საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
152-აპ 26 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი‚
მ. ოხშარელი
განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ო-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ა. ბ-სა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ჯ. ო-ნი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ჯ. ო-ნს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 21 თებერვლიდან.
განაჩენით ჯ. ო-ნს მსჯავრი დაედო გამოძალვისათვის, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნისათვის, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
ჯ. ო-ნი დანაშაულებრივად დაუკავშირდა რა ზ. მ-ეს, განიზრახეს დაზარალებულ დ. ს-სათვის გამოეძალათ თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით არასტანდარტული ასოებით შეადგინეს დ. ს-სა და მისი შვილის _ ზ. ი-ის მოკვლის შესახებ მუქარის წერილები და მიამაგრეს მათი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ ჭიშკართან არსებულ ბოძზე. მუქარის წერილებს თან ერთვოდა სატელეფონო მუქარაც. შეშინებულმა დ. ს-ემ 2005 წლის 21 თებერვალს ნათესავის _ დ. მ-ის მეშვეობით გამომძალველებს გაუგზავნა 2000 აშშ დოლარი, რომელიც დ. მ-ემ მათ გადასცა წყალტუბოს რაიონის სოფ. --- გადასახვევთან. თანხის გადაცემის შემდეგ მსჯავრდებული დააკავეს ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მუშაკებმა. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ჯ. ო-ნს ტყავის ქურთუკის გარეთა, მარცხენა ჯიბეში აღმოაჩნდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში ჩადებული 2000 აშშ დოლარი, ხოლო ზ. მ-ლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. კ-მა.
მსჯავრდებულ ჯ. ო-ის ადვოკატი ა. ბ-ლი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას და მოსახდელად 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
პროკურორი ი. კ-ლი საჩივრით ითხოვდა ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმებასა და, დანაშაულის სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, სასჯელის გამკაცრებას _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების სახით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 დეკემბრის განაჩენი ჯ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. ო-მა, მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მა და პროკურორმა ი. კ-მა.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მა საკასაციო საჩივრით აღნიშნა, რომ მსჯავრდებული შეურიგდა დაზარალებულს, სრულად აუნაზაღაურა ზიანი და ითხოვა მსჯავრდებულისათვის სასჯელის მინიმუმის შეფარდება.
მსჯავრდებული ჯ. ო-ნი დაეთანხმა ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა ი. კ-მა საჩივრით აღნიშნა, რომ, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, შეფარდებული ლმობიერი სასჯელი იწვევს დაუსჯელობის სინდრომს დამნაშავეთა შორის და არ ხორციელდება სასჯელის უმნიშვნელოვანესი მიზანი, სამართლიანობის აღდგენისა და პრევენციულობის სახით; გარდა ამისა, ხოლო აღნიშნული კატეგორიის საქმეებს დიდი მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართოლ პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, აქედან გამომდინარე, პროკურორმა ითხოვა ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ჯ. ო-ის ინტერესების დამცველმა‚ ადვოკატმა ა. ბ-მა აღნიშნა‚ რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული‚ შეურიგდა დაზარალებულს‚ სრულად აუნაზღაურა ზიანი და ითხოვა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ.ჩ-მა მხარი დაუჭირა პროკურორის საკასაციო საჩივარს‚ ითხოვა ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები‚ შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა‚ მოისმინა პროკურორის პოზიცია და მიიჩნია‚ რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდე შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა თვლის‚ რომ საქმეშ წარმოადგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით‚ მათ შორის – თვით მსჯავრდებულის აღარებითი ჩსენებით‚ ჯ.ო-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ჯ.ო-სა და მისი ინტერესების დამცეველი ადვოკატის – ა. ბ-ის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და სასჯელის მინიმუმის შეფარდების თაობაზე‚ ასევე არ ეთანხმება პროკურორ ი.კ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ლმობიერების მოტივით განაჩენის გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად საქმის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე მისი გამკაცრების მიზნით‚ უსაფუძვლობის გამო.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა‚ რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
პალატას მიაჩნია‚ რომ სააპელაციო სასამართლომ‚ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით‚ სრულად‚ ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები‚ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება‚ რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს‚ ხასიათდება დადებითად‚ კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა‚ მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებას‚ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით‚ რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და ამჟამად ჯ.ონიანისათვის სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმეის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
ამდენად‚ პალატა თვლის‚ რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 24 იანვრის განაჩენი ჯ. ო-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად‚ ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით‚
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ.ონიანის‚ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. ბ-სა და ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი.კ-ის საკასაციო აჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 24 იანვრის განაჩენი ჯ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.