან მიკროავტობუსის სავალ ნაწილზე მოულოდნელად შემოსული «მოსკვიჩი-412» მარკის ავტომანქანის მძღოლმა, რომლის ვინაობა დღემდე დაუდგენელია, რამდენჯერმე უხეშად დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რითაც შექმნა საავარიო სიტუაცია და რასაც მოჰყვა კიდეც ავტოსაგზაო შემთხვევა. არც გამოძიებას და არც სასამართლოებს მიუციათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება ამ მნიშვნელოვანი მომენტისათვის, თუნდაც თ. კ-ის ბრალის ხარისხის სწორად განსაზღვრისათვის, კერძოდ, ავტომანქანა «მოსკვიჩის» მძღოლის აღნიშნული მოქმედების შემდეგ ობიექტურად რამდენად შესაძლებელი იყო, თავიდან აცილებულიყო მიკროავტობუსის საპირისპირო ზოლზე გადასვლა და სატვირთო ავტომანქანასთან მისი შეჯახება. ამდენად, მსჯელობა მძღოლ თ. კ-ის ბრალეულობის თაობაზე ატარებს ცალმხრივ ხასიათს, რაც არ შეიძლება გახდეს საფუძველი მისი მსჯავრდებისათვის.
როგორც წინასწარი გამოძიების ორგანოების, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების დასკვნები ემყარება დაუდასტურებელ ვარაუდებს თ. კ-ის შესაძლო ბრალეულობის თაობაზე, რითაც მათ დაარღვიეს საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნები, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის საბოლოო შედეგზე და რაც, საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს.
ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რათა თ. კ-ეს ბრალი დაედოს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, ამასთან, პალატის აზრით, დღეისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შვიდ წელზე მეტი ხნის შემდეგ, უკვე ამოწურულია დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობები, ხოლო საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად გამოიწვევს მსჯავრდებულის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იმ მოთხოვნის უხეშ დარღვევას, რომლის მიხედვით, ყოველ პირს უფლება აქვს, მისი ბრალდების საქმე განხილულ იქნეს გონივრულ ვადაში, ობიექტურად და სამართლიანად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განაჩენი, როგორც უსაფუძვლო, უნდა გაუქმდეს, ხოლო მსჯავრდებულ თ. კ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
მსჯავრდებულ თ. კ-ის დამცველის, ადვოკატ შ. ფ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განაჩენი გაუქმდეს და მსჯავრდებულ თ. კ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.