განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 624-აპ 12 იანვარი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. თოდრია
მონაწილეობით, განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ი. გ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და სასჯელად დაენიშნა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის განაჩენით ი. გ-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 1 ოქტომბრიდან. ი. გ-ვს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 6 000 ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, ი. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ი. გ-ვი მეუღლესთან _ ს. გ-თან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ცოლ-ქმარმა სხვადასხვა დროს დამოუკიდებლად გაიცნო დ. ს-ვი, რომელიც ხშირად მიდიოდა მათთან სახლში და ღამით მთვრალი რჩებოდა. დროთა განმავლობაში დ. ს-სა და ს. გ-ნს შორის დამყარდა ინტიმური ურთიერთობა, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა ი. გ-სათვის და ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტისა და ს. ბ-ის სახლიდან გაგდების მიზეზი გახდა. მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში ჩაერივნენ ს. გ-ის ნათესავები და მეუღლემ ბოდიში მოიხადა, ი. გ-მა, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეს ღალატი აპატია და განაგრძო მასთან ცხოვრება. 2003წ. 30 სექტემბერს, დღისით, ს. ბ-ნი და დ. ს-ვი ერთად იყვნენ. დაახლოებით 23 საათზე მთვრალმა დ. ს-მა კვლავ მოინდომა ს. ბ-ის ნახვა, ავტომანქანით მივიდა მის სახლთან და ფანჯრის წინ ძრავას ღმუილითა და მკვეთრი დამუხრუჭებით ცდილობდა მის გამოხმობას. ამის გამო ჯერ ი. გ-ვი, ხოლო მოგვიანებით ს. ბ-ნი ჩავიდნენ ეზოში და შენიშნეს მათი მიმართულებით დიდი სიჩქარით მომავალი დ. ს-ის ავტომანქანა. როდესაც იგი მათ მიუახლოვდა და სვლა შეანელა, ი. გ-მა მოუწოდა დ. ს-ვს, რომ შეეწყვიტა ასეთი ქმედება და არ ჩარეულიყო მისი ოჯახის ცხოვრებაში, რის გამოც დ. ს-მა შეაგინა, გადმოვიდა ავტომანქანიდან და ი. გ-ვს ხელი გაარტყა. ეს უკანასკნელი და მისი მეუღლე ბინაში შებრუნდნენ, მაგრამ დ. ს-ვი მიადგა ბინის ღია ფანჯარას და განაგრძობდა გინებას, შემდეგ გააჩერა ავტომანქანა სადარბაზოსთან, გადმოვიდა და ბინის კარზე დაიწყო გამუდმებული ბრახუნი, რის გამოც ი. გ-მა მეუღლეს დაავალა, გაეღო კარი და ეთხოვა, რომ თავი დაენებებინა მათთვის. როცა ს. ბ-მა კარი გააღო, დ. ს-მა იგი გვერდზე მიაგდო, დანით ხელში შევარდა ბინაში და აღმოჩნდა ი. გ-ის პირისპირ, რომელმაც, თავის მხრივ, თავდაცვის მიზნით, დ. ს-ვს, წაავლო რა მარცხენა ხელი დანიან ხელზე, არ აძლევდა მისი მოქნევის საშუალებას. ამ დროს ისინი იმყოფებოდნენ მისაღები ოთახის ზღურბლზე, ჭიდაობისას ორივე წაიქცა. ი. გ-ვი არ უშვებდა ხელს დ. ს-ის დანიან ხელს. ამ დროს დაინახა მაგიდიდან იატაკზე დავარდნილი სამზარეულო დანა, აიღო და დაარტყა დ. ს-ვს. ამ უკანასკნელმა დანას ხელი მაინც არ გაუშვა და აღელვებულმა ი. გ-მა დანით კიდევ ორჯერ მიაყენა დაზიანება დ. ს-ვს. ხმაურზე ბინაში შევიდნენ მეზობლები და იმავე კორპუსში არსებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, რომლებმაც დაჭრილი დ. ს-ვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ¹-- კლინიკურ საავადმყოფოში, მაგრამ, მიუხედავად ქირურგიული ჩარევისა, მიყვანიდან რამდენიმე საათში იგი გარდაიცვალა მწვავე სისხლდენის გამო.
