შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 20.01.2004
საქმის ნომერი
2კ-222აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 222-აპ 20 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლ.აშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განაჩენით ა. ტ-ლი მსჯავრდებულია შემდეგისათვის:

ა. ტ-მა 1996 წელს დააარსა შპს “---”, რომელიც განათავსა თავის საცხოვრებელ ბინაში და აწარმოებდა სხვადასხვა დასახელების უალკოჰოლო სასმელების ჩამოსხმა-რეალიზაციას. მან 2002წ. 19 ივლისს დაარღვია საქსტანდარტის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი ნორმატიული დოკუმენტების გოსტ 2818-89 მგმ 5061-59 პგ 2 მოთხოვნა და მშრალი ნივთიერების მასიურ წილთა მჟავიანობის ნაკლებობით სარეალიზაციოდ დაამზადა თვისებრიობით შეცვლილი არასტანდარტული უალკოჰოლო გაზიანი სასმელი 0,5 ლ. ტევადობის ბოთლებში: 140 ბოთლი ლიმონათი “მსხალი” და 40 ბოთლი “ტარხუნა” _ სულ 180 ბოთლი.

2002წ. 19 ივლისს, დაახლოებით 13 საათზე, ქ. თბილისის შს სამმართველოს მუშაკების მიერ შპს “---”-დან ამოღებულ იქნა ფალსიფიცირებული 180 ბოთლი ლიმონათი “მსხალი” და “ტარხუნა” ლიმონათის ჩამოსასხმელი საჭირო დანადგარებით: ერთი “---”, ერთი ლიმონათის ჩამოსასხმელი დანადგარი, ერთი მაცივარი, სამი ბოთლის სარეცხი. ასევე ქ. თბილისში, --- მდებარე მოქ. მ. ზ-ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ ჩაბარებული ფალსიფიცირებული ოთხი ბოთლი ლიმონათი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ტ-ლი ითხოვს მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებას, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არ არსებობის გამო. კასატორის განმარტებით, მართალია, მან ლიმონათის დამზადებისას სტანდარტით გათვალისწინებულ შაქრის ოდენობაზე ნაკლები შაქარი გამოიყენა, მაგრამ ამით ლიმონათის თვისებრიობა არ შეცვლილა. კასატორის განმარტებით, მას ლიმონათი სტანდარტის შესაბამისად შაქარზე უნდა დაემზადებინა და შაქარზე დაამზადა კიდეც, მაგრამ დამზადებისას სტანდარტით გათვალისწინებულზე ნაკლები შაქარის ოდენობა გამოიყენა. კასატორის განმარტებით, ვინაიდან მან ლიმონათის დასამზადებლად სტანდარტით გათვალისწინებული შაქარი გამოიყენა და არა სხვა ნივთიერება, რომელიც გამოიწვევდა ლიმონათის თვისებრიობის შეცვლას, ამიტომ მისი მოქმედება არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. გ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მიუთითა, რომ განსასჯელის მოქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ს 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს. ადვოკატის მითითებით, მსჯავრდებულმა ლიმონათის დამზადებისას შემკვეთთა თხოვნის საფუძველზე მხოლოდ სტანდარტით გათვალისწინებული შაქრის ოდენობა შეამცირა, რაც ვერ გამოიწვევდა ლიმონათის თვისებრიობის შეცვლას. ადვოკატის მითითებით, მსჯავრდებულმა ამ მოქმედებით ჩაიდინა ადმინისტრაციული გადაცდომა და არა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული.

პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ განაჩენი დასაბუთებულია და მსჯავრდებული კანონიერად არის ცნობილი დამნაშავედ. პროკურორის განმარტებით, ა. ტ-ლს დამატებით სასჯელად დაენიშნა ერთი წლით სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა. პროკურორის მითითებით, საქართველოს სსკ-ს 43-ე მუხლი – თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის ჩამორთმევა – არ ითვალისწინებს სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვას, რის საფუძველზეც ა. ტ-ლს უნდა მოეხსნას დამატებითი სასჯელი _ სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულ ა. ტ-ლს, მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ქ. გ-ეს, პროკურორ ე. ქ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ტ-მა 1996 წელს დააარსა შპს “---”, რომელიც განათავსა თავის საცხოვრებელ ბინაში და აწარმოებდა სხვადასხვა დასახელების უალკოჰოლო სასმელების ჩამოსხმა-რეალიზაციას. მან 2002წ. 19 ივლისს დაარღვია საქსტანდარტის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი ნორმატიული დოკუმენტების -- მოთხოვნა და მშრალი ნივთიერების მასიურ წილთა მჟავიანობის ნაკლებობით სარეალიზაციოდ დაამზადა თვისებრიობით შეცვლილი არასტანდარტული უალკოჰოლო გაზიანი სასმელი 0,5 ლ. ტევადობის ბოთლებში: 140 ბოთლი ლიმონათი “მსხალი” და 40 ბოთლი “ტარხუნა” _ სულ 180 ბოთლი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად არ გაიზიარა მსჯავრდებულის ჩვენებები იმ ნაწილში, რომ მას ლიმონათის დამზადებისას რაიმე შაქრის შემცვლელი არ გამოუყენებია. სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის წინასწარ და პირველი ინსტანციის სასამართლო გამოძიებისას მიცემულ ჩვენებებს, სადაც იგი აღიარებს დანაშაულის ჩადენას და განმარტავს, რომ შაქრის მაგივრად ლიმონათის დამზადებისას გამოიყენა შაქრის შემცვლელი “ასპარტამი”, რადგან “ასპარტამი” შაქართან შედარებით ბევრად იაფია და მასზე დამზადებული ლიმონათის რეალიზაციას ახდენდა უფრო დაბალ ფასში. მსჯავრდებულ ა. ტა-ის წინასწარ და პირველი ინსტანციის სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებების სარწმუნოობა დადგენილია თვით მსჯავრდებულის ჩვენებების იმ ნაწილით, სადაც იგი უთითებს, რომ იგი თვითონ არის სპეციალისტი და იცის, რას წარმოადგენს სტანდარტის დარღვევა და პროდუქტის თვისებრიობის შეცვლა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას განსასჯელის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მან რჩევის საფუძველზე მისცა აღიარებითი ჩვენებები. მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებების სარწმუნოობა დადგენილია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის შესაბამისადაც შპს “---ს” ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქროდან ამოღებული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების ნიმუშები: “---” _ მსხალი და “---” _ ტარხუნა არ აკმაყოფილებენ მათზე მიკრულ ეტიკეტებზე არსებული წარწერითა და სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ისინი წარმოადგენენ არასტანდარტულ პროდუქციას, რომელთაც შეცვლილი აქვთ თავიანთი თვისებრიობა.

მართალია, საქმის მასალების მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის არც კველვის მეთოდიკა და არც შაქრის შემცვლელის სახელწოდება, რომელიც გამოყენებულია პროდუქციის დასამზადებლად, მაგრამ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ. გ-ემ განმარტა, რომ მშრალი ნივთიერების მასიური წილი შეადგენდა 3,5 %-ის ნაცვლად 10,5 და 10,6 %-ს, დაბალი იყო მჟავიანობა, გემოთი კი იყო საკმაოდ ტკბილი, რის საფუძველზეც გააკეთა დასკვნა, რომ ექსპერტიზისათვის წარდგენილი ნიმუშები დამზადებული იყო შაქრისა და შაქრის შემცვლელის გამოყენებით. ექსპერტ გ. გ-ის განმარტებით, დასკვნის გასაკეთებლად იმის დადგენას, რა ნივთიერება იყო შაქრის მაგივრად ნახმარი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ერთი ნივთიერების მეორეთი შეცვლა თავისთავად თვისებრიობის შეცვლას გულისხმობდა.

