საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 44I 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია
განიხილა აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ გ. უ-ას კერძო საკასაციო საჩივარი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 14 ნოემბრის განჩინებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. წ-ძე პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განაჩენით ცნობილი იყო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 213-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. აღიშნული სასჯელი, საქართველოს სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით, სასამართლომ შეუმცირა 2 წლით და საბოლოოდ დაუტოვა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ს 63-ე და 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაუთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნული განაჩენის მიხედვით თ. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: მან 1997წ. 2 ივლისს მიითვისა შპს “---ში” შემოსული, ამავე საზოგადოების კუთვნილი თანხა 24730 ლარის ოდენობით. 1998წ. 18 ოქტომბრიდან 1999წ. 17 ივნისამდე პერიოდში, მოქმედებდა რა ერთიანი განზრახვით, თაღლითობით, კერძოდ, --- ბანკის აფხაზეთის განყოფილებაში ყალბი საგადასახადო დავალების წარდგენით, რომელზედაც თვითონ ჰქონდა გაკეთებული ხელმოწერა “---ის” დირექტორის _ რ. პ-ას სახელით და თვითონვე ჰქონდა დასმული იმავე ფონდის ბეჭედი, გადარიცხა შპს “---ის” ანგარიშზე ფონდ “---ის” საწესდებო კაპიტალის 12475 ლარი, რომელიც შემდეგ გაფლანგა. 1997წ. 4 თებერვალს თ. წ-ემ, შპს “---ის” სახელით შეძენილი აქციების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ამ საზოგადოების მოწილის _ ა. გ-სათვის გადასაცემი თანხა 12310 ლარის ოდენობით გამოიტანა --- ბანკის აფხაზეთის განყოფილებიდან და მიითვისა. ასევე მიითვისა 1998წ. 28 ნოემბერს შპს “---ის” მიერ შპს “---სათვის” გადატვირთული 15000 ბოთლი მინერალური წყლის _ “---ის” რეალიზაციის შედეგად მიღებული 8600 ლარი.
მსჯავრდებულ თ. წ-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი აშკარა ლმობიერების მოტივით სააპელაციო წესით გასააჩივრა აფხაზეთის ა/რ პროკურატურამ. საჩივარი განიხილა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც 2002წ. 30 ივლისის განაჩენით უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.
სააპელაციო ინსტანციის ეს განაჩენი აფხაზეთის ა/რ პროკურატურამ გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ საჩივრის საფუძველზე გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და სისხლის სამართლის საქმე თ. წ-ის მიმართ ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
აპელანტის საჩივარი ხელახლა განიხილა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ და 2003წ. 4 ნოემბრის განჩინებით გააუქმა გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ. წ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ხოლო სისხლის სამართლის საქმე თ. წ-ის ბრალდების გამო დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად სათანადო მითითებებით დაუბრუნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
აღნიშნული განჩინების თაობაზე აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორმა გ. უ-ამ კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 4 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
განსასჯელ თ. წ-ის დამცველი, ადვოკატი ა. კ-ია მხარს არ უჭერს კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვს, რომ კასატორს უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
განსასჯელი თ. წ-ძე მხარს უჭერს თავისი დამცველის პოზიციას და ითხოვს, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 4 ნოემბერს მისი ბრალდების საქმეზე გამოტანილი განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში, რომელიც გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალდების მხარემ, მიუთითებს საქმესთან დაკავშირებულ მრავალ არსებით და მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომლებიც ჯერაც არ არის გამოკვლეული და დადგენილი გამოძიებისა და პროკურატურის ორგანოების მიერ, რის გარეშეც თ. წ-ის ბრალეულობისა თუ არაბრალეულობის საკითხზე კანონიერი, საფუძვლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა ობიექტურად შეუძლებელი იქნება, ხოლო ამ ხარვეზის შევსება სასამართლო განხილვის მეშვეობით ვერ მოხერხდება.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შემდეგი: თავის დროზე წინასწარი გამოძიების მწარმოებელი ორგანოების მიერ საქმესთან დაკავშირებით არ შესრულებულა სააპელაციო ინსტანციის 2003წ. 24 მარტის სასამართლო დავალება და საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის 2001წ. 28 მარტის წერილში მოცემული მითითებები. გასასწორებელია სხვა სახის საპროცესო დარღვევები, რომლებიც დაშვებული იყო გამოძიებისას.
აღნიშნულ გარემოებათა გამო პალატას მიაჩნია, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003წ. 4 ნოემბრის განჩინება თ. წ-ის ბრალდების საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ გ. უ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 ნოემბრის განჩინება თ. წ-ის მიმართ გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის განაჩენის გაუქმებისა და მისი ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაბრუნების შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.