საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 2-კოლ 11 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, ი. ბიბილაშვილი განიხილა მსჯავრდებულების _ მ. ვ-სა და შ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენით მ. ვ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის II ნაწილის “ა” და “თ” ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის I ნაწილით, 127-ე მუხლით და 59-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
შ. გ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის “ა”, “თ” ქვეპუნქტებით, 127-ე მუხლით და 59-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მ. ვ-ვა და შ. გ-ვი მსჯავრდებულ იქნენ შემდეგი ქმედების ჩადენისათვის: 2002წ. 21 ოქტომბერს, დაახლოებით 22 საათზე, მ. ვ-ას საცხოვრებელ ბინაში შეიჭრნენ იმავე სოფ. ---ში მცხოვრები ვ. ვ-ვი, რ. ა-ვი, ზ. ვ-ვი და სხვა პირები, რომლებმაც ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიტაცეს მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი ე. გ-ვა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. მ. ვ-ამ დაიწყო შვილის ძებნა. მისთვის იმავე ღამეს გახდა ცნობილი, რომ ე. გ-ვა ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა ვ. ა-მა. მ. ვ-ვა იცნობდა მისი შვილის გამტაცებლის ნათესავს _ კ. ა-ას. მ. ვ-ვა მივიდა კ. ა-სთან სახლში, თავისი მაზლის _ შ. გ-ის მანქანით. კ. ა-ვა სახლში იყო თავის მცირეწლოვან _ ექვსი თვის ბავშვთან ერთად. მ. ვ-ას ეჭვი ჰქონდა, რომ კ. ა-ამ ხელი შეუწყო ვ. ა-ვს მისი შვილის გატაცებაში და ეცოდინებოდა მათი ადგილსამყოფელი. კ. ა-ამ მ. ვ-ას განუცხადა, რომ არაფერი იცოდა მისი შვილის ადგილსამყოფლის თაობაზე. მ. ვ-ამ არ დაუჯერა მას და თმებით გამოათრია კ. ა-ვა სახლიდან, შ. გ-ვი კი დანით ემუქრებოდა მას, რათა ეთქვა, თუ სად ჰყავდათ მისი ძმისშვილი მის ნათესავებს გადამალული. მ. ვ-ამ და შ. გ-მა ერთად, იძულებით, კ. ა-ვა ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. კ. ა-ას ექვსი თვის შვილი _ გ. გ-ვა დარჩა მარტო სახლში. მ. ვ-ამ და შ. გ-მა გზად გაუარეს იმავე სოფელში მცხოვრებ ფ. გ-ვს. შემდეგ კი შ. და ფ. გ-ებმა კ. ა-ვა მიიყვანეს სოფ. ---ში, სადაც იგი დატოვეს მ. ვ-ვას მულის _ მ. გ-ს ბინაში. კ. ა-ვა ამ ბინაში იმყოფებოდა 2002წ. 22 ოქტომბრის შუა დღემდე. შემდეგ კი მ. გ--მა კ. ა-ვა მიიყვანა სოფ. ---ში ამ უკანასკნელის მამის _ ე. ალ-ის სახლში. კ. ა-ვმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მ. ვ-ამ ვ. გ-ის ოჯახის ახლობლის _ ა. ო-ის დახმარებით მიაგნო თავისი შვილის _ ე. გ-ას ადგილსამყოფელს გარდაბნის რაიონის სოფ. ---ში, საიდანაც წამოიყვანა იგი ა. ო-ის კუთვნილი “06” მარკის ავტომანქანით. გზაში დედა-შვილს მოუვიდათ კამათი. კამათში ჩაერია ა. ო-ვი. მ. ვ-ამ ა. ო-ვს კამათის დროს დანით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება გულმკერდის არეში. დაჭრილი ა.Oო-ვი მოათავსეს საავადმყოფოში.
სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ სამართლებრივი შეფასება მისცა რა დადგენილ გარემოებებს, მიიჩნია, რომ მ. ვ-ამ და შ. გ-მა წინასწარი შეთანხმებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით გაიტაცეს კ. ა-ვა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება გარდაბნის რაიონის სოფ. ---ში. მათ კ. ა-ას გატაცებით მისი ექვსი თვის უმწეო ბავშვი ჩააყენეს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, ვინაიდან ბავშვი მარტო დარჩა სახლში. მ. ვ-ამ ასევე ჩაიდინა ა. ო-ვის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. მ-ლი ითხოვს მ. ვ-სა და შ. გ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებას და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს და არასწორად ცნო დამნაშავედ როგორც მ. ვ-ვი, ასევე შ. გ-ვი. ადვოკატის განმარტებით, მართალია, მ. ვ-ვა და შ. გ-ვი მივიდნენ კ. ა-სთან სახლში, მაგრამ მათ კ. ა-ას მიმართ ძალა არ გამოუყენებიათ, იგი იძულების წესით არ ჩაუსვამთ მანქანაში და თავისუფლება მისთვის უკანონოდ არავის აღუკვეთია. კ. ა-ვა მათ გაჰყვა ნებაყოფლობით, თხოვნის საფუძველზე. კასატორის მითითებით, მას შემდეგ, რაც კ. ა-ვა გაჰყვა მ. მ-ას, ბავშვთან სახლში დარჩა მათი ნათესავი.
ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ მ. ვ-ას ისე დასდო მსჯავრი, ა. ო-სათვის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომ საქმეში არ მოიპოვება ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. კასატორის განმარტებით, მ. ვ-ას ა. ო-ვი არ დაუჭრია და მის დაჭრას იმ ვითარებაში, რომელიც სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, ვერ შეძლებდა.
მსჯავრდებულმა მ. ვ-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითა, რომ მას რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია, იგი ეძებდა თავის შვილს, რომელიც სახლიდან მოსტაცეს, რაშიც დაეხმარნენ კ. ა-ვა და ა. ო-ვი. მას არც კ. ა-ას მიმართ გამოუყენებია რაიმე ძალა და არც ა. ო-ვი დაუჭრია. როდესაც ა. ო-ვს მანქანაში ჩაუჯდა, იგი უკვე დაჭრილი იყო.
მსჯავრდებულმა შ. გ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ მას რაიმე ძალადობა კ. ა-ას მიმართ არ გამოუყენებია.
დაზარალებულმა ა. ო-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას დანა დაარტყა მ. ვ-ამ, მაგრამ მას მ.ვალიევას მიმართ რაიმე პრეტენზია არა აქვს და არც მის დასჯას ითხოვს.
პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ მოტივით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და კანონიერია. პროკურორის განმარტებით, მართალია, მსჯავრდებულებს სასჯელის სახით შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ საქმის მასალებიდან გამომდინარე, კერძოდ კი იქიდან გამომდინარე, რომ მ. ვ-სა და შ. გ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას წინ უსწრებდა მ. ვ-ას შვილის გატაცება, ასევე მათი პიროვნებების მხედველობაში მიღებით, სახელმწიფო ბრალდება თვლის, რომ მ. ვ-სა და შ. გ-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი, კერძოდ, მ. ვ-ს შეფარდებული სასჯელი _ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა ჩაეთვალოს პირობით, ოთხწლიანი საგამოცდო ვადით, ასევე შ. გ-ს შეფარდებული სასჯელი _ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა _ ჩაეთვალოს პირობით, ოთხწლიანი საგამოცდო ვადით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულებს _ მ. ვ-სა და შ. გ-ვს, მათი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ა. მ-ლს, პროკურორ ე. ქ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების _ მ. ვ-სა და შ. გ-ის განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ კ. ა-ას მიმართ ძალადობა არ გამოუყენებიათ, იგი იძულების წესით არ ჩაუსვამთ მანქანაში და თავისუფლება მისთვის უკანონოდ არ აღუკვეთიათ. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას იმის თაობაზე, რომ კ. ა-ვა მათ გაჰყვა ნებაყოფლობით, თხოვნის საფუძველზე, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი გაჰყვა მათ კ. ა-ას შვილთან სახლში, დარჩა მათი ნათესავი. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
დაზარალებულ კ. ა-ას წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ იგი 2002წ. 21 ოქტომბერს, მ. ვ-ას შვილის გატაცების შემდეგ, მამამისის სახლიდან თმების თრევით და ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მ. ვ-ამ და შ. გ-მა. ამავე ჩვენებებით დადგენილია, რომ შ. გ-ვი დანის მუქარით ითხოვდა მისგან, რომ ეთქვა გატაცებული ე. გ-ის ადგილსამყოფელი. ამავე ჩვენებების თანახმად, იგი ავტომანქანაში იძულებით ჩასვეს და წაიყვანეს, სოფ. ---ში, მ. გ-ას სახლში, სადაც გაათენა ღამე. მეორე დღეს კი სახლის დიასახლისმა შეიტყო რა საქმის არსი, თავისი ინიციატივით დააბრუნა იგი მშობლებთან სოფ. ---ში. ამავე ჩვენებებით დადგენილია, რომ როდესაც ის სახლიდან ძალით გამოიყვანეს და წაიყვანეს მ. ა-მა და შ. გ-მა, სახლში არავინ იყო, გარდა მისი ექვსი თვის შვილისა.
