საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.03.2005
საქმის ნომერი
2კ-15კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 15-კოლ 15 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე (მომხსენებელი),მ. გოგელია

განიხილა მსჯავრდებულ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი, აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურის განყოფილების პროკურორს. კ-ის, ადვოკატა. ქ-სა და მსჯავრდებული. ქ-ს კერძო საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წ. 1 დეკემბრის განაჩენსა და განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წ. 21 დეკემბერს აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ნ. ხ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960 წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების მიხედვით.

2000 წ. 21 იანვარს საქმეზე შეჩერდა გამოძიება ნ. -ის მიმალვის გამო.

2004 წ. 14 მაისს საქმეზე განახლდა გამოძიება და მეორე დღეს აჭარის ა/რ პროკურატურაში აღიძრა სისხლისსამართლებრივი დევნა ნ. ხ-ს მეუღლის, ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეათე ქვეგანყოფილების უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ი. ქ-ის მიმართ.

წინასწარი გამოძიება ი. ქ-ს მიმართ დამთავრდა 2004 წ. 10 აგვისტოს და საქმე საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, ხოლო ნ. -ის მიმართ კი საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და გამოძიება შეჩერდა მის დაძებნა-დაკავებამდე.

საბრალდებო დასკვნით ი. ქ-ეს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ანგარებათა და სისტემატურად, მანვე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა თაღლითობა. ყოველივე ეს გამოიხატა შემდეგში:

ი. ქ-ძე მუშაობდა რა ქ. ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოსმე-10 ქვეგანყოფილების უფროსად, თავის მეუღლესთან _ ნ. ხ-თან ერთად განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, თაღლითობის გზით, მოტყუებით, მოქალაქეთა ქონების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ მიზნით 1998 წ. 4 ივნისს მან და ნ. ხ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში რეგისტრაციაში გაატარეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “---”. ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ბანკის ლიცენზიის მიღების გარეშე, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით დაიწყეს საბანკო და საკრედიტო საქმიანობა, რომლის დროსაც მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ შემოტანილ ფულად თანხებზე გადაუხდიდნენ დივიდენდს და, მოთხოვნის შესაბამისად, დაუბრუნებდნენ ძირითად თანხას. მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით ი. ქ-ძე არწმუნებდა მათ, რომ შინაგან საქმეთა ორგანოებში მას ეკავა დიდი თანამდებობა და რაიმე პრობლემა თანხის დაბრუნებაში არ ექნებოდათ. აღნიშნული დაპირებათა და ამ საქმიანობის დასაწყისში მოქალაქეეებისათვის პროცენტის დროულად გადახდით მოიპოვეს ნდობა და მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხები. ამის შემდეგ ი. ქ-ემ სისრულეში მოიყვანა თავისი და მეუღლის განზრახვა და 1998 წ. ივნის-ოქტომბერში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 173 მოქალაქის კუთვნილ 790000 ამერიკულ დოლარს, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ზემოაღნიშნულ დანაშაულში ი. ქ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი _ მე-2 ნაწილებით (1960 წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით), აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

2004 წ. 12 ოქტომბერს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში ბათუმის საქალაქო პროკურატურიდან ი. ქ-ის მიმართ შევიდა მეორე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით.

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2004 წ. 18 ოქტომბრის განჩინებით ზემოაღნიშნული ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად, ხოლო იმავე კოლეგიის 2004 წ. 1 დეკემბრის განაჩენით ი. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იმავე თარიღის განჩინებით მეორე საქმე ი. ქ-ის მიმართ სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით, ასევე იმავე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებათა ნაწილში (თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თაღლითობა) დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა აჭარის პროკურატურას.

განაჩენის მიხედვით, ი. ქ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მუშაობდა რა ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის მეათე ქვეგანყოფილების უფროსად და იყო საჯარო მოხელე, 2004 წ. იანვარში ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება თავისი ნათესავის _ ბ. შ-ს ინტერესების დასაცავად. სახელდობრ _ მოქალაქე მ. შ-ეს ჰქონდა ბ. შ-ის ვალი, რაც, გარკვეული დროის გასვლის მიუხედავად, მან ბ. შუშანიძეს ვერ გადაუხადა. ვალის აღებაში დახმარებისათვის ბ. შ-ემ მიმართა ი. ქ-ეს, რომელმაც პოლიციელ ზ. დ-ის მეშვეობით მ. შ-ძე წარადგინა პოლიციის ქვეგანყოფილებაში და მოსთხოვა ვალის გადახდა. ვინაიდან მ. შ-ეს იმ დროს არ ჰქონდა ვალის გადახდის საშუალება, ის აიძულა, მოეხსნა თავის სახლში დამონტაჟებულითანამგზავრული ტელეაპარატურის მოწყობილობა და მიეტანა პოლიციაში, რაც დაუბრუნდებოდა 10 დღის განმავლობაში, თუკი ვალს გადაიხდიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აპარატურას გადასცემდა ბ. შ-ეს. ტელეაპარატურის წამოსაღებად მან მ. შ-ეს გააყოლა პოლიციის თანამშრომელი და ამ უკანასკნელის მეშვეობით აპარატურა გადმოიტანა ი. ქ-ს კაბინეტში. 10 დღის შემდეგ, იმის გამო, რომ მ. შ-ემ ვალი ვერ გადაიხადა, ი. ქ-ემ აპარატურა გადასცა ბ. შ-ეს. ი. ქ-ის ამ ქმედებით მ. შ-ემ განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. უკანონოდ ჩამორთმეული ტელეაპარატურა მას დაუბრუნდა რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა ორგანოში მრავალი საჩივრის შეტანის შედეგად.

