განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 6-აპ 19 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა თბილისის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ნ-ლი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სსკ-ის 129-ე მუხლით (1992წ. 3 აგვისტოს რედაქცია), კერძოდ, ნ. ნ-ლი მართავდა რა სატრანსპორტო საშუალება ავტომობილს, ჩაიდინა მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა ნასვამ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და დახმარების აღმოუჩენლად მიტოვება პირისა, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, ხოლო მას, როგორც მიმტოვებელს, ევალებოდა ამ პირზე ზრუნვა, ამასთან, ჰქონდა იმის შესაძლებლობაც, რომ დახმარება აღმოეჩინა მისთვის. ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ნ. ნ-ლს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი _ 5 წლით საგამოცდო ვადა.
სააპელაციო პალატის აღნიშნული განაჩენის მიხედვით ნ. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
1998წ. 10 ოქტომბერს, ნ. ნ-ლი ნასვამი მართავდა რა მის კუთვნილ ავტომობილს _ “გაზ-24” და მოძრაობდა თბილისში, ---, ---ის მოედნის მხრიდან ---ის მოედნის მიმართულებით, 60კმ/სთ სიჩქარით მსვლელობისას ¹-- საცხოვრებელ სახლთან მისი სამოძრაო გზის გადაკვეთა დაიწყო ნ. სირბილით, მარჯვნიდან მარცხნივ, ქვეითად მოსიარულე ნ. ხ-მა, რომელმაც ნ. ნ-ის მხედველობის არეში გაირბინა 6-7 მეტრი მანძილი, რა დროსაც მძღოლმა დაარღვია “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა: “მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება დადგენილ შეზღუდვებს, ამასთან, უნდა გაითვალისწინოს მოძრაობის ინტენსიურობა, საგზაო და მეტეოროლოგიური პირობები, ხილვადობა მოძრაობის მიმართულებით, სიჩქარე, რაც საშუალებას აძლევს მძღოლს მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად, ხოლო მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მძღოლი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად, სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე”.
უგულებელყო რა აღნიშნული კანონის მოთხოვნები, საფრთხის წარმოქმნისას დროულად არ შეამცირა ავტომობილის სიჩქარე მისი სრული გაჩერების მიზნით, არ მიიღო საჭირო ზომები შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც ავტომობილი წინა, მარცხენა ნაწილით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ. ხ-ლს. ნაცვლად იმისა, რომ დახმარება აღმოეჩინა დაშავებულისათვის, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, მიატოვა იგი განსაცდელში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მიუხედავად იმისა, რომ მას ევალებოდა და შესაძლებლობაც ჰქონდა, დაზარალებულისათვის აღმოეჩინა დახმარება. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ. ხ-ლი გარდაიცვალა.
ქ. თბილისის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორმა ე. მ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს მსჯავრდებულ ნ. ნ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას დანიშნული სასჯელის ლმობიერების მოტივით, აგრეთვე _ საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
პალატის სხდომაზე განხილვისას პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი დაუჭირა რა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ნ. ნ-ის ბრალდების საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება, რადგან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელი, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, მეტისმეტად ლმობიერია და უნდა შეიცვალოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ნ. ნ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის გარემოებები, კერძოდ, ამ ქმედების სიმძიმე, მისი ჩადენით გამოწვეული შედეგი, ქმედების ჩადენა სიმთვრალის მდგომარეობაში, აგრეთვე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნ. ნ-ის ქცევა მას შემდეგ, რაც მან ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მიატოვა მის მიერვე დაშავებული, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი უმწეო ადამიანი და მიიმალა, ნაცვლად იმისა, რომ დაუყოვნებლივ დახმარება გაეწია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის, რომელზე ზრუნვაც ნ. ნ-ის არა მარტო სამართლებრივ, არამედ მორალურ მოვალეობასაც წარმოადგენდა, უდავოდ ადასტურებს, რომ მისი გამოსწორებისა და იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც, როგორც წესი, სასჯელის ზომად ინიშნება თავისუფლების აღკვეთა, მოცემულ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება პირობითი მსჯავრდება, რის გამოც სასამართლომ მის მიმართ უნდა დანიშნოს რეალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებზეც პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოები მიუთითებენ, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარის მოთხოვნა საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად ამისა, უნდა გაუქმდეს მსჯავრდებულ ნ. ნ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენი, ხოლო ნ. ნ-ის ბრალდების საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ნ-ის მიმართ გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მისი ბრალდების თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითა (1992წ. 3 აგვისტოს რედაქცია) და 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.