დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
22-კოლ 8 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. თოდრია
განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით გ. ბ-ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ი», «ლ» პუნქტებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
1999 წლის 16 ნოემბერს ქ. პერმის სვერდლოვსკის რაიონულმა პროკურატურამ ა. დ-ას მკვლელობის ფაქტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილით.
2004 წლის 10 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება გ. ბ-ის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 162-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 105-ე მუხლის მეორე ნაწილის «ზ» პუნქტით.
2004 წლის 24 აპრილს ძებნილი გ. ბ-ლი დაკავებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მოთავსდა თბილისის ¹-- საპყრობილეში, რის გამოც მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციიდან გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომელმაც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოძიების ჩასატარებლად დაუქვემდებარა თელავის რაიონულ პროკურატურას.
კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ 2004 წლის 20 ივლისის დადგენილებით დაზუსტდა კვალიფიკაცია სისხლის სამართლის საქმეზე და გ. ბ-ლს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ი», «ლ» პუნქტებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტებით.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. ბ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, ბინაში შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, აგრეთვე _ განზრახ მკვლელობა ანგარებით და სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ-ლი დროებით ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. პ-ში. მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ქ. პერმში მცხოვრებ ა. დ-სთან. 1999 წლის ნოემბრის დასაწყისში გ. ბ-მა განიზრახა, ანგარებით მოეკლა ა. დ-ვა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მის ქონებას.
თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 1999 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 14 საათზე, გ. ბ-ლი მივიდა ა. დ-ას საცხოვრებელ სახლში _ ქ. პერმში, --- ქ. ¹55.
გ. ბ-მა, ა. დ-ას ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისა და ამ დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ბინაში მონახა ძაღლის საყელური და ყელზე მოუჭირა ა. დ-ას, რითაც გამოიწვია ჰაერის უკმარისობა და ასფიქსია, რის შედეგადაც ა. დ-ვა ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის ჩადენის შემდეგ, გ. ბ-მა ა. დ-ას ბინიდან გაიტაცა:
ფოტოაპარატი «ფედი», ღირებული 500 რუბლად; პალტო, ღირებული 500 რუბლად, მამაკაცის ლაბადა (დუბლიონკა), ღირებული 3000 რუსულ რუბლად; კარაკულის ქურქი, ღირებული 2000 რუსულ რუბლად; წავის ტყავი, ღირებული 1000 რუსულ რუბლად; კინოკამერა «კრასნოგორსკი», ღირებული 500 რუსულ რუბლად; კინოკამერა «კვარც-5», ღირებული 500 რუსულ რუბლად; სპორტული ფეხსაცმელი «რიბოკი», ღირებული 500 რუსულ რუბლად; ოქროს საყურე, ღირებული 1500 რუსულ რუბლად; ოქროს კულონი, ღირებული 3000 რუსულ რუბლად; ოქროს საყურეები მარგალიტებით, ღირებულებით 1500 რუსულ რუბლად; ოქროს ნაწარმის ჯართი, ღირებული 10000 რუსულ რუბლად; ოქროს ბეჭედი, ღირებული 200 რუსულ რუბლად; ოქროს ბეჭედი ბრილიანტით, ღირებული 5000 რუსულ რუბლად, რის შემდეგ გატაცებული ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის განაჩენით გ. ბ-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ლ» პუნქტითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებები. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ი» პუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ტ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა ნ. ნ-ემ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, თითქოს გ. ბ-ლს არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაული, უსაფუძვლოა.
მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. კ-სა და მოწმეების _ ზ. ჯ-ის, ი. ლ-ის, ა. მ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. კერძოდ: მ. კ-ის ჩვენებით, მან შვილის ა. დ-ას მკვლელობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბინიდან სხვადასხვა ნივთებთან ერთად გატაცებული იყო მამაკაცის «დუბლიონკა» და ფოტოაპარატი «ფედი». 2004 წლის 2 აგვისტოს გ. ბ-ის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ამორებულ იქნა მამაკაცის «დუბლიონკა», რომელიც გ. ბ-ის მეუღლის _ ლ. კ-ას განმარტებით ეცვა მის მეუღლეს საქართველოში დაბრუნებისას. ჩხრეკის შედეგად ამოღებული მამაკაცის «დუბლიონკა» ამოსაცნობად წარდგენის მიზნით გაიგზავნა პერმის ოლქის პროკურატურაში და მ. კ-მა ამოიცნო ა. დ-ას სახლიდან გატაცებული მამაკაცის «დუბლიონკა». მან ასევე ამოიცნო მისი შვილის სახლიდან გატაცებული ფოტოაპარატი «ფედი», რომელიც გამოძიებას წარუდგინა ი. ლ-მა. ი. ლ-ის ჩვენებით, ფოტოაპარატი «ფედი» მას შესანახად გადასცა გ. ბ-მა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის განაჩენით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა გ. ბ-ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და სასჯელის ზომაც სამართლიანად არის განსაზღვრული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.