დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.05.2006
საქმის ნომერი
2კ-509აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 509-აპ 24 მაისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ლ. მურუსიძე

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 მარტის განაჩენით მ. ჯ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე დარჩა უცვლელად.

განაჩენის მიხედვით, მ. ჯ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და რაც გამოიხატა შემდეგში:

2002წ. 23 ივლისს, მთვრალი მ. ჯ-ია მართავდა თავის კუთვნილ „გაზ-24» მარკის ავტომანქანას და მოძრაობდა ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მ. ჯ-ამ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, ჯერ ირიბად გადავიდა გზის სავალი ნაწილის შემხვედრ ზოლში, შემდეგ _ გვერდით, მარცხენა მხარეს და მანქანის წინა ნაწილით შეეჯახა ხეს, რის შედეგადაც დაზიანდნენ მანქანაში მსხდომი მგზავრები _ დედა-შვილი რ. და ზ. ჭ-ები, რომლებიც იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანისთანავე, მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. ამ ქმედებით მ. ჯ-ამ დაარღვია „გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების შესახებ» საქართველოს კანონის 20.9 და 29.1 მუხლების მოთხოვნები, რომელთა თანახმად, მძღოლს ეკრძალება, მართოს სატრანსპორტო საშუალება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა სახის სიმთვრალის დროს, ასევე მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს. ამასთან, ითვალისწინებს მოძრაობის ინტენსივობას, სატრანსპორტო საშუალებას, ტვირთის თავისებურებასა და მდგომარეობას. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში, რომლის შემჩნევაც მძღოლს შეუძლია, ის იღებს შესაძლო ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად, სატრასპორტო საშუალების სრული გაჩერების ჩათვლით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ჯ-ამ და ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე მ.მ-ემ.

მსჯავრდებული მ. ჯ-ია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეცვლას და მისთვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან იმ მოტივებით, რომ ავტოავარიის შედეგად თვითონაც მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, ჰყავს პენსიონერი დედა, რომელსაც მის გარდა, არავინ გააჩნია.

სააპელაციო საჩივრით ბათუმის რაიონული პროკურორის თანაშემწე მ. მ-ძე ითხოვდა რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებას სასჯელის მეტისმეტი ლმობიერების მოტივით, მისთვის ხუთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას და საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აგვისტოს განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. ჯ-ია ითხოვს განაჩენის შეცვლას იმ მიმართებით, რომ მას, საქმის ვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შეეფარდოს ისეთი სასჯელი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. ჯ-ას ადვოკატმა _ ნ. რ-ემ მხარი დაუჭირა საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის დანიშნული სასჯელი მკაცრია. ავტოავარიის შედეგად მ. ჯ-ამ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები და ამჟამადაც მკურნალობს. ამასთან, დაზარალებული ითხოვს, რომ მსჯავრდებულს არ მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი.

სახელწმიფო ბრალმდებელმა ნ. ნ-ემ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ მ. ჯ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, მისთვის დანიშნული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს მკაცრად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახით და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო, აშკარად უსამართლოა. სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

მ. ჯ-სათვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს, გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, თვით მსჯავრდებულის მახასიათებელი მონაცემებისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, მ. ჯ-ას განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლო, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი _ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აგვისტოს განაჩენი მ. ჯ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.