დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.06.2006
საქმის ნომერი
2კ-7კოლ.
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ 7-კოლ 15 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ტყეშელაშვილი

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გასაჩივრებული განაჩენით ა. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 147-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 335-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი 10000 ლარის ანაზღაურებაზე გ. მ-ლს ეთქვა უარი, ვინაიდან ამ ნაწილში ა. ბ-ლი არასათანადო მოპასუხეა.

მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში გამოტანილ იქნა წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ თანხის ოდენობის განსაზღვრის გარეშე.

განაჩენის მიხედვით, ა. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ა. ბ-მა, მუშაობდა რა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე, ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ამავე პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე უკანონოდ დაეკავებინა მოწმე გ. მ-ლი და მის მიმართ ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და წამებით იგი იძულებული გაეხადა, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიეცა სასურველი ჩვენება.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა. ბ-მა 2004 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3-დან 4 საათამდე მონაკვეთში, გორის რაიონული პროკურატურის შენობის მეორე სართულზე, პროკურორის თანაშემწეების _ ნ. ც-სა და დ. დ-ის კაბინეტში, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ დააკავა გ. მ-ლი. დაუდგენელი ცეცხლსასროლი პისტოლეტის ლულა ჩაუდო პირში და აიძულა, დამჯდარიყო იატაკზე. შემდეგ კი მისგან სასურველი ჩვენების მიღების მიზნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაუწყო ცემა მუშტებით, წიხლებითა და ხსენებული პისტოლეტით, რითაც მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. იმავდროულად ა. ბ-ლი გ. მ-ლს ემუქრებოდა ფანჯრიდან გადაგდებით, მამაკაცისათვის დამამცირებელი მოპყრობით, ანთებული სიგარეტით მუცლის არეში მიაყენა თერმული დამწვრობები, ისევ პირში ჩაუდო ცეცხლსასროლი იარაღის ლულა და მოკვლის იმიტაციისათვის სასხლეტს გამოჰკრა ხელი, თუმცა ამ დროს იარაღი არ ყოფილა დატენილი და გაისმა მხოლოდ სასხლეტის დაცემის ხმა.

ა. ბ-ის მიერ აღწერილი დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების მთელი დროის განმავლობაში, მისივე დავალებით, ოთახში იდგა ძიებით დაუდგენელი პირი და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა მიშვერილი გ. მ-სათვის, რითაც ახორციელებდა რა მასზე ფსიქიკურ ზემოქმედებას, აღკვეთდა გ. მ-ის მხრიდან ა. ბ-ის მიმართ თავდაცვის მიზნით შესაძლო წინააღმდეგობის გაწევას.

მსჯავრდებული ა. ბ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, ბრალდების კვალიფიკაცია არის არასწორი და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ა-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ა. ბ-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.

პროკურორმა დ. ბ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ა. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი _ დაუკმაყოფილებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და ა. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის.

პალატა თვლის, რომ სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ გ. მ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ ნ. გ-ის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, გ. ა-ის, თ. შ-ის, ნ. მ-ის, ვ. ა-ის, ზ. ა-ის, ზ. მ-ის, მ. ა-ის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით ა. ბ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული, კერძოდ:

დაზარალებულმა გ. მ-მა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლო პროცესზე ამხილა მსჯავრდებული ა. ბ-ლი მის უკანონო დაკავებაში, მის იძულებაში ჩვენების მიცემისათვის ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ცემა–წამებით და ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარაში.

მოწმეების _ თ. შ-ის, ნ. მ-ის, ვ. ა-სა და ზ. ა-ის ჩვენებებით დადასტურებულია დაზარალებულ გ. მ-ის ჩვენებების იმ ნაწილის უტყუარობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ დ. წ-ის მიერ სახლიდან მისი წაყვანის მომენტში მას სხეულზე რაიმე დაზიანება არ ჰქონია და როდესაც თვალის არეში არსებული სილურჯის შესახებ ეკითხებოდნენ, თავდაპირველად, შიშის გამო, ასახელებდა სხვადასხვა მიზეზს. ზოგ მათგანს ეუბნებოდა, რომ დაზიანება მიიღო სხვების გაშველებისას, ზოგს, _ რომ შეშის ჩეხვისას მოხვდა ხის ნაფოტი, ზოგს კი პასუხობდა, რომ ეს არ ღირდა სალაპარაკოდ.

გ. მ-ის სახეზე _ თვალის არეში სილურჯის არსებობა დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის მუშაკებმა _ დ.ს-ემ და მ. ა-მა, რომლებიც მონაწილეობდნენ მიიღეს დაკავებული გ. მ-ის გადაყვანაში გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, რასაც ადგილი ჰქონდა 2004 წლის 13 ოქტომბერს, აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა თიხის გრძელყელიანი, უყურო დოქი, რომელიც მანამდე აღწერილი ჰქონდა თავის ახსნა-განმარტებაში დაზარალებულ გ. მ-ლს. ასევე ამოღებულ იქნა “კოკა-კოლას” ბოთლი და იატაკიდან _ სამი ცალი პარკეტის ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თიხის გრძელყელიანი, უყურო დოქი სხვა მსგავს ჭურჭლებს შორის დაზარალებულმა გ. მ-მა მიამსგავსა ჩვენებაში მის მიერ დასახელებულ ჭურჭელს და და მიუთითა, რომ სწორედ ამ ჭურჭლის გამოყენებით ემუქრებოდა ა. ბ-ლი, რომ მის მიმართ განახორციელებდა მამაკაცის ღირსებისათვის დამამცირებელ მოქმედებას.

