განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 11.03.2004
საქმის ნომერი
2კ-70აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 70-აპ 11 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,გ. ბორჩხაძე

განიხილა მსჯავრდებულ მ. ჩ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. შ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა აბაშის რაიონის სასამართლოს 1998წ. 17 ნოემბრის განაჩენი მ. ჩ-ას მიმართ. აღნიშნული განაჩენით მ. ჩ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ.) და სასჯელად შეეფარდა სამსახურიდან დათხოვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად მიჩნეულ იქნა შემდეგი:

მ. ჩ-ვა მუშაობდა რა შს აბაშის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილედ ოპერატიულ დარგში, 1996წ. 28 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 1 საათზე, მთვრალი, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, რაც გამოიხატა მის მიერ სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგო მოქმედებათა განზრახ ჩადენაში, პირადი მოტივის საფუძველზე შევიდა შს რაიონული განყოფილების სამორიგეო ნაწილში, სადაც უფროს მორიგე ინსპექტორ ნ. შ-ეს მოსთხოვა საკნების გაღება და პატიმრებთან საუბარი; მასვე დაავალა, მის სამუშაო ოთახში აეყვანა აბაშის რაიონის სასამართლოს სახელზე რიცხული პატიმარი რ. ც-ია. მ. ჩ-ვა მარტო დარჩა პატიმარ რ. ც-სთან და მასთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 3 საათზე პატიმარი რ. ც-ია მ. ჩ-ას სამუშაო ოთახიდან გაიქცა და შს რაიონული განყოფილების შენობიდან გასვლის შემდეგ მიიმალა, რითაც მ. ჩ-ას ქმედებით არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული მ. ჩ-ა ითხოვს მის მიმართ დადგენილ სასამართლო გადაწყვეტილებათა გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის სამართალში მიცემის სტადიიდან აბაშის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

აბაშის რაიონის სასამართლოს განაჩენი დადგენილია 1998წ. 17 ნოემბერს, საქმეში კი ამ დღის სასამართლო სხდომის ოქმი არ მოიპოვება; სასამართლო სხდომის თავმჯდომარე და ერთ-ერთი მსაჯული იყვნენ ნათესავები; დარღვეულ იქნა მისი დაცვის უფლება; სასამართლომ დაარღვია ბრალდებულის სამართალში მიცემის 5 _ დღიანი ვადა.

მსჯავრდებულ მ. ჩ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. შ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებათა გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. იგი მიუთითებს, რომ მსჯავრდებული მ. ჩ-ვა თავს არ ცნობდა დამნაშავედ და ითხოვდა საქმის შეწყვეტას. საქმის მასალებით მსჯავრდებულ მ. ჩ-ას მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება, რის გამოც იგი უკანონოდაა მსჯავრდებული.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ მ. ჩ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. შ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან აღნიშნა, რომ აბაშის რაიონის სასამართლომ დაარღვია საპროცესო კანონის მოთხოვნა, ერთ-ერთი მსაჯული _ შ. გ-ვა და აბაშის რაიონის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თ. გ-ვა ნათესავები _ ბიძაშვილები არიან. ადვოკატმა რ. შ-ამ იშუამდგომლა სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის სამართალში მიცემის სტადიიდან აბაშის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ.

ადვოკატის მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული მ. ჩ-ვა. მან აღნიშნა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და უკანონოდაა მსჯავრდებული. იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის სამართალში მიცემის სტადიიდან აბაშის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ.

პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან იშუამდგომლა სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის სამართალში მიცემის სტადიიდან აბაშის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი მ. ჩ-ას მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე (ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში).

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა მ. ჩ-ამ დანაშაული ჩაიდინა 1996წ. 1 დეკემბერს. საქმეზე აბაშის რაიონის სასამართლომ განაჩენი დაადგინა 1998წ. 17 ნოემბერს. განაჩენი კანონით დადგენილ ვადაში (7 დღეში) მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში. თითქმის ხუთი წლის გასვლის შემდეგ, 2003წ. 29 ოქტომბერს, მ. ჩ-ამ აბაშის რაიონულ სასამართლოს მიმართა სააპელაციო წესით გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ. აბაშის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის დადგენილებით აღდგა სააპელაციო გასაჩივრების ვადა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ მ. ჩ-ას საჩივარი განიხილა და თავისი 2003წ. 11 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დატოვა აბაშის რაიონული სასამართლოს 1998წ. 17 ნოემბრის განაჩენი.

საჩივრის მითითება, რომ მ. ჩ-ას სამართალში მიცემისას დაირღვა სამართალში მიცემის 5 _ დღიანი ვადა, ვერ გახდება განაჩენის გაუქმებისა და ამ მოტივით სამართალში მიცემის სტადიიდან საქმის სასამართლოში დაბრუნების საფუძველი, მით უმეტეს, მ. ჩ-ას სამართალში მიცემიდან გასულია თითქმის 7 წელი და ამჟამად ამ ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია.

საჩივრის მითითება, რომ თითქოს საქმის პირველი ინსტანციით განხილვისას დაირღვა მ. ჩ-ას დაცვის უფლება, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რადგან ადვოკატ ნ. გ-ას ეკავა იგივე პოზიცია, რაც მსჯავრდებულ მ. -ს. კერძოდ, ადვოკატმა ნ. გ-ამ იშუამდგომლა სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის მოხსნა, რასაც დაეთანხმა თვით მ. -აც. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაცვის უფლება არ დარღვეულა.

რაც შეეხება სასამართლო სხდომის ოქმში არსებულ გადასწორებებს, ამის შესახებ იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და არ მიიჩნია ისინი არსებითი ხასიათის დარღვევად, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ საქმის განხილვაში მონაწილე ერთ-ერთი მსაჯული იყო სხდომის თავმჯდომარის ნათესავი, აღნიშნული განაჩენის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, რადგან ამჟამად მოქმედი საპროცესო კანონი რაიონულ სასამართლოში მსაჯულის მონაწილეობას საერთოდ აღარ ითვალისწინებს. ამასთან, საქმე არსებითად განიხილა სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც ასევე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

საკასაციო პალატა თვლის: იმის გათვალისწინებით, რომ მ. ჩ-ას მიმართ დადგენილი განაჩენი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში შესული იყო კანონიერ ძალაში, მ. ჩ-ას ამ ხნის განმავლობაში არ ჩაუდენია რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ამასთან, მის მიერ ქმედების ჩადენიდან გასულია 7 წელზე მეტი დრო ამასთან ძებნილი რ. ც-ია (რომელიც მ. ჩ-ას გაექცა სამუშაო ოთახიდან) 1997 წელს დაკავებულ იქნა თვით მ. ჩ-ას აქტიური მონაწილეობით და აქედან გამომდინარე, შეიცვალა ვითარება, ამიტომ ქმედება აღარ არის საშიში, რის გამოც განაჩენი მ. ჩ-ას მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე შეწყდეს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 დეკემბრის განაჩენი მ. ჩ-ას მიმართ გაუქმდეს და საქმე შეწყდეს, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის საფუძველზე.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.