მსჯავრდებულმა ი. გ-მა და დაზარალებულმა ი. ს-ამ განაჩენი გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. მსჯავრდებულმა მოითხოვა გამართლება, ხოლო დაზარალებულმა _ ი. გ-ის სასჯელის გამკაცრება.
სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განაჩენით დაზარალებულ ი. ს-ას საჩივარი დაკმაყოფილდა. ი. გ-ვს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ ადვოკატი ლ. ჭ-ლი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეაფასა, ი. გ-ვს უსაფუძვლოდ დაუმძიმა სასჯელი და ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნულის გამო კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ჭ-მა მხარი დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ ი. გ-ვი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
მოწინააღმდეგე მხარე _ დაზარალებული ი. ს-ვა ითხოვს, უარი ეთქვას კასატორს საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩეს სააპელაციო პალატის განაჩენი ი. გ-ის მიმართ იმ მოტივით, რომ აწ გარდაცვლილ დ. ს-ვს ინციდენტისას დანა არ ჰქონია. ეს გარემოება მოგონილია წინასწარი გამოძიებისას, რათა ი. გ-სათვის შეემსუბუქებინათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. დანა რომ ჰქონოდა, დაუჯერებელია, რომ მსჯავრდებულს დაზიანება არ მიეღო.
ი. ს-ას მოთხოვნას მხარი დაუჭირა მისმა ადვოკატმა მ. ნ-ემ.
პროკურორმა რ. ს-მა იშუამდგომლა ი. გ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
უსაფუძვლოა დაზარალებულის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დ. სააკოვს ი. გ-ის ბინაში შესვლისას დანა არ ჰქონია. სააპელაციო პალატის სხდომაზე ი. გ-მა განმარტა, რომ დ. სააკოვი გარდაიცვალა მის მიერ მიყენებული ჭრილობის შედეგად, მაგრამ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მისი მოკვლა აზრად არ მოსვლია. დ. ს-ვს იცნობდა შემთხვევამდე. შეიტყო, რომ მეუღლე _ ს. ბ-ნი აწ გარდაცვლილთან ღალატობდა და იგი სახლიდან გააგდო, მაგრამ შვილების გამო აპატია და შეურიგდა. შემთხვევის დღეს ცოლ-შვილთან ერთად სახლში იმყოფებოდა. საღამოს დ. ს-ვი მივიდა და მათი სახლის გარშემო ავტომანქანით დადიოდა, შემდეგ ბინის კარზე კაკუნი ატეხა. მან სთხოვა მეუღლეს, რომ კარი გაეღო და ეთქვა დ. ს-სათვის, ნუ იქცეოდა გამომწვევად და მათთვის თავი დაენებებინა. კარის გაღებისთანავე დ. ს-მა ხელი ჰკრა ს. ბ-ნს და დანით ხელში ბინაში შეიჭრა. ი. გ-ვს დანა მოუქნია. ამ უკანასკნელმა ცალი ხელი სტაცა მაჯაში, ხოლო მეორით დაარტყა. დ. ს-მა, რომელიც მისკენ იწევდა, მას თავი დაარტყა, რის შემდეგაც ორივე წაიქცა. იგი დ. ს-ის ქვეშ მოყვა. მაგიდიდან ყველაფერი გადმოიყარა. მან აიღო იატაკზე დავარდნილი სამზარეულო დანა და მარჯვენა ხელით დაარტყა დ. ს-ვს, მაგრამ არ იცის, სხეულის რა მიდამოში მიაყენა დაზიანება. ამ დროს მარცხენა ხელით კვლავ დ. ს-ის დანიანი ხელი ეკავა. დანის დარტყმის შემდეგ დ. ს-ვი წამოდგა და ისიც ადგა. ი. გ-ვს არ უნდოდა მისთვის ხელის გაშვება, რადგან დ. ს-ვი ცდილობდა, მისთვის დანა დაერტყა. ი. გ-ვი განმარტავს, რომ იგი დანიან ხელს იქნევდა თავდაცვის მიზნით და დასერა დ. ს-ვი. სააპელაციო პალატის განაჩენში არასწორადაა მითითებული, თითქოს ი. გ-ვი აჩვენებს, რომ მან აწ გარდაცვლილს გასასვლელისაკენ უბიძგა და ისიც უკან იხევდა, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა დანა. შემოსასვლელში კი დ. ს-ვი ჩაიკეცა. ი. გ-მა სინამდვილეში მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დ. ს-ვი გაიქცეოდა და გაქცეულს დანას მოუქნევდა, ზურგში დაჭრიდა. იგი თავს იცავდა და მკვლელობა ამ დროს მოხდა. სხვაგვარად დ. სააკოვის მოგერიება არ შეეძლო.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში აღნიშნულია, რომ ი. გ-ის ბინიდან ამოღებულ იქნა როგორც სამზარეულო დანა, ისე _ ე.წ. «---ის» ტიპის დანა.