სააპელაციო პალატამ სწორი დასკვნა გააკეთა იმის შესახებ, რომ პალატას რომ გაეზიარებინა კიდეც მსჯავრდებულ ა. ტ-ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მას შაქრის Eშემცვლელი არ გამოუყენებია, უბრალოდ გამოიყენა შაქრის ნაკლები რაოდენობა და ერთჯერადად დაამზადა პროდუქცია, ამEშემთხვევაშიც კი მის მიერ წარმოებულ გამაგრილებელ სასმელს, ლიმონათს, შეცვლილი ექნებოდა თვისებრიობა, ვინაიდან შპს “---ს” ტექნოლოგიური ინსტრუქციის მიხედვით არ არის გათვალისწინებული დიეტური და დიაბეტური პროდუქციის წარმოება. შპს “---ს” უფლება აქვს აწარმოოს სასმელი მხოლოდ შაქრის გამოყენებით და იმავდროულად მშრალი ნივთიერების მასიური წილი უნდა შეადგენდეს 10,5 და 10,6 %-ს

კონკრეტულ Eშემთხვევაშიც შპს “---ს” მიერ გამოშვებულ ლიმონათის ეტიკეტზე მითითებული იყო, რომ აღნიშნული პროდუქტი დამზადებულია შაქარზე, რომლის ოდენობაც შეადგენდა 10,5 და 10, 6 %-ს, რაც რეალობას არ შეეფერებოდა. მოცემულ შემთხვევაში შაქრის შემცველობა იყო 3,5 %, ნაცვლად 10,5 და 10, 6 %-ისა.

აღნიშნული ასევე დადგენილია ექსპერტ გ. გ-ის ჩვენებით, სადაც იგი განმარტავს, რომ სხვა ნივთიერება რომც არ ყოფილიყო გამოყენებული, სასმელის თვისებრიობა მაინც იქნებოდა შეცვლილი, რადგან 10,5% შაქრის ნაცვლად გამოყენებული იყო 3,5 % შაქარი.

სასამართლო სხდომაზე ანალოგიური დასკვნა გააკეთა სპეციალისტმა ე. ი-ემ, რომლის განმარტების შესაბამისად, თვისებრიობის შეცვლაში იგულისხმება სასმელის ფერის, გამჭირვალობის, გაზის შემცველობის, სიტკბოს, არომატის შეცვლა.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განაჩენი ა. ტ-ის მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. საკასაციო პალატა განაჩენის სამართლიანობის შემოწმებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ა. ტ-სათვის შეფარდებული სასჯელი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ. მსჯავრდებულ ა. ტ-ლს ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 200 დღიური ანაზღაურება დღიური 4 ლარის ოდენობით, სულ 800 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით სასჯელად _ ერთი წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა კვების პროდუქტების დასამზადებლად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა დამატებითი სასჯელის სახით სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა. სსკ-ის 43-ე მუხლი – თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა – არ ითვალისწინებს ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვას. აქედან გამომდინარე, ა. ტ-ლს უნდა მოეხსნას დამატებითი სასჯელი _ სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა კვების პროდუქტების დასამზადებლად. საკასაციო პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა. ტ-ის თვიური ხელფასია 60 ლარი, მის კმაყოფაზე იმყოფებიან მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მოხუცებული დედა, ხასიათდება დადებითად და მიაჩნია, რომ ა. ტ-ლს შეფარდებული ჯარიმა _ 200 დღიური ანაზღაურება დღიური 4 ლარის ოდენობით, სულ 800 ლარის ოდენობით უნდა შეუმცირდეს 100 დღიურ ანაზღაურებამდე დღიური 2 ლარის ოდენობით სულ 200 ლარამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ა. ტ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ივნისის განაჩენი ა. ტ-ის მიმართ შეიცვალოს მის სასიკეთოდ: ა. ტ-ლს შეფარდებული დამატებითი სასჯელი – ერთი წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა კვების პროდუქტების დასამზადებლად მოეხსნას, ხოლო ჯარიმა _ 200 დღიური ანაზღაურება დღიური 4 ლარის ოდენობით, სულ 800 ლარის ოდენობით შეუმცირდეს 100 დღიურ ანაზღაურებამდე დღიური 2 ლარის ოდენობით სულ 200 ლარამდე.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.