დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.01.2006
საქმის ნომერი
503-დად
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

503-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,თ. თოდრია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

წყალტუბოს რაიონის სასამართლოს 1994 წლის 31 მარტის განაჩენით ა. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 133-ე მუხლით, 203-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.

სამხედრო საბჭოს 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილებით ამნისტიის შესახებ მე-5 პუნქტის საფუძველზე მას გაუნახევრდა სასჯელი და მოსახდელად დარჩა 6 წელი, 8 თვე და 28 დღე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1994 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ა. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, 203-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 96-ე მუხლის მეორე ნაწილის «ი» პუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1994 წლის 15 ივლისიდან.

2005 წლის 18 ოქტომბერს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ ა. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3/4, წახალისებულია სამჯერ, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ა. მ-ლი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოიხადა დანიშნული სასჯელის 3/4, ჰყავს ორი შვილი და მოხუცი დედა.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, მსჯავრდებულ ა. მ-ლს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული ა. მ-ლი სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ადრე ნასამართლევია, მოსახდელად დარჩენილი აქვს დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამასთან, სასჯელის მოხდის პერიოდში დადებული აქვს სახდელები რეჟიმის დარღვევისათვის, რის გამოც აუცილებელია, ამ ეტაპზე მის მიმართ გაგრძელდეს დანიშნული სასჯელის მოხდა სასჯელის მიზნის მისაღწევად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ ა. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება მსჯავრდებულ ა. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათნავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.