დაზარალებულ კ. ა-ას ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია მოწმეების, მისი მშობლების _ ე. ა-ის და ა. ა-ას წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ შემთხვევის დღეს კ. ა-ვა მარტო იყო სახლში თავის 6 თვის შვილთან ერთად. სახლში დაბრუნებულებს ქალიშვილი აღარ დახვდათ. ბავშვი კი, როგორც მეზობლებისაგან შეიტყვეს, ატირებული უნახავთ იატაკზე. კ. ა-ვა მეორე დღეს მიიყვანეს მათთან სახლში.
ის ფაქტი, რომ ექვსი თვის ბავშვი მარტო დარჩა სახლში კ. ა-ას ძალადობით სახლიდან გაყვანის შემდეგ, დადგენილია კ. ა-ას რძლის, მოწმე მ. ა-ას ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის ღამეს კ. ა-ის ყვირილის ხმაზე შევიდა კ. ა-ას სახლში, სადაც მხოლოდ ატირებული ბავშვი დახვდა.
მოწმე მ. გ-ს წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით უარყოფილია მსჯავრდებულთა განმარტება იმის თაობაზე, რომ მათ კ. ა-სათვის თავისუფლება უკანონოდ არ აღუკვეთიათ, მ. გ-ამ დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ ღამე მის სახლში, სოფ. ---ში შ. გ-მა მიიყვანა კ. ა-ვა, რომელიც მეორე დღეს თვითონვე წაიყვანა მამამისის სახლში. მოწმის ამ ჩვენებით დგინდება დაზარალებულ კ. ა-ას და მოწმეების _ ე. ა-ას და ა. ა-ის ჩვენებათა სარწმუნობა იმ ნაწილში, სადაც ისინი უთითებენ, რომ კ. ა-ვა მეორე დღეს მშობლებთან მ. გ-მა მიიყვანა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უარყოფილია მსჯავრდებულთა ჩვენებები იმ ნაწილში, რომ კ. ა-ვა მათ ნებაყოფლობით გაყვა მ. ვ-ას შვილის მოსაძებნად. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ კ. ა-ას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები შუბლის, ლოყისა და ბეჭის არეში, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის თაობაზე, რომ მ. ვ-ას არ ჩაუდენია ა. ო-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. დაზარალებულ ა. ო-ის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მ. ვ-ას ავტომანქანაში შვილთან _ ე. გ-სთან მოუვიდა კამათი, რაშიც თვითონაც ჩაერია, მ. ვ-ამ მოულოდნელად მას დაარტყა დანა მუცლის არეში. დაზარალებულ ა. ო-ის ჩვენებათა სარწმუნობა დადგენილია მოწმე შ. თ-ის წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით, სადაც მან დაადასტურა, რომ ა. ო-ის დაჭრის შემდეგ ამ უკანასკნელმა მას განუცხადა, რომ დაჭრა მ. ვ-ამ. სასამართლო-სამედიცინო ექსიპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა. ო-ვს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარჯვენა გულ-მკერდის არეში. პნევმოთორაქსი, II-III ხარისხის პოსტჰემორაგიული შოკი, რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მ. ვ-სა და შ. გ-ის მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. იმის გათვალისწინებით, რომ მ. ვ-სა და შ. გ-ის მიერ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მ. ვ-ას სახლში ღამე შეიჭრნენ და ლოგინიდან გასტაცეს ქალიშვილი, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მათ ამ ქმედებათა ჩადენამდე რაიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ, მ. ვ-ვა არის დიასახლისი და ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, შ. გ-ვს ასევე კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ხასიათდებიან დადებითად, პალატას მიაჩნია, რომ მ. ვ-ას და შ. გ-ის გამოსწორება შეიძლება თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე და მათ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს პირობითი მსჯავრი ხუთწლიანი საგამოცდო ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულების _ მ. ვ-სა და შ. გ-ის სასიკეთოდ: მ. ვ-ას შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი. შ. გ-ვს შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
მ. ვ-ას ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
შ. გ--ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.