განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 18.03.2004
საქმის ნომერი
2კ-101აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 101-აპ 18 მარტი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულების: ს. ხ-ის, მ. წ-სა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 იანვრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის განაჩენი ს. ხ-ის, ნ. ს-სა და მ. წ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის განაჩენით მ. წ-ეს; ს. ხ-ეს; ნ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით მიესაჯათ ჯარიმა 150-150 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის განაჩენი ს. ხ-ის, ნ. ს-სა და მ. წ-ის მიმართ.

განაჩენით მათ მსჯავრი დაედოთ შემდეგში:

2000წ. 24 მაისს --- მცხოვრებ ნ. ს-სა და ს. ხ-ის საცხოვრებელი სახლის საერთო დერეფანში საქანელაზე ქანაობდა ნ. ს-ის შვილიშვილი, მცირეწლოვანი ჯ. ს-ძე. ს. ხ-ემ შენიშვნა მისცა მას და ჩამოაგდო საქანელადან, რის თაობაზეც ჯ. ს-ემ უამბო ბებიას _ ნ. ს-ეს, რომელიც გაბრაზებული მივიდა ს. ხ-სთან. ამ უკანასკნელმა მას წყალი შეასხა სახეში, რის საპასუხოდაც ნ. ს-ემ ს. ხ-ეს დაუწყო ცემა სახის არეში, სწვდა თმაში და სამზარეულოდან დერეფანში გაათრია. საპასუხოდ ს. ხ-ემ ნ. ს-ეს ფეხი ჩაარტყა მუცელში, წააქცია იატაკზე და განაგრძო მისი ცემა. ჩხუბის ხმაზე ნ. ს-ის რძალი მ. წ-ძე გავიდა დერეფანში და ს. ხ-ეს დანით ზედა ტუჩის არეში განზრახ მიაყენა ჭრილობა. ჩხუბის დროს ს. ხ-ემ და ნ. ს-ემ მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

მსჯავრდებულები _ ნ. ს-ძე და მ. წ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას. საჩივარში მიუთითებენ, რომ მათ ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენიათ და ს. ხ-სათვის დაზიანება არ მიუყენებიათ. ანალოგიური მოტივით განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვს მსჯავრდებული ს. ხ-ეც, რომელიც უარყოფს ნ. ს-ის ცემას და დაზიანების მიყენებას.

პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ნ. ს-ემ განაცხადა, რომ ის შეურიგდა მსჯავრდებულ ს. ხ-ეს. თავის მხრივ, ს. ხ-აც განაცხადა, რომ ის შეურიგდა მსჯავრდებულებს _ ნ. ს-სა და მ. წ-ეს. ნ. ს-ემ, მ. წ-ემ და ს. ხ-ემ წარმოადგინეს განცხადება შერიგების შესახებ და მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ნ. ფ-მა და დ. კ-მა მოითხოვეს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორი ე. ქ-ვა დაეთანხმა მსჯავრდებულების _ ს. ხ-ის, მ. წ-სა და ნ. ს-ის მოთხოვნას _ შერიგების გამო განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა მსჯავრდებულების განცხადება, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სსსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ საქმეები აღიძვრება მხოლოდ დაზარალებულთა საჩივრით, მაგრამ უნდა შეწყდეს ბრალდებულებთან მისი შერიგების გამო. შერიგება დასაშვებია სასამართლო სათათბირო ოთახში გასვლამდე, მათ შორის, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმეთა განხილვისას. სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი აღძრული სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს, თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ნ. ს-ემ განაცხადა, რომ ის შეურიგდა მსჯავრდებულ ს. ხ-ეს, თავის მხრივ, ამ უკანასკნელმაც განაცხადა, რომ შეურიგდა მსჯავრდებულებს _ ნ. ს-სა და მ. წ-ეს. აღნიშნულის დასადასტურებლად მათ პალატას წარმოუდგინეს განცხადება შერიგების შესახებ. მხარეთა შერიგების გამო განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა და სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა.

პალატა თვლის, რომ მ. წ-ის, ნ. ს-სა და ს. ხ-ის განცხადება ურთიერთშერიგების გამო განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 იანვრის განაჩენი მ. წ-ის, ნ. ს-სა და ს. ხ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ლ” ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 იანვრის განაჩენი ს. ხ-ის, ნ. ს-სა და მ. წ-ს მიმართ გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.