წინასწარი გამოძიების დროს ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. მ-ის სისხლი მიეკუთვნაბა მეორე ჯგუფის, დადებით რეზუს-ფაქტორის სისხლს. ასეთივე კატეგორიის სისხლის ლაქები იქნა აღმოჩენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ პარკეტის ნაჭრებსა და “კოკა-კოლას” ბოთლზე.

აღნიშნული დასკვნის გაცემის შემდეგ, 2005 წლის 31 იანვარს, დაიკითხა იმ დროისათვის გორის რაიონული პროკურორის თანამშემწე დ. დ-ლი, რომლის სამუშაო ოთახშიც სცემდნენ გ. მ-ლს. დ. დ-მა აჩვენა, რომ აწუხებს პოლიპები და ხშირად მოსდის სისხლი ცხვირიდან. მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე სამუშაო ოთახში ცხვირიდან წასკდა სისხლი, დაისვარა იატაკი. შემდეგ ცხვირი მოიბანა პირსაბანში. აღნიშნული ჩვენების საფუძველზე ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლის დასკვნით დადგინდა, რომ დ.დ-საც აქვს მეორე ჯგუფის, დადებითი რეზუს-ფაქტორის სისხლი.

აღნიშნული გარემოების გამო სასამართლოში ჩატარდა დამატებითი ბიოლოგიური ექსპერტიზა შემთხვევის ადგილზე სისხლის კვალის დამტოვებელ შესაძლო პირთა გამორიცხვის მიზნით. ექსპერტის დასკვნით დადგინდა, რომ პარკეტზე არსებული სისხლი თავისი ჯგუფური შემადგენლობით იჩენს მსგავსებას გ. მ-ის სისხლის ფორმულასთან და კატეგორიულ განსხვავებას _ დ.დ-ის სისხლის ფორმულასთან.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე დაკითხულმა ---მა ი. თ-მა განმარტა, რომ, ლაქების ხასიათის გათვალისწინებით, ისინი არ შეიძლება წარმოქმნილი იყოს შორი მანძილიდან დაცემით, რასაც შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა მათი დატოვებისას დ. დ-ის ცხვირიდან წასკდომის დროს. ისინი განვითარებულია ახლო მანძილიდან და აქვს წასმა-წათხაპნის სახე, რაც ემთხვევა გ. მ-ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი უჩვენებს, რომ იგი იატაკზე იწვა და გასისხლიანებული სახით დატოვა პარკეტზე კვალი.

ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ “---ის” სამედიცინო დასკვნით გ. მ-ლს დაუდგინდა დიაგნოზი: პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, თავის ქალას ზედაპირული ტრავმის ნარჩენი მოვლენები, მარცხენა მხრივი დაფის აპკის ცენტრალური პერფორაცია, წელის პირველი მალის დახურული მოტეხილობის შემდგომი პერიოდი, მუცლის წინა ზედაპირზე მესამე ხარისხის სამი წერტილოვანი თერმული დაზიანების შემდგომი ნაწიბური.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, გ. მ-ლს დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები თვალბუდის, მარჯვენა მხრის, გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის, ამავე ტერფის მეხუთე თითის საფრჩხილე ფალანგზე, ნაჭდევები მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრისა და მარცხენა იდაყვის სახსარზე, სამი დამწვრობითი უბანი მუცლის წინა ზედაპირზე. სარეაბილიტაციო ცენტრ “---ში” დადგინდა მარცხენამხრივი დაფის აპკის ცენტრალური პერფორაცია, ტრავმული ოტიტი, თავის ტვინის შერყევა, წელის პირველი მალის დახურული მოტეხილობა.

დამწვრობითი ხასიათის დაზიანებანი მიყენებულია მაღალი ტემპერატურის მოქმედებით, ხოლო დანარჩენი დაზიანებანი _ მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს-2004 წლის 9 ოქტომბერს.

პალატა ეთანხმება მსჯავრდებულ ა. ბ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს, გ. ა-ლს იმის თაობაზე, რომ წინასწარ გამოძიებაში, ა. ბ-ის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას და ამ უკანასკნელის დაზარალებულ გ. მ-თან დაპირისპირების დროს დარღვეულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ელი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ეჭვმიტანილი საჭიროებს იძულებით დაცვას, თუ დაზარალებულის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი-ადვოკატი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ა. ბ-ლს ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას და დაზარალებულთან დაპირისპირებისას არ ჰყავდა ადვოკატი, მაშინ, როდესაც დაზარალებულ გ. მ-ლს ჰყავდა ადვოკატი, რომელიც ასევე მონაწილეობდა აღნიშნული დაპირისპირების დროს.

პალატა თვლის, რომ ზემოხსენებული ვერ გახდება განაჩენის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან განაჩენში ა. ბ-ის ბრალდების დასაბუთებას არ უდევს საფუძვლად აღნიშნული მტკიცებულებები. განაჩენში მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი უტყუარად ადასტურებს ა. ბ-ის ბრალეულობას მისთვის ბრალად შერაცხულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ცოლ-შვილი და სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ქმედებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.

ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ა. ბ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.