დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.02.2006
საქმის ნომერი
2კ-401აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 401-აპ 23 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,ნ. კვანტალიანი

განიხილა დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ხ-სა და მსჯავრდებულ გ. ვ-ის საკასაციო საჩივრები ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ცნობილ იქნენ ბრალეულად: გ. ვ-ლი _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებული ნ. ბ-რი _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენით: გ. ვ-ლი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი, მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის _ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის, ასევე, არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე _ ლოთობასა და ქურდობაზე დაყოლიების ჩადენისათვის, ხოლო ნ. ბ-რი, მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის _ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითა და ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ჩადენისათვის, რის გამოც მსჯავრდებულ გ. ვ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 4 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიმართ კი უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც სასამართლომ ჩაუთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განუსაზღვრა 3 წელი.

განაჩენის მიხედვით, გ. ვ-სა და ნ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2002წ. ნოემბრის თვეში, რიცხვი დაუდგენელია, გ. ვ-მა დუშეთის რაიონის სოფელ ---ში სხვადასხვა პირისაგან რამდენჯერმე შეიძინა არაყი და არასრულწლოვან ნ. ბ-თან და სხვებთან ერთად დ.ა, რის შემდეგაც, მთვრალმა, ქურდობის ჩადენაზე დაიყოლია ნ. ბ-რი, რომელთან ერთად იმავე ღამეს მივიდა იქვე მცხოვრებ ხ. ხ-ის საცხოვრებელ სახლთან, სადაც ფანჯარასთან ფარულად დააყენა არასრულწლოვანი ნ. ბ-რი, ხოლო თვითონ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფანჯრის გატეხვითა და გაღების საშუალებით შეაღწია აღნიშნულ ბინაში, სადაც ფარულად დაეუფლა და ნ. ბ-რს გადმოაწოდა ორი ცალი უცხოური წარმოების მაგნიტოფონი _ სულ 120 ლარის ღირებულების; 5 ცალი მაგნიტოფონის ფირი _ 10 ლარის ღირებულების; მაჯის საათი _ 30 ლარის ღირებულების; მაგნიტოფონისა და ტელევიზორის შესაერთებელი მოწყობილობა _ 4 ლარად ღირებული; მამაკაცის «პლავკა» _ 2 ლარად ღირებული; ხელის საოჯახო სასწორი _ 3 ლარად ღირებული; მაგნიტოფონის კასეტა _ 2 ლარად ღირებული; უსაფრთხო სამართებლის პირები _ 50 თეთრად ღირებული; გ. ვ-ლს მანამდე გატაცებული და მითვისებული ჰქონდა ხ. ხ-ის კუთვნილი 50 ლარი, ე.ი. სულ დაზარალებულს მიადგა 222 ლარისა და 50 თეთრის მატერიალური ზარალი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

პროკურორი თავისი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის იმავე სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელის ღონისძიებები ლმობიერების გამო აშკარად არ შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საკასაციო საჩივარზე შესაგებელი შეიტანა მსჯავრდებულმა გ. ვ-მა, რომლითაც ითხოვს, რომ კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო მას შეუმსუბუქდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი დაუჭირა ბრალმდებელი მხარის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მიიჩნია, რომ მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ნ. ბ-ის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ამასთან, გ. ვ-ლი წარსულში ნასამართლევია და მან ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც დანიშნული სასჯელის ღონისძიებები აშკარად ლმობიერია, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მათი პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც ითხოვა, რომ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 8 ივნისს მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ნ. ბ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ხოლო მათი ბრალდების საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს.

მსჯავრდებულმა გ. ვ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შევიდეს ცვლილება მის სასიკეთოდ, კერძოდ, შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ნ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში საფუძვლიანად არის დასაბუთებული. სათანადო და ჯეროვანი სამართლებრივი საფუძველი არსებობდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულის _ ნ. ბ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოსაყენებლად.

ამავე დროს, მსჯავრდებულ გ. ვ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 4 თვის ვადით _ მთლიანად შეესაბამება როგორც ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ისე მის პიროვნებასაც, აკმაყოფილებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

პროკურორ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მოკლებულია საფუძველს, არ გააჩნია რაიმე დასაბუთება, ხოლო რაც შეეხება პროცესში მონაწილე პროკურორის შენიშვნას იმის თაობაზე, რომ გ. ვ-ლი წარსულში ნასამართლევია და ახალი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული გარემოება მას წარდგენილი აქვს ბრალდებად _ სსკ-ის 177-ის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის სახით, რის გამოც იგი დამამძიმებელ გარემოებად ვერ შეერაცხება, ამიტომ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი მოთხოვნა კანონიერი განაჩენის გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ნ. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ვ-სა და ნ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.