განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 25.03.2004
საქმის ნომერი
2კ-47კოლ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 47-კოლ 25 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მსჯავრდებულ ი. კ-ისა და ადვოკატ ც. ქ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ი. კ-ლი და გ. ქ-ლი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯათ თითო წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით. მათვე ერთი წლის ვადით ჩამოერთვათ შსს-ს სისტემაში თანამდებობის დაკავების უფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი: ი. კ-ლი და გ. ქ-ლი 2001წ. მეორე ნახევრიდან მუშაობდნენ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს მეორე განყოფილებაში: პირველი _ სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად, ხოლო მეორე _ 25-ე სექტორის უფროს ინსპექტორად. 2002წ. 10 მარტს, დილით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ი. კ-ლი და გ. ქ-ლი გამოცხადდნენ ამ უკანასკნელის სამოქმედო ტერიტორიაზე _ --- მდებარე სასურსათო მაღაზიაში, რომლის მფლობელ ტ. შ-საგან მიიღეს ინფორმაცია, რომ კარის საკეტის გატეხვის გზით მაღაზიიდან ფარულად იყო გატაცებული დაახლოებით 700 ლარის ღირებულების სასურსათო საქონელი. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ი. კ-მა და გ. ქ-მა ეს არ შეატყობინეს განყოფილების ხელმძღვანელობას, არ დაარეგისტრირეს დანაშაულთა შესახებ შეტყობინების წიგნში, სახელმწიფო აღრიცხვაზე არ აიყვანეს მომხდარი დანაშაული, არ მოახდინეს სათანადო რეაგირება, რამაც ხელი შეუშალა დანაშაულის დროულად გახსნას. მათმა ასეთმა ქმედებამ ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ადვოკატ ც. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მსჯავრდებულ გ. ქ-ის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება შემდეგი მოტივით:

მოქალაქე ტ. შ-ას კუთვნილი მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე პოლიციის ინსპექტორმა ი. კ-მა შეტყობინება მიიღო პოლიციის განყოფილების პასუხისმგებელი მორიგისაგან. შემდეგ კი კრიმინალური პოლიციის უფროსმა პ. შ-მა მისცა დავალება, დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი. ამ დავალების საფუძველზე ი. კ-ლი, გ. ქ-ლი და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მათთან მიმაგრებული ერთ-ერთი თანამშრომელი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და უკან დაბრუნებულებმა პ. შ-რს მოახსენეს მომხდარი დანაშაულის ფაქტის შესახებ. ამდენად, უბნის ინსპექტორ გ. ქ-ლს დანაშაულის ფაქტი არ დაუმალავს და არც შეეძლო დაემალა. ამ ფაქტის დამალვა შედიოდა განყოფილების ხელმძღვანელობის ინტერესებში, რაც გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ იქნა გამოვლენილი. მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ანალოგიური მოტივით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას.

პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ც. ქ-ემ და ბ. შ-მა, მსჯავრდებულებმა _ ი. კ-მა და გ. ქ-მა ითხოვეს წარმოდგენილ საჩივართა დაკმაყოფილება. პროკურორმა ე. ქარჩავამ მხარი არ დაუჭირა საჩივართა მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივართა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განაჩენი და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ გამოძიებასა და სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოუკვლევიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის სავალდებულო მოთხოვნები.

მოწმე გ. დ-მა აჩვენა, რომ მომხდარი ქურდობის შესახებ მან ტელეფონით აცნობა ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს მეორე განყოფილების მორიგეს. შეტყობინების გადაცემიდან დაახლოებით 20-30 წუთში მაღაზიაში გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. მოწმე გ. დ-ის ეს ჩვენება დაადასტურა მაღაზიის პატრონმა ტ. შ-ამ და თანამშრომელმა მ. თ-ემ.

პოლიციის განყოფილების პასუხისმგებელი მორიგე ვალდებულია, მიღებული შეტყობინება გაატაროს შესაბამის ჟურნალში და დაუყოვნებლივ მოახსენოს ხელმძღვანელობას.

გამოძიებით დადგენილი არ არის, თუ რომელმა მორიგემ მიიღო ზემოაღნიშნული შეტყობინება, რატომ არ დააფიქსირა ის სათანადო წესით და ვის მოახსენა მიღებული შეტყობინების თაობაზე.

გამოძიებით ასევე დადგენილი არ არის, ი. კ-თან და გ. ქ-თან ერთად კიდევ ვინ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და საქმის გარემოებათა ირგვლივ დაკითხული არ არის ეს პირი. აღნიშნული მესამე პირის დადგენას და დაკითხვას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისათვის.

საქმეზე შედგენილი საბრალდებო დასკვნითა და განაჩენით ახსნილი არ არის, თუ რა პირადი ინტერესი ამოძრავებდათ ი. კ-სა და გ. ქ-ლს მომხდარი დანაშაულის დაფარვით; არც ის არის გარკვეული, მათ დამოუკიდებლად შეეძლოთ თუ არა დანაშაულის მიჩქმალვა და მომხდარი სამართალდარღვევის რეგისტრაციის გარეშე დატოვება უფრო მეტად ხელმძღვანელობის ინტერესებში შედიოდა, თუ ამჟამად მსჯავრდებული პირების ინტერესის საგანს წარმოადგენდა.

გამოძიებას შეფასება არ მიუცია და რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება არ მიუღია პასუხისმგებელი მორიგის, კრიმინალური პოლიციის უფროსისა და სხვა იმ ხელმძღავნელ პირთა ქმედებისა თუ უმოქმედობის მიმართ, რომელთაც პირველ რიგში ევალებათ მიღებული შეტყობინების რეგისტრაცია, სახელმწიფო აღრიცხვაზე აყვანა, მომხდარი დანაშაულის ფაქტზე მოკვლევის ორგანიზაცია და დამნაშავის დადგენა.

პალატა თვლის, რომ ი. კ-ის, გ. ქ-სა თუ სხვა პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების შემდეგ უნდა გადაწყდეს. საქმეში დღემდე არსებული მასალები სასამართლო კოლეგიას არ აძლევდა კანონიერ საფუძველს, დაედგინა გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი. ასევე, იმავე მასალებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა თუ განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ადვოკატ ც. ქ-სა და მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 16 იანვრის განაჩენი ი. კ-სა და გ. ქ-ის მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

ი. კ-სა და გ. ქ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.