სააპელაციო პალატაში მოწმედ დაკითხულმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების --- მ. ჯ-მა განმარტა, რომ ი. გ-ვი მის მეზობლად, პირველ სართულზე ცხოვრობდა. შემთხვევის დღეს სამსახურიდან სახლში საღამოს დაბრუნდა და ი. გ-ის ბინიდან ხმაური მოესმა. შევიდა ბინაში და დაინახა, რომ მისაღები ოთახის კართან იდგა დ. ს-ვი, რომელსაც ხელში ე.წ. «ბაბოჩკის» ტიპის დანა ეკავა. ერთი ნაბიჯის დაშორებით იდგა ი. გ-ვი და სამზარეულო დანა ეჭირა. დ. ს-ის პერანგზე სისხლის წვეთი შენიშნა. ამის შემდეგ დ. ს-მა დანა გადააგდო. არ შექმნია ისეთი შთაბეჭდილება, რომ დ. ს-ვი გარეთ გადიოდა და მას ი. გ-ვი მისდევდა. ეს უკანასკნელი აგონიაში იყო, თქვა, რომ პოლიციაში უნდა წავიდეო.
სააპელაციო პალატის განაჩენში არასწორადაა მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. განაჩენმა დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი. გ-მა დ. ს-ვს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიაყენა პირველი დაზიანება, რის შემდეგ აწ გარდაცვლილმა მასზე თავდასხმა შეწყვიტა და გასასვლელისაკენ გაემართა. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა ამ დროს გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და დ. ს-ვს კიდევ ორი დაზიანება მიაყენა, მათ შორის ერთი _ სიცოცხლისათვის სახიფათო, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ექსპერტმა ლ. ჩ-ამ განმარტა, რომ დ. ს-ის სხეულზე არსებული სამი ჭრილობიდან ორი იყო მსუბუქი, ხოლო ერთი ჭრილობა _ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის, რამაც დაზარალებულის სიკვდილი გამოიწვია. დაზიანებების მიყენების რიგითობის დადგენა შეუძლებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არაა დადგენილი, თუ როდის მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ი. გ-მა დ. ს-ვს და, აქედან გამომდინარე, არაა დადასტურებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ი. გ-მა დ. ს-ვს ასეთი დაზიანება მიაყენა მას შემდეგ, რაც საფრთხემ გაიარა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ის ბინაში შესვლის მომენტშიც ი. გ-ვს დ. ს-საგან რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ვინაიდან დ. ს-ვი ერთ ნაბიჯში დანით ხელში იდგა, რომელიც მხოლოდ მ. ჯ-ის გამოჩენის შემდეგ გადააგდო. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე.ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, რომ დ. ს-მა შეწყვიტა ი. გ-ზე თავდასხმა და გასასვლელისაკენ გაემართა, რის შემდეგ მსჯავრდებულმა მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ ი. გ-ვი მოქმედებდა მართლზომიერად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. მის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილით, 568-ე, 569-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ადვოკატ ლ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განაჩენი ი. გ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს.
აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდეს და ი. გ-ვი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
დაზარალებულ ი. ს-ას სამოქალაქო სარჩელს უარი ეთქვას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.