საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 42-აპ 20 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულების _ კ. დ-ისა და მ. შ-ის საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის განაჩენი კ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო მ. შ-ის მიმართ შეიცვალა საუარესოდ.
კ. დ-ძე და მ. შ-ძე პატიმრობაში იმყოფებიან 2003წ. 11 თებერვლიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით კ. დ-ესა და მ. შ-ეს ბრალი ედებოდათ იმაში, რომ 2003წ. 10 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, ქ. ბათუმში, --- არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენეს ტ. ნ-ეს, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 18 ივლისის განაჩენით კ. დ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ შერაცხულ ბრალდებაში და მიესაჯა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. შ-ძე კი გამართლდა სსკ-ს 119-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ს 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დაუხმარებლობა) ჩადენაში და მიესაჯა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა, დაზარალებულმა და კ. დ-ის ადვოკატმა.
პროკურორის საჩივარი ითხოვდა მ. შ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებასა და მის ცნობას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 119-ე მუხლით.
დაზარალებულის საჩივარი მოითხოვდა ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად იმ მოტივით, რომ კ. დ-ესა და მ. შ-ეს ბრალად შერაცხოდათ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობა.
ადვოკატის საჩივარი ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მხოლოდ პროკურორის საჩივარი. კ. დ-ის მიმართ განაჩენი დატოვა უცვლელად, ხოლო მ. შ-ის მიმართ კი შეცვალა. იგი დამნაშავედ ცნო სსკ-ს 119-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ღონისძიებად განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებული კ. დ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივებით, რომ: “წინასწარი გამოძიების დროს დაირღვა მისი დაცვის უფლება, დანაშაულის აღიარებითი ჩვენება გამოძალულ იქნა მისგან და მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს”.
მსჯავრდებულ მ. შ-ის საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას იმ მიმართებით, რომ ძალაში დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება ორივე მსჯავრდებულის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ კ. დ-ის მიმართ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ მ. შ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ. დ-ის საჩივარში მითითებული გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს ატარებს, სახელდობრ: ეჭვმიტანილად და ბრალდებულად დაკითხვის წინ კ. დ-ეს განემარტა კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, დაცვის უფლება. ორივე შემთხვევაში მან უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, რაზედაც მას ჩამოერთვა ხელწერილი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თითქოს დანაშაულის აღიარებითი ჩვენება მისგან გამოძალულ იქნა ფიზიკური ძალის გამოყენებით, ამის თაობაზე მას განცხადებით არ მიუმართავს ვინმესთვის და არც ექიმ-ექსპერტთან შემოწმების დროს განუცხადებია. რაც შეეხება მასზე შერაცხული ბრალდების დადასტურებას, იგი, პირველ რიგში, მტკიცდება მისივე ჩვენებებით, აგრეთვე _ მსჯავრდებულ მ. შ-სა და მოწმე გ. ვ-ის ჩვენებებით.
ამრიგად, პალატა მიიჩნევს, რომ კ. დ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი კანონიერია და სასჯელის ღონისძიებაც მის მიმართ სამართლიანად არის განსაზღვრული, რომლის შემცირების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
ამასთანავე, პალატა თვლის, რომ მ. შ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი სრულიად დაუსაბუთებელია, და ამდენად, ის უკანონოა. სააპელაციო სასამართლომ მ. შ-ის მიმართ პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი განაჩენი ისე შეცვალა მსჯავრდებულისათვის საუარესოდ, რომ ამის თაობაზე განაჩენში ვერდ.არ კონკრეტულ მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა და შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ფრაზებით: “მართალია, მსჯავრდებულებმა _ კ. დ-ემ და მ. შ-ემ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე სააპელაციო პალატის სხდომაზე შეცვალეს წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენებები და უარყვეს გარდაცვლილი ტ. ნ-ის ცემისა და მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტი, მაგრამ აღნიშნული მთლიანადაა დადასტურებული მათ მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, მსჯავრდებულთა შემთხვევის ადგილზე გაყვანის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებით, საქმეზე დაკითხულ დამსწრეთა და მოწმეთა ჩვენებებით. ამიტომ პალატა იზიარებს ბათუმის საქალაქო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ. შ-ის მიმართ”.
მ. შ-ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ არც ერთ ჩვენებაში მითითებული არ არის იმის თაობაზე, რომ მან რაიმე დაზიანება მიაყენა აწ გარდაცვლილ ტ. ნ-ეს. გამოძიებამ და სასამართლომ დაკითხეს შემთხვევის დამნახავი მხოლოდ ერთი მოწმე _ გ. ვ-ნი, რომელმაც განმარტა, რომ, მისი შეხედულებით, მ. შ-ძე აშველებდა მოჩხუბრებს და მას არ დაუნახავს ამ უკანასკნელის მიერ ვინმეზე დარტყმის ფაქტი.
კ. დ-მ ბრალდებულად დაკითვის დროს აჩვენა: “მეც იქ ვიყავი, როცა მათ (ტ. ნ-ძე, მ. შ-ძე) გააგრძელეს კამათი. მე ჩავდექი შუაში და მათ ორივეს მივარტყი მკერდის არეში, მაგრამ ისინი მაინც არ გაჩერდნენ და აგინებდნენ ერთმანეთს. მე ორივეს დავარტყი და მოვუწოდე სიმშვიდისაკენ. განსაკუთრებით “რ-ი” (ტ. ნ-ძე) აქტიურობდა. ის მეც ტანზე მეკვრებოდა. მე ვიგერიებდი მას, როგორც შემეძლო. ჩვენ ამ დროს ღობის გადაღმა აღმოვჩნდით, თუ რატომ, ვერ ვხსნი, ალბათ, ამ ჩხუბში აღმოვჩნდით. ამ დროს გასაჩერებლად მივბიძგე ხელი “რ-ას”. ის წაიქცა და არ ამდგარა. იმის გამო, რომ ის არ ამდგარიყო, მას მკერდზე დავაწყვე ბირკეტი. მე ვიფიქრე, რომ ამით ის გაჩერდებოდა და არ წამოვიდოდა. გზაში მ. შ-ემ მითხრა, რომ რაიმე ხომ არ მოუვიდოდა “რ-ის”. მე ვუპასუხე, რომ გამოფხიზლდებოდა და წავიდოდა სახლში. მე მისი მოკვლა განზრახული არ მქონია”.
ამრიგად, განაჩენის მიხედვით გაუგებარია, თუ სააპელაციო პალატამ რა კონკრეტული მტკიცებულებით მიიჩნია მ. შ-ის ბრალეულობა დადასტურებულად. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საპირისპიროდ, პირველ ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია და გამომდინარეობს იმ მტკიცებულებათა შეფასებიდან, რომლებიც სასამართლომ გამოიკვლია. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ სცილდება საქართველოს სსკ-ს 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის _ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობის შემადგენლობას, რის შესაბამისადაც მას უნდა განესაზღვროს სასჯელის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განაჩენი კ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო მ. შ-ის მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მ. შ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ს 119-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 129-ე მუხლზე და მას (მ. შ-ეს) სასჯელის ღონისძიებად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.