შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 25.07.2011
საქმის ნომერი
2კ-345აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.07.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹345აპ-11 25 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. კ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განაჩენით ე. კ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 7 ოქტომბრიდან.

ე. კ-ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენით ე. კ-ას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

ე. კ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა კუსტარული წესით მიღებული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომლის გასაღებაც განიზრახა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ შვილზე – ვ. კ-აზე. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე. კ-ამ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილში დაასველა ექვსი მოყვითალო ფერის თხელი ქსოვილი, მოათავსა პირსახოცის ორივე ბოლოში, ნაკერების შიგნითა მხარეს და ამ გზით შენიღბული ჩადო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ვ. კ-ასათვის გადასაცემ ამანათში.

2010 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 13.30 საათზე, საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹6 დაწესებულების საამანათო განყოფილებაში ე. კ-ამ წარადგინა ამანათი და შეავსო წერილობითი განცხადება, რის საფუძველზეც აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციას ამანათი უნდა გადაეცა იმავე დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ვ. კ-ასათვის.

განცხადებაში ე. კ-ამ აღნიშნა, რომ ამანათში არ იყო მოთავსებული აკრძალული საგნები, ნივთები (მათ შორის ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებები), რის შესახებაც გაფრთხილებული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

ე. კ-ას მიერ წარმოდგენილი ამანათის შემოწმების შედეგად, კერძოდ, მასში მოთავსებული, ღია ფერის პირსახოცის ორივე ბოლოში, ნაკერების შიგნითა მხარეს, ნანახი იქნა მოყვითალო ფერის ქსოვილი, გაჟღენთილი საეჭვო სპეციფიკური სუნის მქონე სითხით, რომელიც მას ჩამოართვეს და შეინახეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹6 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროს ჯ. ი-თან, ხოლო ე. კ-ა დააკავეს.

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის 2010 წლის 8 ოქტომბრის ¹1265/სქ დასკვნის თანახმად: „მოქალაქე ე. კ-ას მიერ წარმოდგენილი ამანათის შემოწმებისას ამოღებული პირსახოცის ორივე ბოლოში არსებული ნაკერების კიდეებში ჩაყოლებული ექვსი თხელი ქსოვილი, თითოეული წონით – 0,22 გრამი, საერთო წონით – 1,32 გრამი, გაჟღენთილია კუსტარული წესით მიღებული ჰეროინის შემცველი ნარევით, საერთო წონით _ 0,165 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს – 0, 0264 გრამს, ხოლო დანარჩენი არანარკოტიკული მინარევია”.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე. კ-ამ. აპელანტმა აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან მართლაც მიიტანა ბ. წ-ის მიერ გადაცემული ამანათი, რომელშიც აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რისი არსებობის შესახებაც მან არ იცოდა. ე. კ-ამ ასევე აღნიშნა, რომ იგი დააკავეს საპროცესო ნორმების დარღვევით, კერძოდ, მას გასაგებ ენაზე არ გააცნეს თავისი უფლებები, არ განუმარტეს, თუ რაში ედებოდა ბრალი. ამდენად, მან ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ე. კ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმე განხილულია სამართლებრივი და საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, არ გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ და ითხოვა უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა მ. უ-ემ შესაგებლით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ე. კ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებისა და მისი გამართლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულის დაკავების, პირადი ჩხრეკისა და დათვალიერების ოქმებით, მოწმეების: ჯ. ი-ის, ი. გ-ის, ე. ს-ის, ტ. კ-ას, ბ. წ-ის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის ¹1265/სქ, დასკვნით ე. კ-ას მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების გარდა, დადასტურებულია, მაგრამ სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული.

არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ე. კ-ას მიერ ნარკოტიკების გასაღების ჩადენის ფაქტს.

საკასაციო პალატის აზრით, საქმე განხილულ იქნა საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის II ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, გამოძიების მიერ სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოკვლეულა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არ მისცემია მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის II ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად: „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას”.

კანონმდებლობით უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პროკურსორის სხვა პირისათვის უკანონო გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება და ა.შ.). იგი დამთავრებულად ჩაითვლება სხვა პირზე მისი გადაცემისას.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ე. კ-ას ქმედება, მართალია, მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების თავისი შვილის _ ვ. კ-სათვის გადასაცემად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამდენად, სახეზე გვაქვს არა დამთავრებული დანაშაული, არამედ _ დანაშაულის მცდელობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ ე. კ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობაზე.

მსჯავრდებული ე. კ-ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და სსკ-ის 19, 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის VII ნაწილით, 303-ე მუხლის II, III, V ნაწილებით, 307-ე მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ე. კ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ ნარკოტიკების გასაღების ნაწილში გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობაზე.

მსჯავრდებული ე. კ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და სსკ-ის 19, 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობაში.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.