განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 13.01.2004
საქმის ნომერი
2კ-304აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.01.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 304-აპ 13 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ლ-ძე ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 148-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების _ დანაშაულის დაბრალებით ცილისწამების ჩადენაში, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

განაჩენის მიხედვით ლ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2001წ. 5 მარტს დაზარალებული მ. ბ-ძე იმყოფებოდა სააქციო საზოგადოება “---ის” ¹-- ჩამომსხმელი ქარხნის ეზოს ტერიტორიაზე ქარხნის სხვა თანამშრომლებთან, აქციონერებთან, ---ის ---თან, “---” ბანკის, --- ტელევიზიის წარმომადგენლებთან და სხვა პირებთან ერთად, რა დროსაც მიმდინარეობდა დავა ქარხნის მუშათა და აქციონერთა უფლებების დარღვევის თაობაზე. მ. ბ-ის შეხედულებებმა განსაკუთრებით გააღიზიანა აღნიშნული ქარხნის --- ლ. ლ-ძე, რომელმაც მას უთხრა: “შენ ხარ კრიმინალი ქალი, რომელიც ყველა დირექტორმა მოგხსნა გაფლანგვის, მოპარვისა და დანაკლისის გამო, მაგრამ შანტაჟითა და პროვოკაციებით აღდგენილი იყავი სამსახურში. ეს არ გაგივა ლ. ლ-სთან. მთელი “ეტიკეტი”, “პროფკა” შენი “პადვლიდან” იყო ამოღებული. შენ ხარ კრიმინალი ქალი და დაგიმტკიცებ, რაც მოპარული გაქვს, დააბრუნებ, Eშენ ხარ ყოფილი ქურდი...”

აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა ლ. ლ-ემ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. საჩივრით იგი ითხოვდა ამ განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

ლ. ლ-ის საჩივარი განიხილა სააპელაციო სასამართლომ და არ დააკმაყოფილა იგი, რის გამოც 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენით უცვლელად დატოვა მის მიმართ ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ლ-ემ საკსაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც იგი ითხოვს ამ განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან მიაჩნია, რომ მ. ბ-ის მიმართ მისი გამონათქვამები არ შეიცავს სსკ-ს 148-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ლ. ლ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

დაზარალებული მ. ბ-ძე და მისი დამცველი, ადვოკატი გ. ლ-ძე მხარს არ უჭერენ საკასაციო საჩივარს და ითხოვენ მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ ლ. ლ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რომელიც კვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლით, ჩადენილია 2001წ. 5 მარტს.

აღნიშნული ქმედების თაობაზე სისხლის სამართალწარმოება ხორცილდება კერძო ბრალდების წესით. ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კანონი სასჯელის ზომად ითვალისწინებს უფრო მსუბუქ სასჯელს, ვიდრე თავისუფლების აღკვეთაა.

სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით ისეთი დანაშაულისათვის, რომლისთვისაც განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზომა არ აღემატება ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხანდაზმულობის ვადა არის ორი წელი, რომელიც გამოითვლება მისი ჩადენის დღიდან.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. ლ-ის მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის ბორჯომის რაიონული სასამართლოს დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და იგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2003წ. 20 მარტს, ე.ი. მაშინ, როდესაც დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება, რომელიც გამოითვლება დანაშაულის ჩადენის დღიდან ამ დანაშაულისათვის პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამდე, არ ყოფილა შეჩერებული ან შეწყვეტილი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით თუკი აღმოჩნდა, რომ გავიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, საქმე უნდა შეწყდეს, მათ შორის _ საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის სტადიაზეც, თანახმად ამავე მუხლის მე-8 ნაწილისა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ უნდა შეწყდეს, თანახმად საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილისა, ხოლო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 15 ოქტომბერს მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 ოქტომბრის განაჩენი, ხოლო ლ. ლ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, საქართველოს სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.