მსჯავრდებული ი. ქ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს უდანაშაულობის მოტივით მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

ადვოკატ ა. ქ-სა და მსჯავრდებულ ი. ქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს თაღლითობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდების ნაწილში საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ი. ქ-ის უდანაშაულობის გამო პატიმრობიდან გათავისუფლებას.

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ი. ქ-ის ბრალდების საქმის ხელახლა იმავე სასამართლოს კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.

პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ ი. ქ-ის დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ-ემ მხარი დაუჭირა დაცვის მხარის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს, ასევე, კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მათი დაკმაყოფილება.

დაზარალებულმა რ. შ-ემ და დაზარალებულ ნ. შ-ის წარმომადგენელმა მ. შ-ემ მხარი არ დაუჭირეს საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენი და განჩინება მსჯავრდებულ ი. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

დაზარალებულმა ი. ვ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრებს, ითხოვა რომ მას აუნაზღაურდეს დანაშაულით მიყენებული ზიანი.

პროკურორმა პ. მ-ემ მხარი დაუჭირა პროკურატურის მიერ შეტანილ კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ მსჯავრდებულ ი. ქ-ის მიმართ 2004 წ. 1 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი დარჩეს უცვლელად, ხოლო განჩინება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ გაუქმდეს და ბრალდების ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა ი. ქ-ის ბრალდების საქმის მასალები როგორც მისი მსჯავრდების ნაწილში, ასევე, დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის პროკურატურისათვის დაბრუნების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ი. ქ-ს ბრალდების საქმის მასალებში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე პალატა თვლის, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა დაზარალებულ მ. შ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც დასტურდება დაზარალებულისა და მოწმე ე. გ-ის ჩვენებებით, ასევე არაპირდაპირ _ თვით ი. ქ-ის ჩვენებებითაც. ამრიგად, აღნიშნულ ბრალდებასთან მიმართებაში არსებობს სრულიად საკმარისი სარწმუნო მტკიცებულებები ი. ქ-ს ბრალეულად ცნობისათვის, ხოლო ამ უკანასკნელისა და მისი დამცველის ალ. ქ-ის პრეტენზიები კოლეგიის განაჩენის თაობაზე დაუსაბუთებელია, რის გამოც მათი საკასაციო საჩივრების მოთხოვნა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული. პალატას სამართლიანად მიაჩნია კოლეგიის მიერ ი. ქ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი.

პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინებას, რომლითაც საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი-მეორე ნაწილებისა (1960 წ. 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ბრალდების ნაწილში სისხლის სამართლის საქმე ი. ქ-ის მიმართ დაბრუნდა დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად. კოლეგიის განჩინებაში სწორად არის მითითებული იმ ხარვეზებზე, რომლებიც მოცემულ საქმეზე იქნა დაშვებული წინასწარი გამოძიების დროს, ასევე მართებულად არის ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ გამოძიების ჩატარებისას არ იყო დაცული საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. საგულისხმოა ისიც, რომ გამოძიების დროს არ დაკმაყოფილდა დაზარალებულთა საფუძვლიანი მოთხოვნები ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობდა ჭეშმარიტების დადგენას. დამატებითი გამოძიების მეშვეობით უნდა გაირკვეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ვერ მოხერხდება საქმის სასამართლო განხილვისას და რის გარეშეც შეუძლებელი იქნება საქმეზე ობიექტური და კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბოლოოდ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ ი. ქ-ის ბრალდების საქმეზე 2004 წ. 1 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი და განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ქ-ის, პროკურორ ს. კ-სა და ადვოკატ ა. ქ-ის საკასაციო და კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წ. 1 დეკემბრის განაჩენი და განჩინება მსჯავრდებულ ი. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.